შიდა რაგბი

23:25 | 22.09.2017 | ნანახია 1768 - ჯერ

დიდი 10 | ხარები 17:11 აკადემია

პირველი ლიგიდან დიდ 10-ში დაბრუნებულმა რუსთავის ‘ხარებმა’ ზედიზედ მეოთხე თამაში მოიგო. რუსთაველებმა მე-4 ტურში თბილისის ‘აკადემიას’ უმასპინძლეს და 17:11 დაამარცხეს.

თამაში დაძაბული და კარგი საყურებელი გამოდგა. თითო-თითო გაფუჭებული სალელოვე შანსის შემდეგ, უჩა მჭედლიშვილმა და დავით მოძღვრიშვილმა ჯარიმები გაცვალეს, ხოლო 30-ე წუთზე მაყურებელმა სტუმართა ლამაზი ლელო იხილა.გვერდითი ხაზიდან ბურთის სწრაფად შემოგდების შემდეგ, სოსო მათიაშვილმა ანზო სიჭინავას სისწრაფეში უპასა, მანაც დაახლოებით 20 მეტრი განდაგან ირბინა და დაუცველ ლელოში იოანე ხელაია შეუშვა. გარდასახვა არაზუსტი იყო მალე მასპინძლებმა ასევე ლამაზი ლელოთი უპასუხეს: ‘ხარებმა’ ცენტრში დერეფანი მოიგო და ხაზი გაჭრა, გურამ ქანდარაუშვილმა პირველი მბოჭავი გადააყირავა და 22-ში შევიდა, მორკინალების მარჯვენა მხარეს რამდენიმე სწრაფი დარტყმის შემდეგ, ბურთი ხაზზე გავიდა და გიორგი ნათელაშვილი ძელებსშუა შევიდა, ხოლო მჭედლიშვილმა გარდასახა და ‘ხარებს’ ტაიმი 10:8 მოაგებინა.

მეორე ტაიმში ანგარიში მხოლოდ 63-ე წუთზე შეიცვალა. დერეფნის შემდეგ მორკინალებმა თბილისელების დაცვის ხაზი მოარღვიეს, ქანდაურაშვილმა ხაზი გაჭრა და ლელო მჭედლიშვილმა გარდასახა. დასკვნითმა წუთებმა ‘აკადემიის’ იერიშებში ჩაიარა და 72-ე წუთზე ხელსაყრელი პოზიციიდან ჯარიმა არაზუსტი იყო, თუმცა სამ წუთში უფრო რთული კუთხიდან სოსო მათიაშვილმა 3 ქულა გაქვითა. დარჩენილმა წუთებმა კვლავ მათ შეტევებში ჩაიარა, მაგრამ ‘ხარებმა’ თავი კარგად დაიცვა და 17:11 იმარჯვა, რითაც თავად ოთხი, ხოლო მეტოქეს ერთი ბონუს-ქულა შეხვდა - მეოთხედ მეოთხე მატჩში.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.084372