სხვა

16:21 | 10.10.2017 | ნანახია 2026 - ჯერ

ევრო ტურნირები | ბათუმის მეტოქეები - როვიგო (იტალია)
მზადება ‘კონტინენტის ფარისთვის’

მომავალ შაბათს საქართველოს ვიცე-ჩემპიონი ‘ბათუმი’ ევროპული რაგბის „კონტინენტურ ფარზე“ თავის სადებიუტო შეხვედრას გამართავს. 14 ოქტომბერს, თბილისის დროით 17 საათზე, ზღვისპირელები სტუმრად იტალიურ ‘როვიგოს’ ხვდებიან.

რას წარმოადგენს ‘როვიგო’

როვიგო ქალაქია იტალიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ვენეტოს რეგიონში და იქ რაგბის თამაში 1935 წელს დაიწყეს. საპორტო ქალაქში ოვალური ბურთი სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტმა დინო ლანძონიმ ჩაიტანა და თანამოაზრეთა მრავალრიცხოვანი არმიაც მალევე გაიჩინა. გუნდი იტალიის ჩემპიონატში ჩაება და ფორმის ფერებად ლურჯი და წითელი შეარჩია. გადმოცემის თანახმად, ლანძონიმ ზაფხულის არდადეგები საფეხბურთო კლუბ ‘ბოლონიას’ წარმომადგენლებთან ერთად გაატარა, მათ ‘როვიგოსთვის’ მცირედი ფინანსური დახმარება სთხოვა და თანხმობის შემდეგ სათამაშო ფორმის ფერად ამავე კლუბის ფერები შეარჩია. როგორც სარაგბო კლუბებს ჩვევიათ, ‘როვიგოს’ ამფერებისთვის არასდროს უღალატია და ახლაც ლურჯ-წითელი მაისურებით თამაშობს.

1938/39 წლებში ‘როვიგომ’ პირველი ტიტული მოიგო - იტალიის თასი, 1949 წელს კი, პირველად ითამაშა ქვეყნის ჩემპიონატის ფინალში. 1950/51 წლების სეზონიდან მათ ზედიზედ ოთხჯერ იზეიმეს პირველობა; 1962-1964 წლებში ზედიზედ სამჯერ მოიგეს მთავარი პრიზი; 1976 წელს კი, კიდევ ერთხელ შემართა “სკუდეტო”. 1977 წელს ‘როვიგომ’ რეგულარული გათამაშება პირველ ადგილზე დაასრულა, მაგრამ პლეი ოფში ვერ ივარგა და ჩემპიონის სახელი 1978/79 წლებში დაიბრუნა. 1987/88 წლებში ‘როვიგომ’ ფინალში ‘ტრევიზო’ 9:7 დაამარცხა და მე-10-ე საიუბილეო გამარჯვება იზეიმა, ხოლო ორი წლის შემდეგ კვლავ ‘ტრევიზოს’ ძლევით კიდევ ერთხელ გახდა ქვეყნის ჩემპიონი.

90-იან წლებში ‘როვიგო’ იტალიური რაგბის მწვერვალზე იყო, მაგრამ გადამწყვეტ მატჩებს- ფინალსა და ნახევარფინალებს უმეტესად ‘ტრევიზოსთან’ თმობდა. გუნდი, რომელიც იტალიის ჩემპიონატის უმაღლესი დივიზიონიდან არასდროს დაქვეითებულა, 90-იანი წლებიდან დღემდე ოთხეულს მიღმა არასდროს დარჩენილა და 2016 წელს, 26-წლიანი პაუზის შემდეგ, ქვეყნის ჩემპიონი მე-12-ედ გახდა. ეს იტალიური შიდა რაგბის ისტორიაში მესამე მაჩვენებელია - ‘მილანი’ ჩემპიონი 18-ჯერ იყო, ‘ტრევიზო’ 15-ჯერ, ხოლო ‘როვიგო’ და ‘პეტრარკა’ 12-12-ჯერ.

‘როვიგოს’ შემადგენლობაში იტალიისა და სხვა წამყვანი სარაგბო ქვეყნების ეროვნული გუნდების არაერთ კანდიდატს უთამაშია. 2000-იანი წლების დასაწყისში ამ კლუბის ღირსებას ბორჯღალოსნები - აქვსენტი გიორგაძე, ილია ზედგინიძე და ბესიკ ხამაშურიძე იცავდნენ.

ნაცნობი მეტოქე

როგორც იტალიის ერთ-ერთი წამყვანი კლუბი, ‘როვიგო’ რეგულარულად თამაშობდა ევროპის „ჩელენჯ ქაფზე“ მაგრამ სხვა იტალიური კლუბების მსგავსად, ღირებულისთვის არასდროს მიუღწევია. შედეგად, ევროტურნირების ფორმატის ცვლილებამ ისიც „შეიწირა“ და „ჩელენჯ ქაფის“ საკვალიფიკაციო ტურნირზე დაქვეითდა, რომელიც ახლა „კონტინენტურ ფარად“ იწოდება.

