ლეგიონერები

17:13 | 1.08.2017 | ნანახია 4251 - ჯერ

დათუნაშვილი „ლანგონში“: „მამა“, რომელიც ყველას წინ გაუძღვება“

„ორიაკის“ ქართველმა მეორეხაზელმა ლევან დათუნაშვილმა თებერვალში მძიმე ტრავმა მიიღო, მხარზე ოპერაციის გაკეთება დაჭირდა და საკლუბო საიტმა მაშინვე გამოაცხადა, რომ 34 წლის ცნობილი და ავტორიტეტული მორაგბისთვის სეზონი ამით დასრულდა. არადა, ლევანს მშვენიერი სეზონი ჰქონდა - გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ და „ორიაკის“ მიერ იმ მომენტისთვის ჩატარებული 15-ვე მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო.

სიტუაციას ის ფაქტიც ართულებდა, რომ დათუნაშვილს ორიაკელებთან კონტრაქტი სეზონის დასრულებისთანავე ეწურებოდა და ვეტერანი, ცხადია, მის გაგრძელებაზე უარს არ იტყოდა. მაგრამ უარი კლუბმა თქვა - არც მრავალწლიანი დამსახურება და ერთგულება გაითვალისწინა და არც ზოგადად, ადამიანური ფაქტორი. ასე დარჩა დათუნაშვილი უმუშევარი.

მას შემდეგ ლევან დათუნაშვილის მომავალთან დაკავშირებით სხვადასხვა ხმები დადიოდა. ერთი ვერსიით, მას კარიერის დასრულება ჰქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ ამბობდნენ, რომ ლევანის დამატება პრო დ2-ის „ბაიონსა“ და „კარკასონს“ სურდათ, მაგრამ სატრანსფერო პერიოდი მიილია და ხსენებულ კლუბებში დათუნაშვილი არ გამოჩენილა.

საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ „ბორჯღალოსანი“ ფედერალ 1-ის მე-2 პულში მოასპარეზე „ლანგონში“ გადასულა. აი, რა დაიწერა ფრანგულ პრესაში ამ ტრანსფერის შესახებ:

„მეორეხაზელის ძიებით გართულმა „ლანგონმა“ ბრილიანტს მიაგნო. ლევან დათუნაშვილის დამატებით კლუბმა შეიძინა „მამა“, რომელიც ყველას წინ გაუძღვება. მას ხომ პრო დ2-ში 150-ზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული, რომ აღარაფერი ვთქვათ 75 სანაკრებო მატჩსა და 3 მსოფლიო თასზე. ტიერი დიუბერნარმა, „ლანგონის“ მწვრთნელმა ახალწვეული ასე დაახასიათა: „ესაა პასუხისმგებლობის გრძნობით აღსავსე მოთამაშე, სამაგალითო მოედანზეც და მის მიღმაც“. დათუნაშვილმა მარტში მხარზე ოპერაცია გაიკეთა, მაგრამ ექიმები ამბობენ, რომ სექტემბრისთვის, სეზონის სტარტისთვის სახელგანთქმული ქართველი სრულ მზადყოფნაში იქნება“.

მოკლედ, კარგი ამბავია და ლანგონელთა აღფრთოვანებაც გასაგებია: ამ კლუბში დათუნაშვილის დონის მორაგბეს აქამდე არ უთამაშია.

დათუნაშვილის ფრანგული კარიერა შორეულ 2006 წელს ფედერალ 1-ის კლუბ „მონლუსონში“ დაიწყო. ორი წლის შემდეგ ლევანი „ორიაკში“ გადავიდა და ამ გუნდთან ერთად პრო დ2-ში 8 სეზონი გაატარა (2010-11 წლების სეზონში ფედერალ 1-ის „ფიჟაკში“ იყო განათხოვრებული).

საქართველოს ეროვნული ნაკრების კვართი ლევან დათუნაშვილმა 75 მატჩში მოირგო, 3-ჯერ გუნდს უკაპიტნა და 3 ლელო მიითვალა. მისი სანაკრებო დებიუტი 2004 წელს ესპანეთთან შედგა, 2015 წლის მსოფლიო თასის შემდეგ „ბორჯღალოსნებში“ თამაშის დასრულებაის შესახებ გამოაცხადა. სულ კი მას სამ მსოფლიო თასზე აქვს ნათამაშები - 2007, 2011 და 2015 წლებში.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
17:48 | 02.08.2017
GiorgiG83 (525)

ჩაქუჩა / ურო !

22:18 | 01.08.2017
temuchin (431)

იცოცხლე ლევან!

21:07 | 01.08.2017
პანტელეიმონი (1218)

გაიხარე ლევან

18:06 | 01.08.2017
buratino (480)

წარმატებები ლევანს

18:03 | 01.08.2017
BEERTRANCE (1073)

წარმატებები

0.089696