მსოფლიო თასი

12:22 | 8.07.2017 | ნანახია 5834 - ჯერ

მსოფლიო თასი: ფიჯიც ჩვენთან

დღეს გამთენიისას ბორჯღალოსნებმა კიდევ ერთი მეტოქის ვინაობა შეიტყვეს. აქამდე ცნობილი იყო, რომ 2019 წლის მსოფლიო თასზე დ პულში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ავსტრალია და უელსი იქნებოდნენ, ახლა კი გაირკვა, რომ ფიჯის ნაკრებიც ჩვენს ჯგუფშია და გასარკვევი მეხუთე მონაწილის ვინაობაღა რჩება: ამერიკის ზონის პლეი-ოფში ამ დარჩენილ საგზურს კანადა და ურუგვაი გაითამაშებენ.

ფიჯელებმა კი ზედიზედ მეორედ მოიგეს წყნარი ოკეანის ერთა თასი და სწორედ ამ ორი გათამაშების ჯამმა მოუტანა მათ დ ჯგუფის წევრობა.

ტონგასთან გასვლითი შეხვედრა დაძაბულ და უკონპრომისო ბრძოლაში წარიმართა. პირველ ტაიმში მხარეებმა თითო ჯარიმა გაიტანეს და 40 წუთი 3:3 დაასრულეს. მეორე ნახევრის დასაწყისში მასპიძლები ლელო-გარდასახვით დაწინაურდნენ (10:3), მაგრამ ფიჯელებმა სიტუაციის სათავისოდ შემობრუნება მაინც მოახერხეს.

ლეონე ნაკარავამ ერთი ლელო მალევე გაქვითა, ბენ ვოლავოლამ გარდასახვა ააცილა, თუმცა მომდევნო 20 წუთში ორი საჯარიმო დარტყმა უნაკლოდ შეასრულა - 14:10 ფიჯის სასარგებლოდ. სტუმრებმა ამ ანგარიშის შენარჩუნება შეძლეს და მსოფლიო თასზე ამ მოკლე გზით გავიდნენ.

ერთ კვირაში ფიჯის ნაკრები სამოას ესტუმრება და ამ მატჩის შედეგად გაირკვევა ამ უკანასკნელისა და ტონგას ნაკრების ბედი. მეორეადგილოსანი მსოფლიო თასის გ პულში მოხვდება, სადაც უკვე არიან ინგლისი, საფრანგეთი, არგენტინა და აშშ, ხოლო მესამეადგილოსანი ბრძოლას რეპეშაჟში გააგრძელებს.

ოკეანეთის შესარჩევი ზონის სატურნირო მდგომარეობა კი შემდეგნაირია:

1. ფიჯი 12

2. ტონგა 6

3. სამოა 5


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
11:39 | 09.07.2017
DataN24 (215)

მოგვიწევს გვარიანი ოფლის ღვრა მესამე ადგილისთვის, იქნებ მაინც შევძლოთ რაიმე სენსაციის გამოცხობა, ავსტრალიის გარდა ყველა კარგად ნაცნონი იქნება ამ დროისთვის და მწვრთნელების დუელი ძალიან უმნმიშვნელოვანესი იქნება

01:01 | 09.07.2017
პანტელეიმონი (1218)

მე მჯერა ბორჯღალოსნების ! ! !

რაგბი ჩვენი თამაშია ! ! !

17:13 | 08.07.2017
dinamo222 (692)

ფიჯი რომ იქნებოდა ისედაც ცნობილი იყო და მეხუთე კი კანადა იქნება ! თავიდანვე არ გაგვიმართლა კენჭისყრაზე და წინა მსოფლიოზე უფრო ძნელ ჯგუფში მოვხვდით @

16:46 | 08.07.2017
BEERTRANCE (1073)

იმედია კარგ მომზადებას გაივლიან მსოფლიოს წინ. გაგვიჭირდება ფიჯისთან, მარა შეგვიძლია მათი დამარცხება.

0.08198