ქართული

16:33 | 22.09.2017 | ნანახია 2280 - ჯერ

ჭაბუკთა „ბ“ ლიგა: ტიტულის ფავორიტები გამოიკვეთნენ

ჭაბუკთა „ბ“ ლიგის გადამწყვეტ ეტაპზე, მეორე ტურის შემდეგ ტიტულის მთავარი ფავორიტები გამოიკვეთნენ. „ნ“ ჯგუფში ‘მწვანე აია’ ‘ბორჯომს’ ესტუმრა და იოლი გამარჯვება მოიპოვა - 66:0. ‘მწვანე აია’, რიონისპირელთა რამდენიმე გუნდის გამორჩეულ მოთამაშეთა კრებულს წარმოადგენს და მიმდინარე სეზონში ჩემპიონობას უმიზნებს. ფიზიკურად გაცილებით უკეთ მომზადებულმა დათო გორდულაძის ბიჭებმა გაშლილი, ხელდახელ თამაში გააჩაღეს, მასპინძლებს 10 უპასუხო ლელო გაუტანეს და დაგეგმილი პრემიაც აიღეს. ‘აიას’ შუამარბმა თემურ კოხოძემ „დუბლი“ შეასრულა. დიდი ანგარიშით მარცხის მიუხედავად ‘ბორჯომი’ ბოლომდე იბრძოდა, რაც უპირატესად მასპინძელთა ჰავბეკის ლევან ხუციშვილის კარგ თამაშს უკავშირდება.

ამავე ჯგუფის გამორჩეული შეხვედრა მესამე მასივში გაიმართა. ‘ლელომ’ ნაკლები სტატიკის, დინამიურ, ცოცხალ, თვალსასეირო შეხვედრაში ‘თბილისს’ 7 ლელო გაუტანა, საკუთრივ 2 მიიღო (52:10) და 10 სატურნირო ქულით ‘მწვანე აიასთან’ ერთად ლიდერობა შეინარჩუნა. გამოცდილი მარბიელი თორნიკე ბუბუტეიშვილი დიდ 10-ში თამაშსა და მწვრთნელობას წარმატებით ითავსებს, რასაც ჭაბუკი მორაგბეების თამაშის ხარისხის მატებაც მოწმობს.

ბუბუტეიშვილი 4 წელია, რაც გუნდს ნაყოფიერად დამრიგებლობს. ‘ლელოს’ 8-ე ნომერის გიორგი ქობალიას მომადლებულ ნიჭს სპეციალისტები ერთხმად აღნიშნავენ. გუნდის კაპიტან, მარცხენა ბურჯ დათო აბდუშელიშვილის შეჩერება ნებისმიერი მეტოქისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს. ‘თბილისთან’ შეხვედრაში მასპინძელთა ფულბეკი კობა ირემაშვილიც გამოირჩა, ვინაც მეტოქეს 2 ლელო გაუტანა და 7-ივე გარდასახვა ზუსტად შეასრულა.

საკადრო პრობლემებისა და სოლიდური სხვაობით განცდილი მარცხის მიუხედავად, ‘თბილისს’ ურიგო შთაბეჭდილება არ დაუტოვებია. კარგი თამაშით და დადებული ლელოთი ფრთის მოთამაშე გიორგი ხელიძე გამოირჩა, ხოლო ამავე ამპლუის ახალბედა მორაგბე ბექა ზამთარაძემ მატჩსზე დამსწრე საზოგადოება საამოდ გააოცა. ‘თბილისის’ გამოცდილი დამრიგებელი მიხეილ ბურძგლა ტრავმირებულ მოთამაშეთა მწყობრში ჩადგომის შემდეგ, ქომაგს გაცილებით უკეთესს შედეგს ჰპირდება.

„ო“ ჯგუფის ლიდერმა ‘ხომლმა’ კი მდევრებს უკვე 5 საცხრილო ქულით გაუსწრო და დათო ცხვედიანის შეგირდებს სატიტულო შეხვედრაში თამაშის უფლების მოპოვება არ უნდა გაუჭირდეთ. ყოფილმა ბორჯღალოსანმა და ‘ყოჩების’ მწვრთნელთა შტაბის წევრმა ‘ხვამლი ხომლს’ სათავე 7 წლის წინ დაუდო და საკუთარი სათამაშო ხელწერის მქონე მონოლითური კოლექტივიც შექმნა.

‘ხომლი’, დედაქალაქის მერიის საკუთრებაა და მერიის მიერვე ახლახანს მუხიანში აგებულ სარაგბო არენაზე (ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორია) ასპარეზობს. განვლილ ტურში ‘ხომლმა’ „ხვამლი-არენაზე“ ‘შავია აია’ 110:0 გაანადგურა. კარგი თამაშით ‘ხომლის’ მღლეტელი ირაკლი ბედია და შუამარბი დათო ნინიაშვილი გამოირჩნენ. მატჩის მსვლელობამ ცხვედიანს ექსპერიმენტის ჩატარების შესაძლებლობაც მისცა. ‘ხომლის’ მგეზავმა ნიკა ცინცაძემ თანაგუნდელ ფულბეკ ზურა ქობელაშვილს პოზიცია გაუცვალა და ორივე მათგანმა დაკისრებულ ამოცანას თავი წარმატებით გაართვა.

ხსენებული ანგარიშის მიუხედავად, ‘შავი აიას’ დამრიგებელი ალეკო ნიქაბაძე ნირწამხდარი არ ჩანდა. მიმდინარე სეზონში გუნდი სპორტულ შედეგზე აქცენტს ნაკლებად აკეთებს. გამოცდილი და კარიერაში რამდენიმე ტიტულის მომგებ ნიქაბაძის მთავარ ამოცანას ‘შავი აიადან’ ჭაბუკთა „ა“ ლიგის ბინადარ რიონისპირელთა მთავარი გუნდისთვის იმედისმომცემ მოთამაშეთა მიწოდება წარმოადგენს და ბ-ნ ალეკოს 2-3 შეგირდის კიდეც ეიმედება.

ამავე ჯგუფში, ავჭალაში, ‘არმაზისა’ და ‘კოლხი რაინდების’ დაპირისპირება ტურში ყველაზე დაძაბული მატჩი გამოდგა. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ‘არმაზმა’ ფრთის მოთამაშე ომარ ფერაძის 2 ლელოს წყალობით 17-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა. ზურაბ აფხაზავას ბიჭები არ შედრკნენ და მეორე ტაიმში ანგარიშში ჩამორჩენა 2-ქულამდე შეამცირეს. შემდგომში კი სტუმართა მგზავრობით გამოწვეულმა გადაღლილობამ და შერკინებაში მასპინძელთა უპირატესობამ იჩინა თავი. ფოთელები ხაზშიც სცოდავდნენ და რაქის გასუფთავებასაც სათანადოდ ვერ ახერხებდნენ. ამით კარგად ისარგებლეს მასპინძლებმა. ‘არმაზმა’ უპირატესობაც დაიბრუნა და თან შეხვედრის ბოლო წუთზე მგეზავ გივი ცინცაძის ლელოთი, პრემიის მომტანი (5ლ-2ლ) 31:15 გამარჯვებაც დააფიქსირა. ბორის აბაშიძის შეგირდები მოპოვებული 5 საცხრილო ქულით ჯგუფში მეორე ადგილზე აღზევდნენ.

მორიგი, მესამე ტურის გამორჩეული შეხვედრა ქუთაისში გაიმართება. 28 სექტემბერს, მამაქალაქში, „ნ“ ჯგუფის ლიდერები ‘მწვანე აია’ და ‘ლელო’ შეიყრებიან.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
21:13 | 22.09.2017
ogafa (407)

მწვანე აია

0.907448