13:54 | 13.10.2017 | ნანახია 1089 - ჯერ

ჭაბუკთა “ბ” ლიგა: მეორე ფინალისტი ბოლო ტურში გაირკვევა

ჭაბუკთა “ბ” ლიგის მეორე ფინალისტი, გადამწყვეტი ეტაპის დასკვნით ტურში გამოვლინდება. “ნ” ჯგუფის ლიდერი “ლელო” მესამე მასივში, მდევარ “მწვანე აიას” უმასპინძლებს. რიონისპირელებს ფინალში თამაშის უფლების მოსაპოვებლად პრემიით, ან სულ მცირე 16 ქულის სხვაობით მოგება აძლევთ ხელს, როცა დიდ დიღმელები არამარტო ჯგუფის, პირველობის მთავარ ფავორიტად მიიჩნევიან.

თორნიკე ბუბუტეიშვილის შეგირდები მეხუთე ტურში, დედაქალაქურ დერბიში “თბილისს” “შევარდენზე” დაუპირისპირდნენ და მეტოქეს 7 უპასუხო ლელოც გაუტანეს 49:0. ჩემპიონის რიგებში კობა ირემაშვილი გამოირჩა. “ლელოს” ფულბეკმა ლელოს გატანაც მოახერხა, 7-ივე გარდასახვა ზუსტად შეასრულა და თან მოლიდან ოვალი სწრაფად და უნარიანად ამოჰქონდა. “ლელო” მასპინძლებს სისწრაფეში, ხელით თამაშით და ღონითაც ჯაბნიდა. ჩემპიონი, ასევე გაუვალი დაცვით, ხშირი და ეფექტური ბოჭვითაც გამოირჩა. ბოჭვებსა და შეტევაში, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია “ლელოს” მარბიელ თორნიკე ზაქარიაძის და ბურჯების: ირაკლი მჭედლიძისა და დავით აბდუშელიშვილის კარგი თამაში. “თბილისს” ფარ-ხმალი მატჩის ბოლომდე არ დაუყრია. გამოცდილი დამრიგებელი მიხეილ ბურძგლა მოძალებული ტრავმებისა და მწირი ცოცხალი რესურსის ქონის მიუხედავად, მომავალი სეზონისთვის პრაქტიკულად ახალი, საკუთარი სათამაშო ხელწერის მქონე გუნდის შექმნის საფუძველის დადებას ამთავითვე ეშურება, რაც “თბილისს” მატჩის რიგ ეპიზოდებში არცთუ ურიგოდ გამოსდის.

ამავე ჯგუფში, “მწვანე აიამ” ასევე იოლი გამარჯვება მოიპოვა და ჩემპიონს სატურნირო ცხრილში კვლავ 4 ქულით ჩამორჩება. დავით გორდულაძის ბიჭებმა მამაქალაქში ბორჯომის “თორთს” 12 ლელო გაუტანეს და 74:3 იმარჯვეს. გიორგი ქიმუცაძემ, თემურ კოხოძემ და ზურაბ წიქორიძემ “დუბლი” შეასრულეს. განსაკუთრებით კარგი თამაშით კი “აიას” ფულბეკი დავით გასვიანი და მღლეტელი გიორგი სინაურიძე გამოირჩნენ. საბა ახობაძის შეგირდთა მხრიდან ყველაზე უკეთ ჰავბეკი ლევან ხუციშვილი გაისარჯა. მგეზავმა ჯემალ დოიჯაშვილმა კი ლამის ერთადერთი შანსი გამოიყენა და გატანილი ჯარიმით “თორთი” მშრალი ანგარიშით მარცხისაგან იხსნა.

“ო” ჯგუფის გამარჯვებულმა და პირველობის პირველმა ფინალისტმა “ხომლმა”, პირველი წრის შეხვედრის მსგავსად, “შავი აია” მშრალი ანგარიშით, ამჯერად 64:0 დაამარცხა. დავით ცხვედიანის შეგირდებმა 10 ლელო გაიტანეს. “დუბლი”- მესამეხაზელ გიორგი ვარდოსანიძის აქტივში. “ხომლი” სატიტულო შეხვედრას დიდი დანაკლისით ხვდება. საბოლოოდ გამოირიცხა ხვამლელთა ტრავმირებული ლიდერის და კაპიტნის, შუამარბ ზურაბ ლუტიძის თამაში. დავით ცხვედიანი ფინალში, დისკვალიფიცირებულ ლაშა გოგოშვილსა და ტარიელ გვიმრაძესაც ვერ დაიხმარს, რის გამოც “ხომლის” თავკაცს ძირითადი შემადგენლობის იძულებით გადაწყობა მოუხდა. “აიასთან” შეხვედრაში მარბიელის ფუნქციის შესრულება, ფრთის მოთამაშე საბა კურტანიძეს დაეკისრა, შუამარბის პოზიციაზე კი ლუკა ცხვედიანი ირჯებოდა. კურტანიძემაც და ცხვედიანმაც სადებიუტო ამპლუას თავი წარმატებით გაართვეს. აღსანიშნავია, რომ ფინალური შეხვედრის ერთგვარ გენერალურ რეპეტიციას “ხომლი” ოქტომბრის მიწურულს, დედაქალაქში უელსელ თანატოლებთან ამხანაგურ შეხვედრაში გაივლის.

გადამწყვეტი ეტაპის ბოლოსწინა ტური კოლხური დრამით დასრულდა. “კოლხი რაინდები” ფაზისში “არმაზს” დაუხვდნენ. წარმატების შემთხვევაში მასპინძლები ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსს ინარჩუნებდნენ. “რაინდები” საგრძნობ უპირატესობას ფლობდნენ. კოლხებმა ბურთზე კონტროლი თავიდანვე დააწესეს, ვაზისუბნელებს შერკინებაშიც აჯობეს და არც ხაზში თამაშში მოიკოჭლეს. სოლიდური უპირატესობის მიუხედავად, მასპიძლები ზეაკადემიურად ირჯებოდნენ, რის გამოც ფულბეკ ნიკოლოზ ხარბედიას კინკილა ლელოს დასჯერდნენ. “რაინდებს” გადამეტებულმა ინდივიდუალურმა თამაშმა ცუდი სამსახური გაუწია. ნაოპერაციევ ზურაბ აფხაზავას დროებით შემცვლელი ლეგენდარული “პიკასო”( ამირან შავგულიძე) ამაოდ ცდილობდა კოლხი ჭაბუკების თამაშის სასურველ რიტმში დაბრუნებას. ფოთელთა ლიდერი ლუკა მატკავა, მართალია გუნდს უნარიანად უძღვებოდა, თუმცა მასპინძელთა მგეზავს სამიზნემ უმტყუნა. მატკავამ გარდასახვასთან ერთად 4 ჯარიმა გააცუდა(მ.შ-ის 2 უაღრესად ხელსაყრელი პოზიციიდან). “არმაზის” მგეზავმა გივი ცინცაძემ კი 3 საჯარიმო გაიტანა და ტურის მწირქულიან შეხვედრაში ბორის აბაშიძის გუნდის გამარჯვება 5:9 დააფიქსირა. ბრინჯაოს მედლისთვის მატჩში მონაწილეობისთვის, “არმაზს” დასკვნით ტურში, ჯგუფის ღრმა აუტსაიდერ “შავ აიასთან” ქუთაისში ნუგეშ-ქულის აღებაც ჰყოფნის.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.125886