ჭაბუკთა "ბ"

13:01 | 20.10.2017 | ნანახია 2269 - ჯერ

ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგა | მინი ფინალი დიდი რაგბის ელემენტებით

ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგის მეორე ფინალისტი მესამე მასივში, ‘ლელოსა’ და ქუთაისის ‘მწვანე აიას’ დაპირისპირებაში გაირკვა. შეხვედრამ არნახული ინტერესი გამოიწვია. მრავალრიცხოვან ქომაგთა შორის არაერთი ცნობილი მორაგბე და სპეციალისტი იმყოფებოდა.

დათო გორდულაძის შეგირდები ურთულესი ამოცანის წინაშე იდგნენ. რიონისპირელებს ფინალში გასასვლელად გამარჯვება პრემიით ან სულ მცირე 16-ქულიანი სხვაობით მართებდათ. პირველი ტაიმი ჩემპიონის უპირატესობით წარიმართა. თავიდან ‘ლელოს’ ფულბეკ კობა ირემაშვილს ხელსაყრელი პოზიციიდან 2 ჯარიმა გაუცუდდა, რითაც რიონისპირელებმა ისარგებლეს და მგეზავ ბაკურ კუხალაშვილის ჯარიმით მატჩში პირველი ქულები აიღეს. თორნიკე ბუბუტეიშვილის შეგირდებმა ტემპს უმატეს, კონტაქტურ თამაშში მეტოქეს აჯობეს. ჯერ მასპინძელთა ჰავბეკ ლუკა არჩვაძის დიდებულად გადაკიდებული ოვალი კობა ირემაშვილმა ძელებს შუა დადო, ორიოდე წუთის შემდეგ კი ‘ლელოს’ ჰუქერმა გიორგი კახნიაშვილმა აგორებული მოლი ლელოდ აქცია და შესვენებაზე ჩემპიონი 9-ქულიანი უპირატესობით (12:3) წავიდა.

მეორე ტაიმი ‘აიას’ გააფთრებული იერიშებით დაიწყო. მართალია, ‘ლელოს’ უკანა ხაზი თავს მედგრად იცავდა ,უამრავი ეფექტური ბოჭვაც შეასრულა, თუმცა გორდულაძის ბიჭების 5-წუთიანი შტურმი ბურჯ გელა მუშკუდიანის ლელოთი დაგვირგვინდა. წარმატებით ფრთაშესხმულმა სტუმრებმა რამდენიმე წუთში კიდევ 2 ლელოს გატანა მოახერხეს. ჯერ ‘აიას’ ფულბეკმა დათო გასვიანმა გამოიჩინა თავი, შემდეგ კი მეტოქის ხაზის უხეში შეცდომით რიონისპირელთა შუამარბმა თემურ კოხოძემ იხეირა 12:22. ‘აიას’ ფინალამდე 6 ქულაღა აშორებდა, როდესაც გასვიანმა მეტოქის გარემარბ დათო იმნაძეს ბურთი საკუთარ ლელოში უდრტვინველ სიტუაციაში ‘ჩააბარა’. ‘აიამ’ კიდევ ერთხელ გაიბრძოლა. მეტოქის ბურჯ დავით აბდუგელიშვილის სინბინის შემდეგ რიცხობრივი უპირატესობა თემურ კოხოძემ გამოიყენა, თუმცა ქუთათურებს დრო გადამწყვეტი ქულების მოსაპოვებლად აღარ ეყოთ. ‘აიამ’ 27:19 მოიგო და სატურნირო ცხრილში ‘ლელოს’ გაუთანაბრდა, თუმცა ურთიერთშეხვედრებში უკეთესმა ბალანსმა ლელოს ფინალის საგზური არგუნა. გუნდებიც და ლიანგიც სტადიონს კმაყოფილნი ტოვებდნენ. ‘ლელოს’ ტიტულის შესანარჩუნებლად ერთი ნაბიჯიღა აშორებს. ‘აიამ’ კი ღირსეული რევანში აიღო და თან ბიჭებმა მეორე ტაიმში გორდულაძის დავალება პირნათლად შეასრულეს. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ‘აიას’ მორკინალების ლევან კუჭავასა და გიორგი ქიმუცაძის საუცხოო თამაში. ქომაგმა მორაგბეთა ასაკობრივი ფაქტორის გათვალისწინებით უმაღლესი კლასის თამაში იხილა, რომლის ეპიზოდები დიდი ათის გამორჩეულ შეხვედრებსაც კი დაამშვენებდა. სპეციალისტებმა განვლილი მატჩი მიმდინარე პირველობის საუკეთესო შეხვედრად შერაცხეს.

სატიტულო შეხვედრის მეორე მონაწილე ‘ხომლმა’ ფოთში, ‘კოლხი რაინდებს’ უკონტაქტო, ლაღ, გაშლილ, ხელით თამაშში 12 ლელო დაუდო და მასპინძლები ‘მშრალი’ ანგარიშით 76:0 გაანადგურა. ხვამლელთა ფრთის მოთამაშე ბაჩანა მონიავამ ‘პოკერი’(4 ლელო) შეასრულა, ფუბბეკმა ირაკლი ბებიამ კი ‘ჰეთ-თრიკი’(3 ლელო)მიითვალა. დამაჯერებელი გამარჯვების ა და ჩინებულ სპორტულ ფორმაში ყოფნის მუხედავად ‘ხომლის’ დამრიგებელ დავით ცხვედიანს ფინალში 2 წამყვანი მოთამაშის, ტრავმირებული კაპიტნის, შუამარბ ზურაბ ლუტიძისა და დისკვალიფიცირებულ მარბიელ ტარიელ გვიმრაძის არყოლა აშფოთებს. გადამწყვეტ ეტაპზე მონაწილეთა შორის ‘ხომლი’ ყველა მაჩვენებლით საუკეთესო გახლდათ. ცხვედიანის ბიჭებმა ექვსივე შეხვედრა პრემიით მოიგეს. ყველაზე მეტი-387 სათამაშო ქულა დააგროვეს და მეტოქეებს მხოლოდ 11 ქულის აღების შესაძლებლობა მისცეს.

‘არმაზი’ ქუთაისში ‘შავ აიას’ ძირითადის 5 მოთამაშის გარეშე ეწვია, თუმცა ბორის აბაშიძისა და ნიკა პინაიშვილის შეგირდებს გამარჯვების მოპოვება არ გაჭირვებიათ. სტუმრებს გაშლილი, ხელით თამაში კარგად გამოსდიოდათ. ვაზისუბნელებმა მასპინძლებს 5 ლელო გაუტანეს და მეტოქე 33:0 დაამარცხეს. ‘არმაზის’ შუამარბმა გივი ცინცაძემ ‘დუბლი’ შეასრულა. გადამწყვეტ ეტაპზე ‘არმაზმა’ 4 შეხვედრა მოიგო, ‘ო’ ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედლისთვის გადამწყვეტ შეხვედრაში ‘მწვანე აიას’ დაუპირისპირდება.

გადამწყვეტი ეტაპი ‘შევარდენზე’ ‘თბილისისა’ და ბორჯომის ‘თორთის’ შეხვედრით დასრულდა. მიხეილ ბურძგლას შეგირდებმა ‘კარი გაიჯახუნეს’ , სამცხელები ყველა სარაგბო კომპონენტში დაჯაბნეს, 8 ლელო გაიტანეს და მეტოქეს 48:0 სძლიეს. ‘დუბლი’-‘თბილისის’ კაპიტან, მარჯვენა ბურჯის ნიკალა ფიროსმანაშვილის ანგარიშსზეა.

ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგის მიმდინარე სეზონის დასკვნით შეხვედრებს ნოემბერში თბილისი უმასპინძლებს. ბრინჯაოს მედლის მოსაპოვებლად ‘მწვანე აია’ და ‘არმაზი’ იბრძოლებენ. სატიტულო შეხვედრაში კი ერთმანეთს ‘ლელო’ და ხომლი’ დაუპირისპირდებიან.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.083822