დიდი 10

21:54 | 1.09.2017 | ნანახია 2296 - ჯერ

დაბრუნებაც ასეთი უნდა
‘ხარები’ 27:21 ‘ჯიქი’

დიდი 10-ის 2017-2018 წლის სეზონის პირველი მატჩში, ელიტაში დაბრუნებული რუსთავის ‘ხარები’ ჩემპიონ გორის ‘ჯიქთან’ 35 წუთის შემდეგ 0:18 მარცხდებოდა, თუმცა საბოლოოდ 27:21 იმარჯვა.

‘რუსთავი არენაზე’ გამართულ შეხვედრაში მასპინძლები უკეთ გამოიყურებოდნენ. ისინი ბურთს მეტოქეზე დიდხანს აკონტროლებდნენ და გაშლილი თამაშით ცდილობდნენ უპირატესობის მოპოვებას, რაც კარგად გამოსდიოდათ. მაგრამ ანგარიში გორელებმა გახსნეს, სწრაფი შეტევის შემდეგ ნიკოლოზ სუხაშვილმა ბურთი ფეხით შეიგორა და ჯარიმა გამოიმუშავა, 5-მეტრიანი დერეფნიდან აგორებული მოლი კი რობერტ სუთიძემ ლელოთი დააგვირგვინა და მამუკა ნინიძემ გარდასახა.

ტაიმის შუაში სახიფათო ბოჭვისთვის ‘ჯიქის’ შუამარბი გიორგი წიკლაური სინბინით დაისაჯა, მაგრამ ვაჟა ხუციშვილს 40 მეტრიდან ჯარიმა გაუცუდდა. ორიოდე წუთში გიორგი ნათელაშვილმა ძალიან კარგად ითამაშა, ხაზი გაჭრა, პაუზებით და ცრუმოძრაობებით გურამ ქანდაურაშვილს სივრცე შეუქმნა და დროული პასით ლელოში შეუშვა, თუმცა რუსთაველ მორაგბეს დამიწებისას ბურთი უწყინარ სიტუაციაში გაუვარდა.

თამაშს ‘ხარები’ აკონტროლებდა, მაგრამ ქულებს კვლავ გორელები აგროვებდნენ. ნინიძემ ორი ჯარიმა გაიტანა, მერე დემურ ეფრემიძის მიერ დაწყებული შეტევა ირაკლი სვანიძემ ააჩქარა, ‘ჯიქის’ უკანახაზელებმა სწრაფი პასებით მცველები დააბნიეს და მარცხენა ალამთან ლელო სვანიძემ დაამიწა - 0:18. ტაიმის დასკვნით წუთებში მასპინძლებმა ორჯერ დააყენეს მოლი და ამას ნიკოლოზ სუხაშვილის სინბინი მოყვა, ხოლო მესამე მოლი ლელოთი ერეკლე მაჭარაშვილმა დაასრულა. ხუციშვილის გარდასახვა არაზუსტი იყო.

მეორე ტაიმი რუსთაველებმა კარგი ხელდახელ შეტევით დაიწყეს, იერიში ხაზის მოთამაშეებმა გაშალეს და თორნიკე თეგეთაშვილმა ბურთი ალამთან დაამიწა, ხოლო ხუციშვილმა გარდასახა. 50-ე წუთზე ‘ხარებმა’ მესამე ლელო მიითვალა, ამჯერად აქცენტი მოლზე გააკეთა და ის მაჭარაშვილმა 5 ქულით დაასრულა.

გარდასახვა არაზუსტი იყო და 63-ე წუთზე ნინიძემ ‘ჯიქის’ უპირატესობა ჯარიმით 4 ქულამდე გაზარდა, მაგრამ ორიოდე წუთში ‘ხარები’ დაწინაურდა. მათ ჯარიმის კარში დარტყმას კვლავ ლელოზე თამაში არჩიეს, მოლის დაყენება თითქოს ვერ ხერხდებოდა, მაგრამ გიგა ქვლივიძემ ბოლომდე იბრძოლა და მასპინძლები წინ გაიყვანა, ხოლო ხუციშვილმა მონაგარი კიდევ 2 ქულით გაზარდა. შეხვედრის დასრულებამდე 2 წუთით ადრე კობა ბუჯიაშვილმა ჯარიმით ანგარიში 27:21 გახადა და ‘ჯიქს’ ბოლო იმედად გარდასახული ლელო დარჩა, მაგრამ მოლის დაყენებისას ბურთი წინ დაუვარდა და ‘ხარებმა’ გორელებთან წარმატებული სერია გააგრძელა.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
03:20 | 02.09.2017
Banoja United (1)

Saintereso tamashi kopila tavisi comebackit.imedia saintereso chempionati gamova

02:04 | 02.09.2017
BEERTRANCE (1073)

მაგარი თამაში ყოფილა.

0.103287