დიდი 10

23:45 | 23.09.2017 | ნანახია 945 - ჯერ

ჩემპიონმა ტემპი აკრიფა
დიდი 10 | ჯიქი 33:3 არმია

საქართველოს ჩემპიონმა გორის ‘ჯიქმა’ პირველ ტურში განცდილი მარცხის შემდეგ ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა. მე-4 ტურში გორელებმა თბილისის ‘არმია’ მიიღეს და ბონუს ქულით დაამარცხეს - 33:3.

ორივე გუნდი აქცენტს სწრაფ, ხელდახელ ბურთაობაზე აკეთებდა და თამაშიც კარგი სანახავი გამოდგა. გორში ძლიერი ქარი ქროდა და ამან ‘ჯიქს’ პირველ ტაიმში საქმე გაურთულა, თუმცა ლიდერობა მაინც მოიპოვა და დასკვნით 20 წუთში კიდევ სამი ლელო გაიტანა.

მასპინძლებს დებიუტშივე შეეძლოთ ლელოს გატანა, გიორგი მჭედლიშვილის მიერ დაწყებული შეტევა შალვა დიდებულიძემ გააგრძელა, თუმცა 5-მეტრიან წყვეტილთან ბურთი დაიკარგა, კონტრშეტევაზე ‘ჯიქი’ დაჯარიმდა და შალვა მახარაშვილმა ანგარიში გახსნა - 0:3. როგორც გაირკვა, ეს იყო ერთადერთი შედეგიანი შეტევა, რომელიც დღეს ‘არმიამ’ განახორციელა.

მასპინძლებმა კიდევ ერთი კარგი შეტევა განახორციელეს, მაღალ სიჩქარეზე 60 მეტრი დაფარეს და ნიკოლოზ ბიწაძე ლელოში შეიჭრა, მაგრამ მცველმა ბრწყინვალე ბოჭვით ბურთის დამიწების საშუალება არ მისცა. ლელო 1 წუთში მაინც გავიდა: 5-მეტრიანი შერკინებიდან ნიკა სუხაშვილმა შეუტია, ორი-სამი დარტყმის შემდეგ კვლავ ბურთი კვლავ სუხაშვილს მიუვიდა და ამჯერად ლელოს მიწვდა. მამუკა ნინიძის გარდასახვა ზუსტი იყო, მერე მან ორჯერ დაარტყა ჯარიმა, ერთი გაიტანა და ტაიმი 10:3 დასრულდა.

მეორე ტაიმის საწყის 20 წუთში ნინიძემ და რეზი ბროძელმა ჯარიმებით ანგარიში გაზარდეს, დასკვნით 20 წუთში კი ლელოების ჯერი დადგა: 61-ე წუთზე დიტო კიკნაძემ ხაზი გაჭრა და ბურთი ალამთან გიორგი წიკლაურმა დაამიწა; 5 წუთში გიორგი ჭყოიძე მცველებს ფინტებით დაუსხლტა და ის ზედ ხაზთან შეაჩერეს, თუმცა რაქიდან კიკნაძემ შეუტია და მის წინააღმდეგ მცველები ვეღარაფერს გახდნენ; უკანასკნელ წუთზე ‘ჯიქმა’ ლელოდან 5 მეტრში ჯარიმას შერკინება არჩია, ამ კომპონენტში მთელი მატჩის განმავლობაში უპირატესობას ფლობდა და საჯარიმო ლელოც გამოიმუშავა - 33:3.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082155