რუსთავის "ხარებმა" გასულ სეზონში საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგა დიდი უპირატესობით მოიგო და დიდ 10-ს ერთწლიანი განშორების შემდეგ უბრუნდება.
მომავალი სეზონის დაწყებამდე დაახლოებით ორი კვირა რჩება და რუსთაველები ჩემპიონატისთვის დიდი მონდომებით ემზადებიან:
„რადგან პირველი ლიგა ადრე დამთავრდა, ჩვენ მოსამზადებლად სხვებზე მეტი დრო გვქონდა და ფაქტობრივად მთელი ზაფხული ვარჯიშში გავატარეთ. პირველი ეტაპი სრულად ფიზმომზადებას დაეთმო, მეორე ეტაპზე ფიზმომზადებასთან ერთად საქმეში ბურთიც ჩავრთეთ, ამჟამად კი მზადების მესამე ეტაპს გავდივართ. ჩავატარეთ ორი საკონტროლო შეხვედრა "ლოკომოტივთან" და პატარძეულის "ვეფხვებთან". ჩემპიონატის დაწყებამდე კიდევ ორ თამაშს ვგეგმავთ - იმავე "ლოკომოტივთან" და ბოლნისის "ყოჩებთან", - გვიყვება მზადების შესახებ გუნდის მთავარი მწვრთნელი მამუკა მინდორაშვილი.
რადგან გუნდი უძლიერესთა შორის დაბრუნდა, მას საკუთარი აღზრდილები - ვაჟა ხუციშვილი ("ლოკომოტივიდან"), ბიძინა ჯიმშიტაშვილი და ნიკა ბეჟუაშვილი (ორივე - "ჯიქიდან") დაუბრუნდნენ. "არმაზიდან" დაიმატეს კვაჭი ირაკლი ჩომახაშვილი. მინდიაშვილის თქმით პირველ გუნდში რამდენიმე რუსთაველი ახალგაზრდაც დაწინაურდება, პირველი ლიგის მომგები ბირთვი კი შენარჩუნებულია.
„უმაღლეს დონეზე პირველად მიწევს მუშაობა და არ ვიცი როგორ იმუშავებს ჩვენი სათამაშო სქემა. პირველ ლიგაში, შედარებით სუსტ გუნდებთან, ყველაფერი კარგად გამოგვდიოდა და იმედია ახლაც ასე იქნება. ამბიციური გუნდი ვართ, თუმცა ჩვენს შესაძლებლობებს რეალურად ვაფასებთ და მიზნად პლეი ოფში შესვლას ვისახავთ, პროგრამა მინიმუმი კი, რა თქმა უნდა დიდ 10-ში დამკვიდრებაა“, - ამბობს მინდორაშვილი.
საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
წარმატებას გისურვებთ ! ! !