ამბები

17:16 | 10.10.2014 | ნანახია 2530 - ჯერ

ორი რეგიონში და სამი “ავჭალაზე”

საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატის მეექვსე ტურის თამაშები სამ დღეზეა გაწელილი და რაგბის დედაქალაქელ გულშემატკივარს სამი თამაშის ხილვის საშუალება ექნება, ორი შეხვედრა კი, რეგიონებში გაიმართება.

ტურის ცენტრალურ მატჩში ქუთაისში “აია” ახალ სტადიონზე ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ თბილისის “ლელოს” დაუხვდება და გამარჯვების შემთხვევაში მეტოქეს სატურნირო ცხრილში სამი კვირით უკან მოიტოვებს. მოგეხსენებათ, “თბილისის კავკასიელების” ევროთასებზე მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ეროვნული პირველობის კალენდარში გაჩნდა სპეციალური ფანჯრები, მაგრამ მესამე დონის ტურნირი რომ აღარ ტარდება და “კავკასიელებმაც” ვერ შეძლეს შესარჩევ ეტაპზე იტალიური “როვიგოს” ბარიერის გადალახვა, კლუბებს ერთგვარი ამოსასუნთქი პაუზები გაუჩნდებათ.

ტრადიციის თანახმად, წლების განმავლობაში ქუთაისში თამაში და მით უმეტეს იქ წარმატების მოპოვება ყველა გუნდს უჭირდა. თამაშის მხრივ სირთულე არც ახლა განელებულა, მაგრამ მიმდინარე სეზონში “აიამ” მშობლიურ ქალაქში უკვე სამი შეხვედრა ჩაატარა და ორში მარცხი განიცადა. სამივე ჯახი დაძაბული გამოდგა და ყველა შემთხვევაში სხვაობა ერთი ჯარიმის ტოლფასი (3 ქულა) დაფიქსირდა - პირველ ტურში “ჯიქებმა” 18:15 იმარჯვა, მეორეში “აიამ” დებიუტანტ “თიბიეს უნივერსიტეტს” 26:23 აჯობა, ხოლო მეოთხე ტურში “ლოკომოტივმა” 9:6 იმარჯვა. ქუთაისელებმა ყველაზე დიდი სხვაობით 31 აგვისტოს ბოლნისში “ყოჩებთან” წააგეს (14:30), ერთი კვირის წინ კი, “არმიას” თბილისში 10:9 აჯობეს.

ხუთ მატჩში ორი გამარჯვება მოიპოვა ჩემპიონმა “ლელო სარასენსმაც”, კიდევ ორი ფრედ დაასრულა, ერთხელ კი, მარცხი განიცადა. საწყის ორ ტურში “თიბიესისა” (24:19) და “ბათუმის” (20:0) ძლევის შემდეგ, თბილისელებს აგერ უკვე სამი თამაშია გამარჯვება არ უზეიმიათ. “ხარებთან” ფრედ დასრულებული თამაშის შემდეგ (22:22), “ლევან მაისაშვილის შეგირდები “არმაზთან” 8:20 დამარცხდნენ, ერთი კვირის წინ კი, ქულები “ჯიქებთან” გაიყვეს (9:9). ამრიგად, “ლელოს” თვენახევარია აღარ მოუგია და მისი მოტივაცია ერთი-ორად გაზრდილი იქნება, მით უმეტეს, რომ მისთვის ქუთაისში მოგება უცხო სულაც არაა - შარშან დასავლეთ საქართველოში 21:10 იმარჯვა, ხოლო შინ “აია” 26:18 დაამარცხა.

რეგიონის მეორე მატჩს ბოლნისი უმასპინძლებს და მასში მიმდინარე გათამაშების ლიდერი და ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდი “ყოჩები” შარშანდელი პირველობის ვიცე-ჩემპიონ “არმიას” დაუხვდება. ქვემოქართლელებმა ხუთი შესაძლებლიდან მხოლოდ ერთხელ მოახერხეს გამარჯვებულისთვის დაწესებული პრემიალური ქულის აღება (მეტოქის სამი და მეტი ლელოს სხვაობით დამარცხებისთვის) და ჯამში 21 ქულა აქვთ. რადგან ისინი უახლოეს მდევარს 5 ქულით უსწრებენ, სამკვირიან შესვენებას ნებისმიერ შემთხვევაში ლიდერის რანგში შეხვდებიან, მაგრამ რაღა თქმა უნდა უპირატესობის განვრცობაზეც არ იტყვიან უარს, მით უმეტეს, რომ წელს “არმია” ძველებურად მრისხანე ვეღარაა.

გარდა ამისა, არმიელებმა “ყოჩებს” გასულ სეზონში ორივე თამაში მოუგეს, აქედან მეორე ბოლნისში ბოლო წუთზე გატანილი არეკნით 16:15 (პირველი თამაში 17:13 დასრულდა) და ახლა ბოლნისელებს რევანში სწყურიათ. “არმიამ” ხუთიდან ორი თამაში მოიგო (“ბათუმთან” და “არმაზთან”), მაგრამ ორივე აგვისტოში. ბოლო ორ ტურში ნიკო ჭავჭავაძის გუნდს წარმატებამდე სულ ცოტა დააკლდა და ორივეჯერ მინიმალური სხვაობით დამარცხდა (“ჯიქებთან” 12:13 და “აიასთან” 9:10), რაც იმის მანიშნებელია, რომ ეს გუნდი იოლად არაფერს დათმობს და ბოლნისელებიც საინტერესო ჯახის მომსწრენი გახდებიან.

შაბათს “ავჭალაზე” “ლოკომოტივი” “თიბიეს უნივერსიტეტს” ეთამაშება. რკინიგზელებს ოთხი თამაში აქვთ ჩატარებული და ოთხივეჯერ შეძლეს ქულის აღება - ორჯერ მოგებისთვის 4, ხოლო ორჯერ მცირე სხვაობით მარცხისთვის თითო-თითო ქულა ჩაიწერეს. განსაკუთრებით მტკივნეული მათთვის ერთი კვირის წინ გადნცდილი მარცხი უნდა იყოს, რადგან მთელი მეორე ტაიმი კაცნაკლული და 10 წუთით 13-კაცით მოთამაშე “ყოჩები” ვერ გატეხეს. დებიუტანტმა “თიბიესმა” ჩემპიონატი მედგრად დაიწყო და “ლელოსთან” და “აიასთან” მცირე სხვაობით მარცხებისთვის პრემიალური ქულები მიიღო, მაგრამ მერე მეტოქეები მათთან თამაშს სრული სერიოზულობით მიუდგნენ და აგერ უკვე თვენახევარია ქულა აღარ აუღიათ.

კვირას “ავჭალაზე” თბილისის “არმაზი” რუსთავის “ხარებს” მასპინძლობს. გასულ ჩემპიონატში ეს გუნდები უძლიერესთა შორის დასარჩენად იბრძოდნენ, წელს კი, მინიმუმ პლეი ოფში მოსახვედრად იბრძვიან. უკეთეს პოზიციაზე რუსთაველები არიან, რომლებმაც ხუთიდან სამი თამაში მოიგეს, მაგრამ არც დარჩენილ შეხვედრებში დარჩენილან უქულოდ. პირველ ორ ტურში “ლოკომოტივისა” და “არმიას” დამარცხების შემდეგ (პრემიალური ქულით), “ხარები” ჩემპიონ “ლელოსაც” არ დანებდა და ფრედ 22:22 ეთამაშა (ბოლო წუთზე გატანილი ჯარიმით), მაგრამ მერე მოულოდნელად თავად დამარცხდა “ბათუმთან” - ბოლო წუთზე გაშვებული ჯარიმით 15:18. გასულ ტურში რუსთაველებმა “თიბიესს” სძლიეს, ხასიათი გამოიკეთეს, 16 ქულით მეორე ადგილზე არიან და მის შენარჩუნებას ეცდებიან.

