20-წლამდელები

14:03 | 6.06.2017 | ნანახია 2404 - ჯერ

20-წლამდელები: დღე მეორე

თბილისსა და ქუთაისში მიმდინარე მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის ორი სათამაშო დღის შემდეგ, ტურნირს ხუთი დაუმარცხებელი გუნდი შემორჩა. ქულათა მაქსიმუმი (10) მხოლოდ ორმა გუნდმა - მოქმედმა ჩემპიონმა ინგლისმა და ახალმა ზელანდიამ აიღეს, ორივე თამაში მოიგო ავსტრალიამაც (9 ქულა), საფრანგეთს და სამხრეთ აფრიკას კი თითო ფრე და გამარჯვება აქვთ.

ა ჯგუფი

ჯგუფში ფავორიტებმა დაგეგმილი ქულები კი აიღეს, მაგრამ ამისათვის ორივე მათგანს ბოლომდე ბრძოლა დასჭირდა.

აუტსაიდერად მიჩნეულმა სამოამ თავდაჯერებულ ავსტრალიას დიდი ბრძოლა გაუმართა. კუნძულელებმა ტაიმი მოიგეს და მეორეს დასაწყისში უპირატესობა გაზარდეს, მაგრამ ავსტრალიის 12-წუთიან აფეთქებას წინ ვერ აღუდგნენ და სამი ლელო მიიღეს. მიუხედავად ამისა, სამოამ შეძლო ბრძოლაში დარჩენა, მართალია გამარჯვების ლელო ვერ დადო, მაგრამ მცირედი მარცხისთვის 1 ბონუს-ქულა ალალად დაიმსახურა.

ჰენრი ჰაჩინსონის ლელოთი დაწინაურდა და უპირატესობა ჰარი ნუსიფორას ჯარიმით გაზარდა. დებიუტში მათ ორიოდე სალელოვე შანსიც გაანიავეს და სამოამ ხასიათი დაიჭირა. ტანიელუ ტელეჰას ლელო პაისამიმ გარდასახა, მანვე 35-ე წუთზე ჯარიმა გაიტანა, ტაიმი 10:8 დასრულდა. მეორე ტაიმი ალექს პოლა-მარის ლელოთი დაიწყო და კუნძულელები 7-ქულიანი სხვაობით დაწინაურდნენ.

აქ ავსტრალიელებმა საქმეს სერიოზულად მოკიდეს ხელი, ერთბაშად მოუმატეს, 12 წუთის ინტერვალში რაილიმ, ტუპოუმ და მაკნამარამ ლელოები დადეს, ნუსიფორამ და გოდარდმა თითო გარდასახეს, 59-ე წუთისთვის ავსტრალია 27:15 დაწინაურდა. 5 წუთში პოლა-მარიმ თავისი მეორე ლელო დადო და ჩამორჩენა 1 გარდასახულ ლელომდე დაიყვანა. გოდარის ჯარიმას დასკვნით 10 წუთში რიქი ენემ ორი ჯარიმით უპასუხა, სამოას გამარჯვებისთვის ერთი ლელო ჭირდებოდა, მაგრამ მატჩის მიწურულს ჯარიმა თავად გაუშვა - 33:26 ავსტრალიის სასარგებლოდ და სამოა მხოლოდ 1 ქულას დასჯერდა.

ქრონი (ავსტრალიის მთავარი მწვრთნელი): „სამოა შესანიშნავი ერია, რომელიც ბრწყინვალედ თამაშობს რაგბის. ვიცოდი, რომ რთული ბრძოლა გველოდა. ბიჭებს 20 წელი ჯერ არ შესრულებიათ და როგორც ჩანს, ჩემი სიფრთხილე ყველამ ვერ გაითავისა. ჩვენ მათ ვეუბნებოდით, რომ სამოასთან ერთ-ერთი ყველაზე რთული შეხვედრა გველოდა“.

შვოლგერი (სამოას მთავარი მწვრთნელი): „ინგლისთან მატჩმა ბევრი რამ გვასწავლა და ბევრი ვიმუშავეთ შეცდომებზე, დაცვაზე და შემადგენლობის შერჩევაზე. გამარჯვების შანსი გვქონდა, თუმცა რამდენიმე შანსი გავანიავეთ და ამის გამო დავმარცხდით“.

უელსთან მატჩის პირველი ტაიმი მაღალ დონეზე ჩაატარა, 3 ლელო დაამიწა და 24:3 დაწინაურდა. ლელოები ჯასთინ ქლეგმა და ორიც გაბრიელ იბითოიემ დადეს. პირველი ტაიმის მიწურულს ქირონ ასირატიმ ერთი ლელო გაქვითა, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში უელსელთა შერკინებამ ინგლისისა მაგრად დაჩაგრა და საჯარიმო ლელოს შემდეგ სხვაობა 7 ქულამდე დავიდა.

