სხვა

17:11 | 20.10.2017 | ნანახია 2815 - ჯერ

ევრო თასი | ‘ბათუმის’ შემადგენლობა ‘ჰაიდელბერგთან’

ევროპული რაგბის „კონტინენტის ფარის“ მეორე ტურის მატჩს ‘ბათუმი’ იმავე სასტარტო თხუთმეტეულით იწყებს, რომლითაც ერთი კვირის წინ იტალიაში ‘როვიგოს’ დაუპირისპირდა.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დავით გუგუშვილმა მარქაფაში ორი ცვლილება განახორციელა: ტრავმა მოიშუშა და თადარიგშია ბურჯი ტარიელ დონაძე, ახალი სახეა მეორეხაზელი ზურა ბეჟანიძეც.

პირველ ტურში ‘ბათუმი’ ‘როვიგოს’ მაგრად ეომა, მეტოქეს 4 ლელო გაუტანა და მცირედით ჩამორჩა (27:31), რისთვისაც ჯამში 2 ბონუს-ქულა დაისაკუთრა და პლეი ოფში გასვლის კარგი შანსი აქვს, ოღონდ ამისათვის ‘ჰაიდელბერგის’ დამარცხება მართებს. გერმანალებმა პირველ ტურში იტალიის ჩემპიონ ‘კალვიზანოს’ უმასპინძლეს და 23:19 დაამარცხეს.

‘ბათუმის’ მზადებისა და მეტოქის ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ მთავარ მწვრთნელ დავით გუგუშვილს ვესაუბრეთ:

„იტალიიდან კვირას დავბრუნდით და მომავალი თამაშისთვის მზადება ორშაბათს დავიწყეთ. ეს დღე უმთავრესად აღდგენას დაეთმო, გავიარეთ ჩვენი თამაშის ვიდეო-ანალიზი და მზადება ამის მიხედვით დავგეგმეთ. მეორე დღეს ვნახეთ ‘ჰაიდელბერგისა’ და ‘კალვიზანოს’ შეხვედრის ჩანაწერი. გერმანელები კონტრშეტევაზე თამაშობდნენ, ცდილობდნენ დაცვის ხაზი კარგად ჰქონოდათ დალაგებული, რაქებში არ ჩადიოდნენ, თუმცა სადაც შანსი ქონდათ, მეტოქეს ბურთს უნელებდნენ.

ვფიქრობ, იტალიელებმა მეტოქე სათანადოდ არ დააფასეს და ეს თამაში ამის გამო წააგეს. ‘ჰაიდელბერგის’ თამაშიდან გამომდინარე გარკვეული საშინაო დავალებები მოვამზადეთ და მათი სისუსტეების გამოყენებას ვეცდებით. ვფიქრობ, მეტოქეს უნდა ვაჯობოთ შერკინებაში და თუ ‘როვიგოსთან’ თამაშის ტემპს შევინარჩუნებთ, აქაც უპირატესობა გვექნება. გავდივართ მოსაგებად და თუ ყველაფერი კარგად აეწყო, ვეცდებით ბონუს-ქულაც მოვიპოვოთ.

მთელი ბათუმი მობილიზებულია და ყველა ხვალინდელ 3 საათს ელოდება. ვარჯიშზეც იგრძნობოდა გულშემატკივრის თანადგომა და ვფიქრობ, შეხვედრა სრული ანშლაგით ჩაივლის“.

კონტინენტის ფარი | II ტური

21 ოქტომბერი. ბათუმი. „რაგბი არენა“. 15 საათი

ხაზი (ბექები)

15. ბახვა კობახიძე, 14. ალექსანდრე ტუჩაშვილი, 13. გიორგი გოგიტიძე, 12. ბექა ურჯუკაშვილი, 11. დურმიშხან ჯაბნიძე, 10. ლაშა ხმალაძე, 9. ზურაბ თუთბერიძე;

შერკინება (ფორვარდები)

1. ირაკლი კვანტიძე, 2. ბექა მამრიკიშვილი, 3. შოთა გოგისვანიძე, 4. ამირან მიქაძე, 5. სანდრო ქოიავა, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. არჩილ ალიქაძე, 8. ხვიჩა ბუჯიაშვილი.

მარქაფა: 16. გიორგი მენაბდე, 17. ზურა ერისთავი, 18. ტარიელ დონაძე, 19. ზურა ბეჟანიძე, 20. ვანო ფუტკარაძე, 21. ნიკა ნინიძე, 22. მანუჩარ გრიგოლია, 23. დავით ტრაპაიძე.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
19:30 | 20.10.2017
ogafa (407)

წარმატებები

0.088699