ბორჯღალოსნები

12:20 | 2.06.2017 | ნანახია 4757 - ჯერ

ბილ ბომონტი: გააძლიერეთ საკლუბო რაგბი

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის პირველ თამაშებს თბილისში, ავჭალის სარაგბო სტადიონზე მსოფლიო რაგბის პრეზიდენტი ბილ ბომონტი დაესწრო.

მსოფლიო რაგბის უმაღლესი რანგის მმართველი საქართველოს სპეციალურად ამ ტურნირისთვის ეწვია. სტადიონზე მისვლამდე ის საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა და მას ქართული რაგბის განვითარების პერსპექტივებზე ესაუბრა. პრემიერმა ბომონტთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველოს მთავარობა მზადაა, რაგბის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.

თამაშებს შორის შესვენებისას ბილ ბომონტს რამდენიმე კითხვა დავუსვით:

- ბატონო ბომონტ. ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მსოფლიო რაგბის პრეზიდენტად აგირჩიეს. ამ პერიოდში, რამდენად შეძელით ე. წ. ტიერ 1-ისა და ტიერ 2-ის ნაკრებებს შორის არსებული სხვაობის შემცირება?

- მინდა გითხრათ, რომ გუნდების დონეებად დაყოფა პირობითია და ჩვენ გუნდებს ამის მიხედვით არ ვყოფთ. ესაა განთესვის შედეგად მიღებული დაყოფა, რომლის დროსაც ექვსი ერის გუნდები ტიერ1-ის, ხოლო რაგბი ევროპის ჩემპიონატის მონაწილეები ტიერ2 გუნდებად განიხილებიან. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მეორე დონის გუნდები პირველებს სათამაშო ხარისხით ჩამოუვარდებიან.

რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია, რომ ეს ზღვარი კიდევ უფრო შემცირდეს და კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადადგმულია. ალბათ იცით, რომ 2019 წლის მსოფლიო თასის შემდეგ, პირველ და მეორე დონის გუნდებს შორის ურთიერთშეხვედრების რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება და სამომავლოდ კიდევ უფრო გაიზრდება.

- ერთ დროს თქვენ ექვს ერს ხელმძღვანელობდით, კარგად იცნობთ მის სტრუქტურას და რატომ არ სურს ამ ორგანიზაციას კარის გაღება ისეთი პროგრესირებადი ნაკრებებისთვის, როგორიც საქართველო და რუმინეთია?

- დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ კითხვას დამისვამდით. კარგად მოგეხსენებათ, რომ ექვსი ერი დამოუკიდებელი სტრუქტურაა და მსოფლიო რაგბს მასზე ზემოქმედების არანაირი ბერკეტი არ გააჩნია. ჩვენ ვერ მივცემთ მათ მითითებას რა და როგორ უნდა გააკეთონ, ერთადერთი რაც შეგვიძლია, ექვსი ერისა და რაგბი ევროპის ჩემპიონატის გუნდებს შორის ტესტ-მატჩების დანიშვნაა. ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადადგმულია და 2020 წლიდან ყოველ ზაფხულს, თბილისს ექვსი ერის მინიმუმ თითო წარმომადგენელი ეწვევა.

- ეს ყველაფერი ძალიან კარგია. კიდევ რა გზებს ხედავთ ქართული რაგბის განვითარების დასაჩქარებლად?

- ამისათვის მნიშვნელოვანია, რომ ქართული კლუბები წამყვან ევროთასებში ჩაერთონ, რეგულარულად ითამაშონ ინგლისისა და საფრანგეთის ტოპ-კლუბების წინააღმდეგ. რუსეთმა თავისი შანსი გამოიყენა და წელს ორი კლუბით იქნება წარმოდგენილი ჩელენჯ ქაფზე. თუკი რუსეთს ევროტურნირებში 2 კლუბი ყავს, მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა კლუბებმაც შეძლონ ანალოგიურის გაკეთება.

გარდა ამისა, მიდის მსჯელობა არგენტინის მაგალითზე, რომელიც საკმაოდ ძლიერი ფრანჩაიზის სახით ზე-რაგბიში ჩაერთო. მე მესმის, რომ ქართველი მორაგბეების უმეტესობას კონტრაქტები აქვთ უცხოურ კლუბებთან და ბევრი პრობლემა იჩენს თავს, მაგრამ ჩვენი სურვილია, რომ ქართველებსაც ყავდეთ ძლიერი კლუბი და გამოსავალი აუცილებლად უნდა მოინახოს.

- სხვა სპორტის სახეობების მსგავსად, რაგბშიც რომ ჩატარდეს ევროპის ჩემპიონატი? ეს ხომ საქართველოს, რუმინეთის და სხვა დანარჩენი ნაკრებებისთვის განვითარების საშუალება იქნება?

