12:01 | 30.09.2017 | ნანახია 1365 - ჯერ

ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგა: "ლელო" გალიდერდა, "ხომლი" კი ფინალს მიუახლოვდა

ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგის გადამწყვეტი ეტაპის მესამე ტურის გამორჩეული შეხვედრა ქუთაისში გაიმართა. ‘ნ’ ჯგუფის ლიდერები, ადგილობრივი ‘მწვანე აია’ და მოქმედი ჩემპიონი ‘ლელო’ პირველი წრის გამარჯვებულს ავლენდნენ.

კვლავ გაიბრწყინა ‘ლელოს’ მარბიელმა გიორგი ქობალიამ, ვინაც მასპინძლებს 2 ლელო გაუტანა და თან ამომავალ ვარსკვლავად მიჩნეული სტუმართა 8-ე ნომერის შეჩერება მეტოქის 3 მოთამაშესაც კი უჭირდა. ქობალია მაღალ სისწრაფესთან ერთად, უზადო ტექნიკით, ჯანით და სხარტი, ანალიტიკური აზროვნებითაც გამოირჩევა. ‘ლელოს’ დამრიგებელი თორნიკე ბუბუტეიშვილი თავის მხრივ ყველა ღონეს ხმარობს, რათა მომადლებული ნიჭის მქონე ჭაბუკს მოახლოებული „ვარსკვლავური სინდრომი“ თავიდან დროულად ააცილოს. ჩემპიონი, ჯანიანი მორკინალების ხარჯზე მოლით ძალუმად უტევდა და მასპინძლებს შერკინებაშიც ჯაბნიდა. ‘ლელომ’ მეტოქე პირისპირ ბრძოლაშიც დაჩაგრა. ‘ლელოს’ პირველხაზელებმა ირაკლი მჭედლიძემ და დათო აბდუშელიშვილმა არაერთი ეფექტური ბოჭვა შეასრულეს. ასევე აღსანიშნავია, სტუმართა მესამეხაზელების თორნიკე ზაქარიაძისა და ლადო ტყემალაძის კარგი თამაშიც. ზაქარიაძემ საკუთრივ ლელოც მიითვალა. ბუბუტეიშვილს რვავე განხორციელებულმა შეცვლამაც სრულად გაუმართლა. ‘აიას’ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მასპინძლებმა ბოლომდე იბრძოლეს. შუამარბ დავით გასვიანის გატანილი ლელოთი, დათო გორდულაძის შეგირდებმა პირველ ტაიმში 7:5 დაწინაურებაც კი მოახერხეს. შუამარბი თემურ ქოხოძე და მარბიელი ილია გაბისონია მატჩის რიგ ეპიზოდებში ‘ლელოს’ პრობლემებსაც უქმნიდნენ, რამაც კლასით მაღლად მდგომ მეტოქეს პრემიის აღების შესაძლებლობა არ მისცა. ‘ლელომ’ 25:10 იმარჯვა და ფინალისკენ მძლავრი ნაბიჯიც გადადგა.

ამავე ჯგუფის საწყის 2 ტურში ხელმოცარულნი, ბორჯომის ‘თორთი’ და ‘თბილისი’ ერთმანეთს სამცხე-ჯავახეთში დაუპირისპირდნენ. მასპინძლებმა ტრავმირებული კაპიტანი, ჰავბეკი და პივოტი ლევან ხუციშვილი მოისაკლისეს, ვისი სრულფასოვანი შემცვლელიც საბა ახობაძეს არ ჰყავდა. ტრავმირებულ და დისკვალიფიცირებულ მოთამაშეთა გამო ‘თორთმა’ მარქაფას გარეშე ითამაშა, რაც მასპინძელთა ფიზიკურ კონდიციებზეც აისახა. ბორჯომელებმა 2 ლელოს გატანა მოახერხეს და მეტოქეს ბოლომდე ებრძოლეს. ‘თორთის’ რიგებში აქტიური თამაშით მარცხენა ფრთა არსენ ლაცაბიძე, შუამარბები გრიგოლ გოგოლაძე და კახა სანაია გამოირჩნენ, თუმცა ეს საერთო წარმატების მისაღწევად საკმარისი არ აღმოჩნდა. ‘თბილისი’ თავიდანვე დომინირებდა და მიშა ბურძგლას შეგირდებმა მასპინძლებს 7 ლელო დაუდეს, 39:17 პრემიით იმარჯვეს და გადამწყვეტ ეტაპზე პირველი გამარჯვება და პირველი ქულები მოიპოვეს. დედაქალაქელთა მხრიდან ‘დუბლი’ ერთობ აქტიურმა რატი გიღავამ შეასრულა. სტუმართა რიგებში კარგი თამაშით ასევე, კაპიტანი და შუამარბი ლევან ბრაგვაძე, მხტომელი ბაჩო კიკნაველიძე, ფულბეკი სანდრო თავხელიძე, მარჯვენა ბურჯი ნიკალა ფიროსმანაშვილი და მარჯვენა ფრთა გიორგი ხელიძე გამოირჩნენ. ბურძგლას ბიჭებს, მომდევნო ტურში სტუმრად ‘მწვანე აიასთან’ სერიოზული გამოცდის ჩაბარება მოუწევთ.

‘ო’ ჯგუფის უპირობო ფავორიტმა ‘ხომლმა’ ფოთის ‘კოლხი რაინდებს’ მუხიანში, საკუთარ არენაზე უმასპინძლა. ნაოპერაციევ ზურაბ აფხაზავას არყოფნაში, კოლხებს ლეგენდარულმა ‘პიკასომ’(ამირან შავგულიძე) უთავკაცა. ‘ხომლის’ მთავარმა მწვრთნელმა დათო ცხვედიანმა თამაშზე პრაქტიკულად მეორე შემადგენლობა გაამწესა, რამაც ზღვისპირელებს ტაიმ-ნახევარი სოლიდური წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობა მისცა. ზღვისპირელთა რიგებში კარგი თამაშით მგეზავი ლუკა მატკავა და მარბიელი გიორგი ტერენტიევი გამოირჩეოდნენ. ‘რაინდთა’ შუამარბმა გივი აბესაძემ ‘ხომლს’ ლელოც გაუტანა .‘ხომლმა’ გადამწყვეტ ეტაპზე პირველი ლელო გაუშვა და 3 თამაშში სულ 11 სათამაშო ქულა აქვს მიღებული. ჯგუფის ფავორიტი, დაცვაში ხისტი და საიმედო თამაშით გამოირჩევა. სათამაშო პრაქტიკას მოკლებულმა მასპინძელთა მეორე შემადგენლობამ მღელვარება მეორე ტაიმში დაძლია, წვიმიან ამინდში სრიალა ოვალიც უკეთ დაიმორჩილა და მეტოქე, მორიგი პრემიის თანხლებით 45:5 დაამარცხა. ცხვედიანის ბიჭებმა სულ 7 ლელო გაიტანეს. მარცხენა ფრთის მოთამაშე ბესო თაყნიაშვილმა კი ‘დუბლი’ შეასრულა. გადამწყვეტ ეტაპზე მონაწილე გუნდებს შორის, ‘ხომლი“ ერთადერთია, რომელმაც პირველ წრეში მაქსიმუმი, 15 ქულა დააგროვა და ფინალს თითქმის აღარაფერი აშორებს. მართალია, ფოთელებმა 2-მატჩიან დედაქალაქურ ვოიაჟში ქულის აღება ვერ მოახერხებს, თუმცა საზოგადოებაზე ურიგო შთაბეჭდილება არ დაუტოვებიათ.

ამავე ჯგუფში ‘არმაზმა’ მიჯრით მეორე შეხვედრა პრემიით მოიგო, რითაც ბორის აბაშიძის შეგირდებმა ფინალში მოხვედრის მცირე შანსი შეინარჩუნეს. ‘არმაზი’ ქუთაისის ‘შავი აიას’ ნავთლუღში, ‘შევარდენის’ არენაზე დაუხვდა. მართალია, ალეკო ნიქაბაძის ბიჭებმა სათამაშო ქულის აღება წინა მატჩის მსგავსად, ამჯერადაც ვერ მოახერხეს, თუმცა მეტოქეს ღირსეულად ებრძოლეს და მხოლოდ 5 ლელოს გატანის შესაძლებლობა მისცეს. რიონისპირელთა რიგებში მარჯვენა ბურჯი გიორგი ბოგვერაძე, მხტომელი ლუკა დაჩიბერიძე და მარჯვენა ფრთა მათე მინდიაშვილი გამოირჩნენ. ‘არმაზის’ მხრიდან, მღლეტელმა ლუკა მაჭარაშვილმა ‘დუბლი’ მიითვალა. მგეზავმა გივი ცინცაძემ კი 4 გარდასახვა მახვილი კუთხიდან ზუსტად შეასრულა, მეხუთე კი-ძელს გაარტყა. საბოლოოდ, 33:0 და 10 ქულით ‘არმაზმა’ სატურნირო ცხრილში მეორე პოზიცია გაიმყარა.

4-ე ტურის გამორჩეული შეხვედრა ამჯერად „ო’ ჯგუფში გაიმართება. ‘არმაზი’ ‘ხომლს’ დაუპირისპირდება. ბორის აბაშიძის შეგირდებს ფინალში თამაშის უფლების მოსაპოვებლად პრემიით და თანაც სულ მცირე 30-ქულიანი სხვაობით მოგება მართებთ, რაც მეტოქის სიძლიერიდან გამომდინარე ურთულესს ამოცანას წარმოადგენს.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
21:29 | 02.10.2017
GiorgiG83 (525)

ხვამლი ვიცოდი - ცხვედიანის გუნდი მუხიანში და ეს ხომლი ახალი ყოფილა...

0.093385