დასრულდა სამხრეთ აფრიკული "აფეესის" ქართული ტურნე. 10 ოქტომბერს შევარდენის სანაკრებო ბაზამ ქართულ-სამხრეთ აფრიკულ ასაკობრივ რაგბის მესამე, ფინალურ ეტაპს უმასპინძლა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო ათი დღის განმავლობაში საქართველოში ტურნეზე სამხრეთ აფრიკული “აფეესის” 14 და 16 წლამდელთა გუნდები იმყოფებოდნენ. ქართული ტურნეს ფარგლებში სტუმრები ქართველ 15 და 17 წლამდელებს 3, 6 და 10 ოქტომბერს ეთამაშნენ.
პირველი სამატჩო დღე შევარდენზე შედგა, რომელშიც აფრიკელ ჭაბუკებს საქართველოს 15 წლამდელთა ნაკრები და აღმოსავლეთ საქართველოს 17 წლამდელები ეთამაშნენ. ორივე შეხვედრაში მასპინძლებმა გაიმარჯვეს.
სამი დღის შემდეგ, ტურნეს მეორე ეტაპი ქუთაისში, აიას ახალ სტადიონზე შედგა. პირველი შეხვედრა დასავლეთ საქართველოს 15 წლამდელებმა 17:19 დათმეს, ხოლო საღამოს მეორე მატჩში 17 წლამდელებმა 15:0 სძლიეს სტუმართა 16 წლამდელებს.
როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ასპარეზობის ბოლო ეტაპი 10 ოქტომბერს შევარდენის სანაკრებო ბაზაზე გაიმართა. 16:30 საათზე საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრები “აფეესის” 14 წლამდელებს ეთამაშა და ანგარიშით 14:5 სძლია მოწინააღმდეგეს.
მეორე შეხვედრაში, რომელიც 18:00 საათზე დაიწყო, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები “აფეესის” 16 წლამდელთა გუნდს შეხვდა. მატჩი ქართველმა ჭაბუკებმა 49:3 მოიგეს.
აღსანიშნავია, რომ მთელი ტურნეს მანძილზე, მატჩებზე მრავლად მოდიოდა ქომაგი, ქუთაისში კი, მაყურებელთა ოდენობამ თითქმის სამ ათასს მიაღწია.
რაც მთავარია, სამივე სამატჩო დღეს კლასიკური სარაგბო ატმოსფერო და კარგი ქომაგობა იყო ტრიბუნებზე. მაყურებელი არც მოწინააღმდეგის კარგ თამაშს აკლებდა ტაშს და დამრტყმელებსაც სიჩუმეში ეძლეოდათ თვიანთი სიზუსტის გამოცდა.
ტურნეს დასრულების შემდეგ, “აფეესის” მთავარმა მწვრთნელმა ბერნარდ ფესსერმა განაცხადა, რომ ნამდვილად არ მოელოდა ასეთი მაღალი დონის მოწინააღმდეგესთან თამაშს – “ჩვენი გუნდი საკმაოდ ხშირად მართავს ტურნეებს და განებივრებულნი ვართ მოგებებით. შესაბამისად. ჩვენი სურვილი იყო ასაკით დიდ მოწინააღმდეგესთან თამაში. მინდა შევაქო ქართული გუნდები, ვინაიდან მათ თანამედროვე და სწრაფი რაგბი შემოგვთავაზეს. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მოთამაშეებს, ვინაიდან ანგარიშისა და ძლიერი მოწინააღმდეგის მიუხედავად, ყოველ შეხვედრაში ბოლომდე იბრძოლეს.
ჩვენმა გუნდმა კარგი გამოცდილება მიიღო და მიმაჩნია, რომ ასეთი მატჩები ჭაბუკი მორაგბეებისათვის უმნიშვნელოვანესია, რადგან მიღებული გამოცდილება მათ მთელი ცხოვრების მანძილზე გასდევთ.
გაისად ვაპირებთ კვალვ გავმართოთ ქართული ტურნე, რომელზეც 13, 14, 16 და 19 წლამდელ გუნდებს ჩამოვიყვანთ, მაგრამ ამ შემთხვევაში უკვე თანატოლებთან ვიასპარეზებთ და არა ასაკით უფროსებთან.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქართულ მხარეს მასპინძლობისათვისა და ასეთი დონის მატჩების ორგანიზებისათვის. რაგბის სიყვარული ჩვენს სისხლშია და მიხარია, რომ საქართველოშიც ანალოგიურად უყვართ ეს თამაში.“
ტურნეს სამივე დღის მატჩები და ანგარიშები
03/10/2014 - შევარდენის სანაკრებო ბაზა, თბილისი
საქრთველო U15 19:7 აფეეს U14
აღმოსავლეთ საქართველო U17 34:5 აფეეს U16
06/10/2014 - აიას ახალი ბაზა, ქუთაისი
დასავლეთ საქართველო U15 17:19 აფეეს U14
დასავლეთ საქართველო U17 15:0 აფეეს U16
10/10/2014 - შევარდენის სანაკრებო ბაზა, თბილისი
საქართველო U15 14:5 აფეეს U14
საქართველო U17 49:3 აფეეს U16
www.gbf.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია