საქართველოს 6-გზის ჩემპიონი ‘ლელო-სარასენსი’ დიდი 10-ის ახალ სეზონს მნიშვნელოვნად გადახალისებული შემადგენლობით ხვდება. ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში გუნდი რამდენიმე ლიდერმა დატოვა და მათ ნაცვლად ახალგაზრდები დაწინაურდებიან.
2013-2016 წლებში ‘ლელო-სარასენსი’ ზედიზედ 4-ჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი, თუმცა წელს მცირე ფინალში ‘ბათუმთან’ დამარცხდა და მესამე ადგილს დასჯერდა. ზაფხულში გუნდი გელა აფრასიძემ, ლაშა ხმალაძემ, სანდრო ქოიავამ, გიორგი ჭყოიძემ, ზვიად მაისურაძემ, გიორგი ტალახაძემ, ნოდარ ჭეიშვილმა და გიორგი კვესელაძემ დატოვეს.
გუნდმა მზადება ივლისის ბოლოს, თბილისში დაიწყო:
„უკვე 4-5 წელია შეკრება აღარ გვქონია და წელსაც მზადება თბილისში დავიწყეთ. პირველ ეტაპზე რაღაცეები გავიხსენეთ, მერე იყო ფიზმომზადება და უნარ-ჩვევების დახვეწა. ვარჯიში ივლისის ბოლოს განვაახლეთ, ცოტა დაგვიგვიანდა, თუმცა ამას თავისი მიზეზი ქონდა. 20-წლამდელთა ნაკრებში ნათამაშებ ბიჭებს დასვენება ჭირდებოდათ, ჩვენმა მოთამაშეებმა საუნივერსიტეტო ევროპის ჩემპიონატზე სეუ-ში ითამაშეს და ერთად გვიან შევიკრიბეთ“ - ამბობს შერკინების მწვრთნელი მიხეილ სუჯაშვილი.
მოსამზადებელ ეტაპზე ‘ლელო-სარასენსმა’ ერთი საკონტროლო შეხვედრა გამართა, ‘აკადემიას’ ეთამაშა, ერთხელ კი მხოლოდ შერკინების მოთამაშეებს ‘არმაზთან’ მართვადი ვარჯიში ჰქონდა. მიუხედავად ცვლილებებისა, სუჯაშვილი ფიქრობს, რომ ‘ლელო-სარასენსს’ ძლიერი შემადგენლობა ყავს და პირველობისთვის იბრძოლებს:
„მსგავსი ცვლილებები ყველა გუნდში ხდება. მხოლოდ შერკინებიდან 7-8 მოთამაშე წავიდა და ისინი ახალგაზრდებით ჩავანაცვლეთ. პირველ გუნდში დაწინაურდებიან „ა“ ლიგის ბიჭებიც. ‘ლელო-სარასენსი’ მუდამ პირველობისთვის იბრძვის, გუნდი მოტივირებულია და გპირდებით, წელს ძალიან აგრესიული გუნდი ვიქნებით“.
ინგლისური გაკვეთილები
‘ლელო-სარასენსის’ მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი ინგლისში 8-დღიან სტაჟირებაზე იმყოფებოდა და გუნდს ჩემპიონატის დაწყების წინ შეუერთდა. ესაა თბილისური ‘ლელოსა’ და ლონდონის ‘სარასენსს’ შორის დამყარებული მეგობრობის ერთ-ერთი ნაწილი - გუნდის მწვრთნელები ინგლისში სტაჟირებაზე წელიწადში ორჯერ მიემგზავრებიან.
„ამ გუნდში უკვე იმდენი ხანია დავდივარ, ყველასთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა და წელს ნაყოფიერი ვიზიტი მქონდა. ვესაუბრე გუნდის მთავარ მწვრთნელს, მწვრთნელებს, ასევე პოლ გასტერდს, რომელმაც ‘სარასენსის’ დაცვის ეს სისტემა ააწყო და ამჟამად ედი ჯონსთან ინგლისის ნაკრებში მუშაობს, თუმცა ისე დაემთხვა, რომ ჩემი იქ ვიზიტისას კლუბში იმყოფებოდა.
მქონდა შეხვედრა ამ გლობალურ პროექტში შემავალი კლუბების მწვრთნელებთან, რადგან უკვე მეორე წელიწადია, ზაფხულობით კონფერენცია იმართება. ვესაუბრე ‘სარასენსის’ აკადემიის ხელმძღვანელს და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ქართული რაგბის განვითარებისთვის საკლუბო აკადემიის სისტემის დანერგვა უმნიშვნელოვანესია. ‘ლელოში’ 600-ზე მეტი ბავშვი ვარჯიშობს, ჩვენი სტრუქტურა აკადემიის სტრუქტურასთან ძალიან ახლოსაა და ამდენად, მათი გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანი იყო“ - გვიზიარებს ინგლისურ შთაბეჭდილებებს მაისაშვილი.
ახალ სეზონს ‘ლელო-სარასენსი’ ახალი სპონსორებით ხვდება. გენერალური სპონსორია ‘მარიამ ჩაი’, სპონსორად რჩება ‘კაპაროლი’, მას დაემატნენ კომპანიები m², ‘ასკანელი’ და ‘ეთნო ჯგუფი’. მიუხედავად ამისა, ამ კლუბის ბიუჯეტი ახლოსაც ვერ მივა იმ კლუბების ბიუჯეტთან, რომლებსაც დამატებით თანხებს მუნიციპალიტეტები აძლევენ და მაისაშვილი ასეთი სისტემის არსებობას არასწორად მიიჩნევს.
„არასწორია, როდესაც ზოგიერთი კლუბი სახელმწიფოსგან მიღებულ დაფინანსებასთან ერთად, დამატებით თანხებს კვლავ სახემწიფოსგან, მუნიციპალიტეტის სახელით იღებს. ეს არათანაბარ პირობებში გვაყენებს. თუ ვინმე კერძო სექტორისგან მილიარდს იშოვის, მე ამას მხოლოდ მივესალმები, მაგრამ არა სახელმწიფოს ხარჯზე“ - ამბობს მაისაშვილი და გუნდიდან დიდი რაოდენობით მოთამაშეების წასვლის ერთ-ერთ მიზეზად, სწორედ მუნიციპალიტეტებისგან მიღებულ დაფინანსებას ასახელებს.
„ჩვენს მოთამაშეებს ისეთი კონტრაქტები შესთავაზეს, რომ მათ ვერ შევაჩერებდით, ლაშა ხმალაძე, სანდრო ქოიავა და გიორგი ჭყოიძე ერთი წლით გავანათხოვრეთ. ჩვენ 4 წელიწადი ვხდებოდით ჩემპიონები, მაგრამ ამ ჩემპიონობამ დიდ სიხარულთან ერთად ფინანსური კრიზისიც მოგვიტანა და ამის გამო სხვა მოთამაშეებთანაც მოგვიწია განშორება. მათ ნაცვლად პირველ გუნდში ის ბიჭები დაწინაურდებიან, რომლებიც 20-წლამდელთა შემადგენლობაში თამაშობდნენ. მათ გამოცდილება ასაკის გამო აკლიათ, თორემ არაერთხელ დაამტკიცეს, რომ თამაშით არავის ჩამოუვარდებიან.
გარდა ამისა, შესაძლოა ‘კლერმონიდან’ დაგვიბრუნდეს ნიკა სვიმონიშვილი, რომელიც ორ ფრანგულ გუნდთან აწარმოებს მოლაპარაკებას და მისი ამბავი უახლოეს დღეებში გადაწყდება. დავიმატეთ მამამთავრიშვილი და გოგიშვილი, რომელსაც ჯერ ფიზიკური კონდინციები აქვს გასაუმჯობესებელი.
გუნდში დარჩნენ გამოცდილი მოთამაშეები, მათი და ახლგაზრდების სინთეზით, სწრაფი და მობილური გუნდი გვეყოლება. ნურავინ იფიქრებს, რომ ასეთი დანაკლისის ფონზე ჩვენი მიზანი შეიცვალა. ძალიან საინტერესო წელი გველოდება და ვეცდებით დაკარგული ჩემპიონობა დავიბრუნოთ“ - ამბობს მაისაშვილი.
საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
წარმატებას ვუსურვებ ლელოს ! ! !