ქართული

12:44 | 16.09.2017 | ნანახია 2287 - ჯერ

ჭაბუკთა „ბ“ ლიგა | ფავორიტების გამარჯვებით დაიწყო

ჭაბუკთა ‘ბ“ ლიგის (2001/02 წლებში დაბადებულები) ტიტულისთვის მებრძოლმა გუნდებმა მესამე, გადამწყვეტი ეტაპის პირველი ტურის შეხვედრები გამართეს. 8 გუნდი, ორ, „ნ“ და „ო“ ჯგუფში გადანაწილდა. ჯგუფებში ორწრიანი შეჯიბრების შემდეგ, მეორეადგილოსნები ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებენ, გამარჯვებულები კი ერთმატჩიან დაპირისპირებაში ჩემპიონს გამოავლენენ.

„ნ“ ჯგუფის პირველი მატჩი „თბილისისა“ და ქუთაისის „მწვანე აიას“ შორის ავჭალაში გაიმართა. შეხვედრა დედაქალაქელთა შეტევებით დაიწყო, რასაც რატი გვილავას ლელო მოჰყვა. შემდგომში კი მეთოდურად თავი იჩინა მასპინძელთა ლიდერის, მძიმედტრავმირებულ მგეზავ სერგი ჩხაიძის(რაგბის აკადემიის ერთ-ერთი გამორჩეული მოსწავლე ერთი წელი იუქმებს) არყოფნამ. მიუხედავად იმისა, რომ მეტოქეებს ზაფხულში სრულყოფილი შეკრება არ გაუვლიათ, ქუთათურები ფიზიკურად უკეთ გამოიყურებოდნენ. სწრაფ გადაწყობასთან ერთად თამაშის სხარტი აზროვნებით, ფინტებითა და ინდივიდუალური ოსტატობითაც გამოირჩნენ. დათო გორდულაძის შეგირდებმა 10 ლელოს დადება მოახერხეს და ფინალური ეტაპი პრემიალური ქულით დაიწყეს. „ჰეთ-თრიკი“ რიონისპირელთა მარჯვენა ბურჯმა გიორგი ქიმუცაძემ შეასრულა. ანგარიშში სოლიდური სხვაობის(22:62) მიუხედავად, თამაშის რიგ ეპიზოდებში „თბილისი“ ურიგო შთაბეჭდილებას არ ტოვებდა, 4 ლელოს დადებაც მოახერხა და უმეტესად უმრწმესი ასაკის მორაგბეების მყოლ მთავარ მწვრთნელ მიხეილ ბურძგლას სამომავლო წარმატების იმედი ჩაუსახა.

ამავე ჯგუფის კიდევ ერთი შეხვედრა სამცხე-ჯავახეთში გაიმართა. რეგიონის ისტორიაში ყველაზე წარმატებული ბორჯომის „თორთი“ მოქმედ ჩემპიონ „ლელოს“ საკურორტო ქალაქში დიდი პრობლემებით დაუხვდა. მოკლე სათადარიგო სკამთან ერთად ბორჯომელებმა ძირითადის 4 მორაგბე(მათ შორის- შერკინების სამი მოთამაშე)მოისაკლისეს. „თორთმა“ უსახსრობის გამო ვერც შეკრება ვერ გაიარა. კლასში და ანგარიშში არსებული სოლიდური სხვაობის მიუხედავად(მატჩი ლელომ 71:0 მოიგო), საბა ახობაძის ბიჭებმა ბრძოლის შესაშური ჟინი გამოავლინეს და შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოების სიმპათიაც დაიმსახურეს. თორნიკე ბუბუტეიშვილის შეგირდებმა 11 ლელო დადეს და დაგეგმილი პრემიალური ქულაც აიღეს. „ჰეთ-თრიკი“ ჩემპიონის მარბიელმა გიორგი ქობალიამ შეასრულა.

„ო“ ჯგუფის პირველი ტურის გამორჩეული შეხვედრა მუხიანში გაიმართა. „ხვამლი“ თბილისის „არმაზს“ „ხვამლი-არენაზე“დაუხვდა. ორივე გუნდი მიზნად პრიზიორთა შორის მოხვედრას ისახავს. პირველი ტაიმი თანაბარი გამოდგა. „არმაზის“ ფულბეკ ნიკა ცინცაძეს 2 ჯარიმას მასპინძლებმა გარდასახული ლელოთი უპასუხეს და შესვენებაზე მინიმალური უპირატესობით 7:6 წავიდნენ. მეორე ტაიმში „ხვამლი“ უკეთ და ლაღად ათამაშდა. მასპინძლებმა მეტოქეს კომბინაციური, გაშლილი თამაშით აჯობეს და თან დაცვაშიც უკეთ ირჯებოდნენ. დათო ცხვედიანის გუნდმა 5 ლელოს დადება მოახერხა. „ ხვამლის“ ფულბეკი დათო ნინიაშვილი კი „არმაზის“ დაცვას ორჯერ დაუსხლტა და „დუბლი“ ძელებს შუა დადებული ლელოებით შეასრულა. საბოლოოდ „ხვამლმა“ 35:6 იმარჯვა და საშური პრემიაც აიღო.

პირველი ტური ფოთში ადგილობრივი „კოლხი რაინდებისა“ და ქუთაისის „შავი აიას“ შეხვედრით დასრულდა. კოლხეთში ლეგენდარული „პიკასოს“ მოღვაწეობამ შედეგი გამოიღო(ამირან შავგულიძე ქალაქის რაგბის სკოლას უდგას სათავეში და ფოთის „რაგბი-არენას“ დირექტორიც გახლავთ). შავგულიძის ყოფილი შეგირდების ძალისხმევით კი ფაზისში რაგბით სულ უფრო და უფრო მეტი მოზარდი კავდება. მეთოდურად მატულობს კოლხთა სხვადასხვა გუნდების თამაშის ხარისხი. მართალია ზურაბ აფხაზავას შეგირდებს „შავი აიასთან“ საშინაო შეხვედრაში შერკინებაში პრობლემები ჰქონდათ(რიონისპირელებმა ორივე ლელო სწორედ შერკინებით დაუდეს მასპინძლებს), სამაგიეროდ ჩინებულად ირჯებოდა „რაინდების“ უკანა ხაზი. სწრაფი, გაშლილი თამაშის წყალობით, გარემარბმა დავით ჩხარტიშვილმა, შუამარბმა საბა კეკელიძემ და მგეზავმა ლუკა მანტკავამ 3 ლელოს გატანა მოახერხეს. მანტკავას ბოლო გარდასახვამ კი ალეკო ნიქაბაძის გუნდი ნუგეშის გარეშეც დატოვა. 24:15 და გადამწყვეტი ეტაპი „კოლხი რაინდებმა“ გამარჯვებით დაიწყეს.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.119648