“არმაზმა” ჩემპიონატი მარცხით დაიწყო, მეორე ტური ტრაგიკული მიზეზის გამო გამოტოვა, მერე კი, ქულების დაგროვება დაიწყო. “არმიასთან” მცირე სხვაობით მარცხის შემდეგ, თბილისელებმა ზედიზედ სძლიეს “ლელოს” და “ბათუმს”, 9 ქულით მე-8 ადგილზე არიან, მაგრამ კონკურენტებზე ერთით ნაკლები თამაში აქვთ ჩატარებული და მესამე ადგილსაც მხოლოდ 3 ქულა აშორებს. გასულ ჩემპიონატში ამ გუნდების ორივე დაპირისპირება დაძაბული გამოდგა და რუსთავში თბილისელებმა 12:10, ხოლო რუსთაველებმა თბილისში 16:14 იმარჯვეს. ამ შედეგების და მიმდინარე სეზონში “არმაზისა” და “ხარების” მიერ ჩატარებული თამაშების მიხედვით უნდა ვივარაუდოთ, რომ კვირასაც გამარჯვებულის ვინაობა ბოლო წამამდე გაურკვეველი იქნება.

ორშაბათის თამაში “ავჭალაზე” 17 საათზე დაიწყება და “ჯიქები” “ბათუმს” დაუხვდება. ამ გუნდებს შორის განსხვავება მხოლოდ ორი ქულაა და ბრძოლა აქაც ბოლო წამამდე გაგრძელდება. ორივე გუნდს ორ-ორი მოგება აქვს. ზღვისპირელებმა ორი მარცხის შემდეგ ზედიზედ სამი შეხვედრა აღმოსავლეთ საქართველოში გამართეს, “თიბიესი” და “ხარები” დაამარცხეს, “არმაზთან” მინიმალურად დამარცხდნენ და 9 ქულა მოაგროვეს. შეძლებენ თუ არა ისინი რიკოთს აქეთ ზედიზედ მეოთხე მატჩში ქულების დაგროვებას ორშაბათს გამოჩნდება.

მებრძოლმა “ჯიქებმა” ქუთაისში მოგების შემდეგ ორი თამაში წააგო, მერე “არმია” დაამარცხა, ერთი კვირის წინ კი, “ლელოს” ფრედ ეთამაშა. შარშან “ბათუმი” ის გუნდი არ იყო თბილისელებისთვის წინააღმდეგობა რომ გაეწია და ანგისაზე “ჯიქებმა” 22:17, ხოლო “ავჭალაზე” 21:19 იმარჯვა. კიდევ ერთხელ განვმეორდეთ და ავღნიშნოთ, რომ უქმეებისგან განსხვავებით, ორშაბათის თამაში 1 საათით გვიან იწყება, რის შემდეგაც ეროვნული ჩემპიონატი ნოემბრამდე შესვენებაზე გავა.

საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატი

VI ტური

11 ოქტომბერი

თბილისი. “ავჭალა”. 16:00 საათი

ლოკომოტივი (თბილისი) - თიბიეს უნივერსიტეტი (თბილისი)

ბოლნისი. “თამაზ სტეფანია”. 16:00 საათი

ყოჩები (ბოლნისი) - არმია (თბილისი)

ქუთაისი. “აია”. 16:00 საათი

აია (ქუთაისი) - ლელო (თბილისი)

12 ოქტომბერი

თბილისი. “ავჭალა”. 16:00 საათი

არმაზი (თბილისი) - ხარები (რუსთავი)

13 ოქტომბერი

თბილისი. “ავჭალა”. 17:00 საათი

ჯიქები (თბილისი) - ბათუმი (ბათუმი)

1ყოჩები5500118-6121
2ხარები5311124-7416
3ლელო სარ.522183-7012
4ჯიქები521243-5811
5აია520371-8910
6ლოკომოტივი420265-5410
7არმია520361-9110
8არმაზი420268-699
9ბათუმი520378-929
10თიბიეს უნივ.500573-1262


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.064819