ქართული

13:19 | 21.08.2017 | ნანახია 3182 - ჯერ

გიგაშვილის დებიუტი ფრანგულ ელიტაში

ინგლისის პრემიერშიპში დაბრუნებულმა „ლონდონ აირიშმა“ ჩემპიონშიპის კლუბ „ილინგს“ ამხანაგურ მატჩში იოლად, 29:6 აჯობა. ბორჯღალოსანი მესამეხაზელი ლაშა ლომიძე „აირიშის“ შემადგენლობაში მეორე ტაიმში გამოჩნდა. ხოლო საპირისპირო მიმართულებით, პრემიერშიპიდან ჩემპიონშიპში დაქვეითებულმა „ბრისტოლმა“ წინასასეზონო მატჩში უელსურ „სკარლეტსს“ უმასპინძლა და 26:33 დამარცხდა, ბორჯღალოსანი მეორეხაზელი გიორგი ნემსაძე კი ბრისტოლელთა განაცხადს მიღმა აღმოჩნდა.

ასევე არ იყო თავისი გუნდის განაცხადში ბორჯღალოსანი ბურჯი ანტონ ფეიქრიშვილიც. მისმა „კარდიფ ბლუზმა“ ლონდონში ადგილობრივ „სკოტიშს“ 34:23 აჯობა.

საფრანგეთის პრო დ2-ის სასტარტო ტურის დასკვნით მატჩში ორმა ქართველმა ლეგიონერმა მიიღო მონაწილეობა. „დაქსმა“ ტოპ 14-დან ჩამოქვეითებულ „გრენობლს“ უმასპინძლა და 13:28 დამარცხდა. შედეგი სავსებით ლოგიკურია, რადგან გრენობლელთა გუნდი ლიგის ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნევა.

რაც შეეხება ქართველებს, 25 წლის მარჯვენა ბურჯ ბექა გიგაშვილის დებიუტი საფრანგეთის ელიტაში 54-ე წუთზე შედგა. შეგახსენებთ, გიგაშვილი ზაფხულში შეუერთდა „გრენობლს“, მანამდე კი ორი სეზონის განმავლობაში ფედერალ 1-ის „შამბერის“ ღირსებას იცავდა, სადაც 46 მატჩში 6 ლელო გაიტანა.

62-ე წუთზე ქართველი მარჯვენა ბურჯი მასპინძელი „დაქსის“ რიგებშიც გამოჩნდა - თამაშში ვეტერანი ელიზბარ ყუფარაძე ჩაერთო.

რუსეთის ჩემპიონატის მე-8 ტურში ლაშა მალაღურაძისა და გიორგი ფრუიძის „კრასნი იარმა“ 7 ლელო გაუტანა „ვვა-პოდმოსკოვიეს“ და 50:24 დაამარცხა. ამ 7 ლელოდან ერთი საკუთარ ანგარიშზე ფრუიძემ ჩაიწერა, ვინც თამაშში მარქაფიდან, მეორე ტაიმში ჩაერთო. ლაშა მალაღურაძემ კი მატჩი შეუცვლელად ჩაატარა და 15 ქულით დაასრულა: 6 ლელო გარდასახა და 1 ზუსტი საჯარიმო დარტყმაც დააყოლა.

„კრასნი იარი“ ლიდერს, თანაქალაქელ „ენისეის“ კინკილა ქულითღა ჩამორჩება, თუმცა, დავით კაჭარავასა და მიხეილ გაჩეჩილაძის გუნდს 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

რუმინეთის ჩემპიონატში „ბაია მარემ“ ბუქარესტის „სტიაუას“ უმასპინძლა და 23:14 მოუგო. გამარჯვებულთა შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა გუნდის ქართველმა კაპიტანმა, შერკინების ნახევარმცველმა ბიძინა სამხარაძემ. ამ გუნდში მეორე ბორჯღალოსანი ვეტერანიცაა - კვაჭი იური ნატრიაშვილი, რომელიც თამაშში მეორე ნახევარში ჩაერთო. რაც შეეხება დედაქალაქელებს, მათ რიგებში თავიდან ბოლომდე ქართველმა მეორეხაზელმა მიხეილ არჩუაშვილმა ითამაშა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
14:56 | 22.08.2017
ogafa (407)

წარმატებები

16:11 | 21.08.2017
პანტელეიმონი (1218)

წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ლეგიონერებს ! ! !

0.081695