მოქმედმა ჩენპიონმა წნეხს გაუძლო, თავის შანსს დაელოდა და როცა ის მიიღო, 5 წუთში 10 ქულა აიღო. გუნდის კაპიტანის, მაქს მელინზის კარგი თამაშის შედეგად, ალექს მიჩელმა ლელო დადო, ხოლო თავად კაპიტანმა გარდასახვის შემდეგ არეკნი შეასრულა და უელსელებს ხასიათი წაუხდინა. ჯოზეფ გუდჩაილდმა ლელოთი ჩამორჩენა შეამცირა, დასკვნით წუთებში უელსელებს კიდევ ერთი ლელო რომ დაედოთ, 2 პრემიალურ ქულას აიღებდნენ, ასე კი, 22:34 დამარცხდნენ და აუტსაიდერთა შორის რჩებიან.

მელინზი (ინგლისის კაპიტანი): „სამოასთან ყველაფერი მარტივად გამოგვდიოდა, აქ კი დიდი ბრძოლის გადატანა მოგვიხდა. მიუხედავად ყველაფრისა, ბედნიერი ვარ, რადგან ბონუს-ქულით გავიმარჯვეთ. ჩვენზე უარყოფითად იმოქმედა შუქის ჩაქრობამ. თამაში რომ განახლდა, შესვენებამდე დარჩენილ 5 წუთში უელსმა ლელო დაგვიდო და მეორე ტაიმში თამაშში დაბრუნების შანსი გაუჩნდა. მაგრამ თავი ხელში ავიყვანეთ, ბრძოლა გავაგრძელეთ და მეტოქეს კარგი პასუხი გავეცით“.

ჯოუნზ (უელსის კაპიტანი): „ინგლისმა შეცდომები არ გვაპატია, რამდენჯერმე ბურთი დავკარგეთ, წავაგეთ საჰაერო ბრძოლა და მეტოქეს ქულების აღების შესაძლებლობა მივეცით. მეორე ტაიმში კარგად დავბრუნდით, შერკინებაშიც ვდომინირებდით, მაგრამ მეტოქისგან სწრაფი პასუხი მივიღეთ. კრიტიკულ მომენტებში კონცენტრაციას ვკარგავთ, ასე იყო ავსტრალიასთანაც და მნიშვნელოვანია მომდევნო მატჩამდე სიტუაცია გამოვასწოროთ“.

ტურის შემდეგ ჯგუფს ქულათა მაქსიმუმით ინგლისი ლიდერობს, მას ქულით ჩამორჩება ავსტრალია, ხოლო უელსი და სამოა თითო ქულით მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფენ. დასკვნით ტურში ლიდერები ერთმანეთს ეთამაშებიან, ხოლო აუტსაიდერები მესამეადგილოსნის ვინაობას გაარკვევენ. ჯგუფებში ამ მომენტისთვის არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, პლეი ოფში ჩვენი მეტოქე შესაძლოა სწორედ ამ ჯგუფის მესამეადგილოსანი იყოს.

ჯგუფი

ჯგუფში ქულათა მაქსიმუმი ახალმა ზელანდიამ მოაგროვა, რომელმაც შოტლანდიის შემდეგ იტალიაც დიდი სხვაობით დაამარცხა, მაგრამ ‘ჯუნიორ ბლექსის’ დაცვა კვლავ არადამაჯერებლად გამოიყურებოდა. იტალიელებმა 5-გზის ჩემპიონებს პრობლემები შეუქმნეს და ჯამში 4 ლელო დაუდეს, რითაც 1 პრემიალური ქულა აიღეს, თუმცა თავად 9 ლელო მიიღეს.

ზელანდიამ 68:26 მოიგო და გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ტურნირის 10-წლიან ისტორიაში ქულათა 2000-იან ზღვარს გადააბიჯა.

ფილპოთ (ახალი ზელანდიის მთავარი მწვრთნელი): „კარგ ამინდში, კარგ გაზონზე, რაგბის თამაში ერთი სიამოვნებაა და ჩვენც ვისიამოვნეთ“.

რიჩონი (იტალიის კაპიტანი): „ჩვენი მიზანი ბონუს-ქულის აღება იყო და კმაყოფილი ვარ, რადგან ეს შევძელით. მეორე ტაიმში მოვეშვით, ეს კი ახალ ზელანდიასთან დაუშვებელია. წინ შოტლანდიასთან გასამართი უმძიმესი თამაში გველის. ჩვენი მიზანი ჯგუფში მეორე ადგილის დაკავებაა. ვიცით, რომ მეტოქე ძლიერია, თუმცა 8-ში გამარჯვება მაინც ჩვენ დაგვრჩება“.