2014 წელს ‘როვიგოს’ „ჩელენჯ ქაფის“ საკვალიფიკაციო პლეი ოფში საქართველოს კლუბების ნაკრებთან, ‘თბილისის კავკასიელებთან’ მოუწია შეხვედრა. პირველი მატჩი იტალიაში შედგა და ის ქართველთა გამარჯვებით სრულდებოდა, თუმცა ალალ ბედზე ფეხით შეცურებული ბურთი შალითიდან უხერხულად ასხლტა და იტალიურმა კლუბმა 22:18 იმარჯვა.

განმეორებითი მატჩი „მიხეილ მესხზე“ შედგა. ‘კავკასიელების’ რევანშის იმედად ტრიბუნებზე 7 ათასამდე მაყურებელი შეიკრიბა. თამაში კარგად ვერ აეწყო, თუმცა დასკვნით წუთებში ლაშა ხმალაძემ გაიბრწყინა და ორი ინდივიდუალური ლელოთი მატჩის გადარჩენის შანსი გაჩნდა, თუმცა დარჩენილი დრო საკმარისი არ აღმოჩნდა და სტუმრებმა განმეორებითი შეხვედრა 24:21 მოიგეს.

‘კავკასიელების’ იმ შემადგენლობიდან დღეს ‘ბათუმში’ 3 მორაგბე თამაშობს - 2 ლელოს ავტორი ხმალაძე, სანდრო ქოიავა და გიორგი თხილაიშვილი.

თანამედროვე ‘როვიგო’

‘კავკასიელების’ ბარიერის გადალახვის შემდეგ, ‘როვიგომ’ 3-ჯერ ითამაშა „ჩელენჯ ქაფის“ შესარჩევი ტურნირი და სამივეჯერ დამარცხდა. მიუხედავად ამისა, კლუბში სწამთ, რომ გუნდს მეტის მიღწევა შეუძლია და იმედებს ახალ ზელანდიელ მთავარ მწვრთნელზე, ჯო მაკდონელიზე ამყარებენ.

მას სუპერ რაგბის ფრაჩიზებში - ‘ჰაილენდერსა’ და ‘ჰარიკეინზში’ უთამაშია, 8-ჯერ მოირგო „ოლ ბლექსის“ კვართი, ხოლო ‘როვიგოს’ სამწვრთნელო შტაბში 2013 წლიდან გამოჩნდა და 2016 წელს მთავარი მწვრთნელი გახდა. შარშან მან გუნდს ჩემპიონატი მოაგებინა, თუმცა გასული სეზონი ასეთივე წარმატებული ვერ გამოდგა. გუნდმა რეგულარული გათამაშება მესამე ადგილზე დაასრულა, პლეი ოფში ‘პადოვას’ ორივე მატჩში აჯობა, მაგრამ ფინალში ‘კალვიზანოსთან’ ვერაფერს გახდა და 29:43 დამარცხდა.

იტალიის ჩემპიონატის ახალი სეზონი სექტემბრის მიწურულს დაიწყო და გუნდმა სამი თამაში ჩაატარა. ‘რეჯიოსთან’ სტუმრად გამარჯვების შემდეგ (25:16), ‘როვიგომ’ ‘ფიამე ორო’ მიიღო და 19:13 სძლია, 7 ოქტომბერს კი ‘სან დონას’ ეწვია და სეზონის პირველი მარცხი იწვნია - 17:24.

შემადგენლობას თუ გადავხედავთ, ‘როვიგოს’ რამდენიმე ლეგიონერი ყავს, მათ შორის ახალ ზელანდიელი, სამხრეთ აფრიკელი და ორი ინგლისელი.

‘ბათუმთან’ მატჩის შემდეგ, ‘როვიგო’ 21 ოქტომბერს იტალიურ დერბიში ‘პეტრარკას’ შეხვდება, 9 დეკემბერს პორტუგალიის ჩემპიონს, ‘ლისაბონის უნივერსიტეტს’ მასპინძლობს, ხოლო ჯგუფურ ეტაპს 16 დეკემბერს ‘კალვიზანოსთან’ მატჩით ასრულებს.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
14:54 | 11.10.2017
პანტელეიმონი (1218)

იმედია "ბათუმი" მიაღწევს წარმატებას "როვიგო"-სთან

20:16 | 10.10.2017
tengocie (60)

იმედია რეპორტაჟი იქნება და ბათუმელთა გამარჯვებას ვიზეიმებთ. ჯგუფიდან უნდა გავიდეთ.

0.078634