თბილისის ‘ლოკომოტივმა’ ‘ლელო-სარასენსთან’ 3-წლიანი და 9-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. 2017/2018 წლების დიდი 10-ის მე-4 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, „რკინიგზელებმა“ მეტოქე 23:15 დაამარცხეს.
დიდ დიღომში გამართული მატჩი კარგი სანახავი გამოდგა. ბოლო წლებია ამ გუნდების დაპირისპირება ჩემპიონატის მშვენებად იქცა და ტრადიცია არც ამჯერად დარღვეულა. მაღალი ტემპი, ლამაზი ლელოები და მომენტები, დაძაბულობა უკანასკნელ წუთამდე - სტადიონზე მისული მაყურებელი უსათუოდ ნასიამოვნები დარჩებოდა.
‘ლოკომოტივმა’ მეტოქეს თავიდანვე მაღალი ტემპი შესთავაზა და პირველ ტაიმში სათამაშო უპირატესობას დაეუფლა. ნომინალური სტუმრები ბურთს აკონტროლებდნენ და ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ. ისინი მძლავრობდნენ შერკინებაშიც და ბექა წიკლაურს ანგარიშის გახსნა ჯარიმიდან შეეძლო, მაგრამ 43 მეტრიდან დარტყმა გაუცუდდა. მან თავისი შეცდომა მე-13 წუთზე გამოასწორა, 22-იდან არეკნი გაიტანა და სტუმრები წინ გაიყვანა.
ტაიმის შუაში წიკლაურს კიდევ ერთი ჯარიმა გაუცუდდა, 37-ე წუთზე კი შეხვედრის პირველი ლელო გავიდა: ‘ლოკომოტივის’ გაუთავებელ შეტევებს ‘ლელო-სარასენსი’ დიდი ხნის განმავლობაში იგერიებდა, თუმცა გიორგი ბეგაძემ ჯარიმა სწრაფად რომ გაითამაშა დაცვის დაწყობა დაუგვიანდა, შებოჭილმა შემტევმა ბურთი დავით ხიდეშელს ამოუგდო და მისი ლელო წიკლაურმა გარდასახა.
‘ლელო-სარასენსმა’ იქვე უპასუხა: თამაშის განახლებისთანავე ბურთი მოიპოვა, მერაბ კვირიკაშვილმა ის ფეხით შეაცურა და სისწრაფეში ყველას აკაკი ტაბუცაძემ აჯობა, ხოლო ირაკლი ყიასაშვილმა გარდასახა - 7:10.
მეორე ტაიმის დასაწყისი კვლავ ‘ლოკომოტივის’ იყო, შერკინებამ ჯარიმა გამოიმუშავა და წიკლაური ზუსტი იყო, თუმცა ‘ლელო-სარასენსმა’ თამაშის გათანაბრება მოახერხა, ახლა უკვე ის დაეუფლა ინიციატივას 54-ე წუთზე კვირიკაშვილმა ინდივიდუალური, ლამაზი ლელო გაიტანა: მან 22-ის ხაზთან მიიღო ბურთი, 5 მბოჭავს ფინტებით დაუსხლტა და ბურთი დაამიწა. ყიასაშვილს გარდასახვა გაუცუდდა, თუმცა 57-ე წუთზე ცენტრიდან ჯარიმა გაიტანა და ‘ლელო-სარასენსი’ 15:13 დააწინაურდა.
ყიასაშვილმა და წიკლაურმა 2 წუთის ინტერვალით ჯარიმები ააცილეს და დასკვნითი 20 წუთი დაიწყო. შეხვედრის დასრულებამდე 10 წუთით ადრე ‘ლოკომოტივმა’ 5-მეტრა დერეფნიდან მოლით შეუტია და მიზნამდე სულ ცოტა აკლდა, როცა მოლი ზურაბ ხორბალაძემ ჩააქცია. მასპინძელთა მეორეხაზელი სინბინით დაისაჯა, შერკინებაში კვირიკაშვილი დადგა და სიტუაცია განიმუხტა, თუმცა რამდენიმე წუთით: ‘ლელო-სარასენსი’ დაჯარიმდა და წიკლაურმა 75-ე წუთზე გატანილი ჯარიმით ‘ლოკომოტივს’ ლიდერობა დაუბრუნა - 16:15.
‘ლელო-სარასენსი’ შეტევაზე გადავიდა, ბურთის გაშლა სცადა, მაგრამ ვახტანგ კავთიძემ გადაცემა ჩაჭრა და ლელომდე ირბინა, ხოლო წიკლაურმა გარდასახა და მასპინძლებს ბონუს-ქულაც არ შეარჩინა.
საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ყოჩაღ