- იდეალურ სამყაროში ევროპის ჩემპიონატის იდეა ძალიან კარგია, მაგრამ ზემოთ ქართული კლუბების გაძლიერებასა და მათ ევროტურნირებში ჩართვაზე შემთხვევით არ მისაუბრუია. საკლუბო ტურნირებს, ჩემპიონატებს და ზოგადად წამყვან კლუბებს საკუთარი პრინციპები და მოთხოვნები აქვთ. ამ ფონზე ჩვენ ერთი თავისუფალი შაბათ-კვირის გამონახვაც კი გვიჭირს და როგორ წარმოგიდგენიათ ექვსი თავისუფალი შაბათ-კვირის გამონახვა?

- დღეს თქვენ საქართველოში, 20-წლამდელთა ჩემპიონატზე იმყოფებით. კმაყოფილი ხართ ორგანიზაციული მხარით?

- აბსოლუტურად! რასაც ვხედავ, ეს ყველაფერი ძალიან კარგია - ბაზები, სტადიონები, ორგანიზაციული მხარე, და სწორედ ეს იქნება უზარმაზარი კრედიტი იმისთვის, რომ დიდმა გუნდებმა საქართველოში სათამაშოდ ჩამოსვლა დაიწყონ.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
15:48 | 03.06.2017
dinamo222 (692)

კარგი იქნებოდა ის ეკითხათ 6 ერის მსგავსი ე.წ. მეორე დონის გუნდების (საქართველო რუმინეთი ფიჯი ტონგა სამოა ამერიკა კანადა იაპონია) ტურნირის ჩატარებაზე რა აზრისაა !

07:05 | 03.06.2017
ogafa (407)

მართალია

02:41 | 03.06.2017
პანტელეიმონი (1218)

მართალია ეს კაცი, საკლუბო რაგბის განვითარების გარეშე ვეღარ გავითარდებით.

გულშემატკივართან რაგბის განვითარებაზე პირველ რიგში რაგბის კავშირია პასუხისგებელი, ამიტომ კეთილი უნდა ინებონ და დაარწმუნონ სახელმწიფო ჩინოვნიკები და სპონსორები, რომ მოხერხდეს ორი კლუბის ჩართვა წელსვე ევროტურნირებზე და თუ ამას ვერ შეძლებენ დატოვონ მაშინ თანამდებობი და მოვიდეს ის ხალხი ვინც ამას შეძლებს.

00:14 | 03.06.2017
krasni (587)

ეს კი გვარიგებს ჭკუას, მაგრამ ამგენს ესმით?

15:30 | 02.06.2017
BEERTRANCE (1073)

ცინიკოსია თუ რა ეგ ნაღდი გვითხრა რო საკლუბო რაგბის გარეშე გაგვიჭირდება წინსვლა.

13:04 | 02.06.2017
buratino (480)

მინდა მივმართო რაგბის კავშირს და ე.წ. "სპონსორებს":
ჩვენი (ქომაგების) თუ არ გესმით, ახლა ამ კაცის მაინც გაიგონეთ! სასწრაფოდ მიიღეთ ზომები რათა ქართული გუნდ(ებ)ი ევროტურნირებზე გავიდნენ! ასევე მიხედეთ შვიდკაცას, გაუშვით ახალგაზრდა უკანახაზელები მსოფლიოს წამყვან სარაგბო სკოლებში/კლუბებში გამოცდილების მისაღებად!
წინააღმდეგ შემთხვევაში ქართული რაგბს ან უძრაობა (საუკეთესო ვარიანტში) ან უკუსვლა ემუქრება!

17:48 | 02.06.2017
ოვალური კორბენი (276)

ისედაც გართულდება წინსვლა აწი. ჩვენს წინ ხომ მხოლოდ ტრადიციული სარაგბო ქვეყნები, გრანდები დარჩნენ.
ყველა ზომა უნდა ვიხმაროთ და ყველა შანსი გამოვიყენოთ.

12:49 | 02.06.2017
mindia (74)

რა ცინიკოსია ერთი ამას უყურეთ რა

13:01 | 02.06.2017
buratino (480)

რა გინდა, კაცმა გარკვევით თქვა - გააძლიერეთ საკლუბო რაგბი (და მეტის პრეტენზიაც გექნებათო)

13:52 | 02.06.2017
mindia (74)

აი იმ მონაკვეთზე ვამბობ, სადაც თითქოს ჩვენზე ზრუნვით კვდება. სურვილი რომ ჰქონდეს, რაღაცას მაინც მოიფიქრებდა, მაგრამ არ ჰკიდია.

0.081322