ირლანდიას 5 ლელო დაუდო და 20-წლამდელთა ჩემპიონატის ისტორიაში პირველად დაამარცხა - 32:28. თამაში კარგი საყურებელი გამოდგა და 20 წუთის შემდეგ ირლანდია 10:0 დაწინაურდა, თუმცა ტაიმის ბოლომდე ორი ლელო გაუშვა და 10:12 ჩამორჩა. შოტლანდიამ ლიდერობა ხელიდან აღარ გაუშვა, ირლანდიამ კი რამდენჯერმე შეძლო ჩამორჩენის შემცირება, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ 1 ბონუს-ქულას დასჯერდა.

ჰანთერ-ჰილ (შოტლანდიის კაპიტანი): „ბედნიერი ვარ, რადგან ორი თამაშის მოგების შანსი გვაქვს. ვამაყობ ჩემი თანაგუნდელებით, რადგან ისინი მაშინაც კი იბრძვიან, როდესაც ენერგია თითქოს აღარავის შერჩა. ერთი სიამოვნებაა დარსი გრემისა და როს მაკქენის გარღვევების ყურება. ბვერს არ სწამდა ჩვენი, თუმცა დავამტკიცეთ, რომ კარგი თამაშის ჩვენება და გამარჯვებების მოპოვება შეგვიძლია“.

ბოილ (ირლანდიის კაპიტანი): „მართალია ზედიზედ ორი თამაში წავაგეთ, მაგრამ მწამს, შეგვიძლია გადაჯგუფება მოვახდინოთ და ახალი ზელანდია დავამარცხოთ“.

ზელანდია 10 ქულით ჯგუფის ლიდერია, შოტლანდია და იტალია 5-5 ქულით მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ, ხოლო ირლანდია 2 ბონუს-ქულით ბოლოზეა. 8 ივნისს იტალია და შოტლანდია მეორეადგილოსანს გაარკვევენ, ხოლო ლიდერი ახალი ზელანდია აუტსაიდერ ირლანდიას ეთამაშება.

ჯგუფი

დღის წინ საფრანგეთმა სამხრეთ აფრიკასთან გამარჯვება ხელიდან ბოლო წუთზე გაუშვა (23:23), ახლა კი არგენტინასთან ბოლო წუთზე დადებული ლელოთი 26:25 იმარჯვა. ამ ორმა ტურმა აჩვენა, რომ საქართველოს ჯგუფში თანაბრად ძლიერი მეტოქეები ერგო და ყველაფერი უკანასკნელ ტურში გადაწყდება.

ხელდახელ მწვავედ უტევდა და ტაიმი 7:3 მოიგო, ხოლო მეორე ნახევრის დასაწყისში უპირატესობა კიდევ ერთი გარდასახული ლელოთი გაზარდა, თუმცა საფრანგეთი არ გატყდა და დასკვნით 20 წუთში ლიდერი რამდენჯერმე შეიცვალა. ტომას ალვორნოსის არეკნის შემდეგ, თითქოს ყველაფერი დასრულდა, არგენტინა 25:21 დაწინაურდა, მაგრამ ბოლო წუთზე აგუსტინ მედრანო დაჯარიმდა და რეფერიმ ის სინბინში გაუშვა, ფრანგებმა დერეფნიდან კარგი მოლი ააგორეს და ის ლელოთი პიტო მაუვაკამ დაასრულა - 26:21.

მალანოსი (არგენტინის კაპიტანი): „დავმარცხდით, რადგან ხშირად ვჯარიმდებოდით, ბურთს უაზროდ ვკარგავდით და შეცდომებს ვუშვებდით. როდესაც ბურთი ხელთ გვეპყრა კარგად ვუტევდით და ლელოებიც დავდეთ. ახლა ფიზიკურად ძალიან მძიმე მატჩი გველის სამხრეთ აფრიკასთან. შევეცდებით ძალები მალე აღვიდგინოთ და კარგად მოვემზადოთ“.

ბოერი (საფრანგეთის მთავარი მწვრთნელი): „დღეს უმნიშვნელოვანესი და ურთულესი თამაში გვქონდა. შარშან არგენტინასთან დავმარცხდით და ნახევარფინალში ვერ მოვხვდით, ახლა კი, რევანშის აღება გვსურდა. არგენტინელები დიდებულად, თავისუფლად თამაშობდნენ. ჩვენმა ფორვარდებმა, როგორც შერკინებაში, ასევე დერეფანში ძალიან კარგად იმუშავეს. ეს იყო თამაში, რომლის მოგებასაც ორივე გუნდი იმსახურებდა. საბოლოოდ გამარჯვება ჩვენ დაგვრჩა და ვფიქრობ, ასეთი შეხვედრის მოგება ფსიქოლოგიურად წაგვადგება“.

თამაშის შემდეგ ჯგუფს 7 ქულით სამხრეთ აფრიკა ლიიდერობს, არგენტინასა და საფრანგეთს 6-6 ქულა აქვთ, ხოლო საქართველო ჯერჯერობით უქულოდაა. დასკვნით ტურში არგენტინა და სამხრეთ აფრიკას ეთამაშება (15:30 საათი), ხოლო საფრანგეთი საქართველოს შეხვდება (18:00 საათი).

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082163