სიახლეები

17:32 | 18.06.2017 | ნანახია 2256 - ჯერ

სამხრეთ აფრიკამ საფრანგეთი დაჩაგრა და III ადგილს დაეუფლა

საქართველოში მიმდინარე მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის III ადგილოსანი სამხრეთ აფრიკის ნაკრები გახდა. ახალგაზრდა “ქურციკებმა” გადამწყვეტ მატჩში ფრანგი თანატოლები დაჩაგრეს და ბრინჯაოს მედალს დაეუფლნენ.

ეს გუნდები ერთმანეთს ამ ტურნირზე მეორე დაუპირისპირდნენ. ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში ავჭალის სტადიონზე უკეთ საფრანგეთი გამოიყურებოდა და სამხრეთ აფრიკა მხოლოდ ბოლო წუთზე გატანილმა გარდასახულმა ლელომ იხსნა მარცხისგან (23:23 დასრულდა ის მატჩი). ამჯერად, მოვლენები სულ სხვანაირად წარიმართა და ფრანგებმა კარგად თამაში მხოლოდ პირველ ტაიმში მოახერხეს, ხოლო მეორე ნახევარში ძალიან დაიჩაგრნენ და დიდი ანგარიშით დამარცხდნენ.

პირველი ტაიმი თანაბარი გამოდგა: აფრიკელებმა ერთი გარდასახული ლელო გაიტანეს, ხოლო ფრანგებმა ასევე ერთი ლელო დადეს, რომლის გარდასახვაც ვერ შეძლეს, ერთი ჯარიმაც გაიტანეს და ტაიმი 7:8 მოიგეს.

მეორე ნახევარი სრულიად განსხვავებული გამოდგა და “ქურციკებმა” მეტოქეს შავი დღე აყარეს. აფრიკელებმა მეტოქეს ოთხი უპასუხო ლელო დაუდეს, ორი ჯარიმა გაუტანეს და ჯამში 30 ქულა გააკეთეს, ხოლო ფრანგებმა ერთადერთი რაც მოახერხეს, 77-ე წუთზე კუილოს მიერ გატანილი პრესტიჟის ლელოა, რომელიც თავადვე გარდასახა და შეხვედრა 37:15 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ამავე ანგარიშით დასრულდა გუშინ გამართული ამ ქვეყნების ძირითადი ნაკრებების დაპირისპირებაც.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.234793