თბილისის ‘ლელო-სარასენსმა’ ქუთაისში ‘ბაგრატი’ 31:16 დაამარცხა, ერთის წილ 4 ლელო გაუტანა და გახდა პირველი გუნდი, რომელმაც დიდი 10-ის ახალ სეზონში გამარჯვების პრემია ჩაიწერა.
თამაშის სტარტზე მასპინძლები კარგად გამოიყურებოდნენ, ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ ეს ქულებში ვერ ასახეს. სტუმრებმა მალევე შეძლეს მატჩის სადავეების დაუფლება, ზედიზედ 3-ჯერ მათი საფირმო მოლი ‘ბაგრატმა’ ჯარიმით შეაჩერა და დავით ჭელიძე 10 წუთით დაკარგა. თბილისელებმა რიცხობრივი უპირატესობით სწრაფად ისარგებლეს და ორი ლელო გაიტანეს: პირველ ჯერზე თორნიკე ახობაძეზე ბოჭვა გაცუდდა, ხოლო რამდენიმე წუთში მერაბ კვირიკაშვილმა ხაზი ალექსანდრე ხეცოიძეს გააჭრევინა. ირაკლი ყიასაშვილმა ორივე გარდასახვა გაიტანა - 14:0 ‘ლელო-სარასენსის’ სასარგებლოდ.
‘ბაგრატი’ შერკინებაში უპირატესობას ფლობდა, ტაიმის შუაში ორი ჯარიმა გამოიმუშავა და ჩამორჩენა შეამცირა, რაზეც ყიასაშვილმა ერთი ზუსტი დარტყმით უპასუხა და ტაიმი სტუმრებმა 17:6 მოიგეს.
ზვიად ოდიშარიამ თავისი მესამე ჯარიმა მეორე ტაიმის დასაწყისში გაიტანა, თუმცა მე-60 წუთზე ‘ბაგრატმა’ მესამე ლელო მიიღო: შერკინების შემდეგ ხაზი კარის წინ გაიჭრა, ბექა გავაშელიშვილი წითელ ზოლში შეაჩერეს, მაგრამ კვირიკაშვილზე ბურთი სწრაფად გავიდა და მასაც მისი დამიწება აღარ გაჭირვებია, ხოლო ყიასაშვილი გარდასახვიდან უშეცდომო იყო.
71-ე წუთზე ‘ბაგრატმა’ მოლით შეუტია და ამირან ჩიტეიშვილის ლელო ოდიშარიამ გარდასახა. ‘ლელო-სარასენსმა’ პრემიისთვის იბრძოლა, 76-ეზე თავად ააგორა მოლი, თენგიზ ზამთარაძემ ლელო გაიტანა და ყიასაშვილმა საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 31:16 თბილისელთა სასარგებლოდ.
10 სექტემბერს ‘ლელო-სარასენსი’ ‘არმიას’ უმასპინძლებს, ხოლო ‘ბაგრატი’ ‘ბათუმს’ ეწვევა.
საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია