2017 წლის ევროპის გრან პრი 7-კაცა რაგბში, 2018 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა და მოშვიდკაცე ბორჯღალოსნები მისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან.
ორიოდე თვის წინ, საქართველოს რაგბის კავშირსა და სამხრეთ აფრიკის "ვესთერნ პროვინსის" აკადემიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა ამ აკადემიაში 12-დღიანი შეკრება გაიარა და შთაბეჭდილებებით დატვირთული დაბრუნდა.
აღსანიშნავია, რომ სამხრეთ აფრიკაში 7-კაცა რაგბი მუდმივ აღმასვლას განიცდიდა და წლევანდელ მსოფლიო სერია ვადაზე ადრე, დიდი უპირატესობით მოიგო - 9 ეტაპიდან 5 მოიგო და 3-ში ფინალში დამარცხდა.
სამხრეთ აფრიკის ნაკრების ერთ-ერთი თვალსაჩინო ვარსკვლავია როსკო სპეკმენი, რომელსაც 2013 წელს სამხრეთ აფრიკის „ა“ ნაკრების შემადგენლობაში თბილისის თასზე უთამაშია, 2014 წლიდან კი, 7-კაცაში გადაინაცვლა და ქომაგების სიყვარული მალევე დაიმსახურა.
თავის დროზე როსკო სრკ-ს აკადემიის ერთ-ერთ ინსტრუქტორთან, გიორგი ნოზაძესთან ერთად თამაშობდა და მეგობრობის ხათრით ჩვენთან ექსკლუზიურ ინტერვიუსაც დიდი სიამოვნებით დათანხმდა.
- დიდი მადლობა, რომ დაგვთანხმდით ინტერვიუზე. დასაწყისისთვის თუ შეიძლება გვითხარით, რატომ და როდის დაიწყეთ რაგბის თამაში?
- მამაჩემი მორაგბე იყო, მე მის თამაშებს ვუყურებდი და გავლენის ქვეშ ვიყავი. საშუალო სკოლაში სწავლისას კრიკეტს ვთამაშობდი და მძლეოსანი ვიყავი. 100-მეტრიან გარბენში გამარჯვებულიც გავხდი, თუმცა უფროს ასაკში რაგბში ვცადე ბედი. სკოლის გუნდის კვალობაზე ყველაფერი გამომდიოდა, მივხვდი, რომ მქონდა ნიჭი, მინდოდა რაგბი მეთამაშა და ამ საქმეს სერიოზულად მოვკიდე ხელი.
- რატომ არ გაყევით რაგბი15-ს და რატომ შეაჩერეთ არჩევანი 7-კაცა რაგბზე?
- რაგბი 15-ს ‘შარქსსა’ და ‘პუმასში’ ვთამაშობდი. მე ეს ძალიან მომწონდა, თუმცა გადავწყვიტე გავყოლოდი რაგბი7-ს, რადგან ეს იყო შანსი მეთამაშა საკუთარი ქვეყნის ნაკრებში და არა მხოლოდ პროვინციის გუნდში.
- როგორ ფიქრობთ, მორაგბეს, რომელიც რეგულარულად თამაშობს 15-კაცას, შეუძლია 7-კაცას მაღალ დონეზე თამაში და პირიქით?
- 15-კაცას და 7-კაცას ბევრი რამ აქვს საერთო, წესები, ბურთთან ურთიერთობა და ეს გადართვას აადვილებს. თუმცა 15-კაცადან 7-კაცაზე გადასვლას მაინც ახლავს სირთულეები. მოედანზე მორაგბეთა რაოდენობა მცირეა და თამაში მაღალ სიჩქარეებს მოითხოვს.
- ახლა თუ გსურთ 15-კაცას თამაში?
- მინდა ვითამაშო სუპერ რაგბი და სამხრეთ აფრიკის 15-კაცა ნაკრებში მოვხვდე. ვფიქრობ, ოცნების პირველი ნაწილი მალე ამიხდება. მაქვს შეთავაზება ‘ჩითასიდან’ და 7-კაცას მსოფლიო სერიის დასრულების შემდეგ, 2017 წლის სუპერ რაგბის დასკვნით პერიოდს ამ გუნდში გავატარებ.
- რატომაა, რომ სამხრეთ აფრიკულ ფრანჩიზებს ბოლო დროს სუპერ რაგბიში პრობლემები აქვთ?
- არ ვფიქრობ, რომ სამხრეთ აფრიკული გუნდები ცუდად თამაშობენ. ჩვენ მრავლად გვყავს ნიჭიერი მორაგბეები და მწვრთნელები. ალბათ, გარკვეული დრო ჭირდება კომბინაციების დამუშავებას, გუნდის შეთამაშებას და მერე ყველაფერი სხვაგვარად იქნება.
- დავუბრუნდეთ 7-კაცას და თუ შეიძლება, გაგვაცანით როგორია თქვენი 1 კვირა სეზონის მსვლელობისას?
- ძალიან დატვირთული გრაფიკით ვემზადები. საწვრთნელი პროცესი დილის 7 საათზე იწყება და 16-ზე სრულდება. ყოველი დღე ერთმანეთისგან განსხვავებულია. ზოგადად რომ ვთქვა, გრაფიკი ასეთია: მოთელვა, ტანვარჯიშის სეანსი, მოედანზე სირბილის ვარჯიში, ხაზის ვარჯიში, დაცვა და შეტევა, კარდიოს სეანსი და ყველა დღე მასაჟითა და ფიზიოთერაპიით სრულდება. მნიშვნელოვანია ბევრი ივარჯიშო, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია გაუფრთხილდე საკუთარ ორგანიზმს. ეს უკანასკნელი სწორედ ამას ემსახურება.
- როგორ ისვენებთ და რას აკეთებთ თავისუფალ დროს?
- თავისუფალ დროს უმეტესად სახლში ვატარებ. მიყვარს გვიან დაძინება და ტელევიზორის ყურება.
- ბოლო დროს სამხრეთ აფრიკის 7-კაცა განსაკუთრებით წარმატებული გუნდია. როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა თქვენი ასეთი წინსვლა?
- ჩვენ გვაქვს უნიკალური სისტემა და წარმატებაც მისი შედეგია. გვყავს უფროსი ასაკის 7-კაცა ნაკრები, რომელიც რეგულარულად თამაშობს მსოფლიო სერიას. პარალელურად, ჩვენი აკადემიის ნაკრები რეგულარულად მონაწილეობს სხვადასხვა ტურნირებში. აკადემიის გუნდი გვიზრდის ახალ მოთამაშეებს და როდესაც რომელიმე მორაგბე 7-კაცა ნაკრებს ტოვებს, ან ტრავმას იღებს, გვყავს მისი შემცვლელი ნიჭიერი მოთამაშე, რომელიც უმტკივნეულოდ ავსებს ჩვენს რიგებს. ამავდროულად, ჩვენი გუნდი სხვებისგან განსხვავებულია. მოედანს მიღმა ერთად ძალიან დიდ დროს ვატარებთ, ბევრი რამ გვაერთიანებს და ნამდვილი ოჯახივით ვართ.
- 2013 წელს თბილისის თასზე ითამაშეთ. რამდენად დაგეხმარათ ეს ტურნირი სპორტული წარმატებების მიღწევაში და რა დაგამახსოვრდათ საქართველოზე?
- კარგად მახსოვს საქართველოში გატარებული პერიოდი. ეს იყო ახალი გამოცდილება და ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე. თბილისის თასი ჩემთვის იყო შესანიშნავი შესაძლებლობა. კარიერაში პირველად დამიძახეს სამხრეთ აფრიკის ნაკრებში და ვიცავდი ჩემი ქვეყნის ღირსებას.
- ცოტა ხნის წინ საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა "ვესთერნ პროვინსის" აკადემიაში 12-დღიანი შეკრება გაიარა.
- სამხრეთაფრიკული რაგბის წარმატება სწორედ აკადემიის სიძლიერეზე დგას. ჩვენს აკადემიაში 7-კაცა რაგბს ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა და ის შესანიშნავი ადგილია ახალგაზრდა მორაგბეების განვითარებისთვის. გვყავს შესანიშნავი მწვრთნელები და მენეჯერები, იდეალური პირობები და ყველა საშუალება იმისათვის, რომ საკუთარი შესაძლებლობები აიმაღლო.
საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
საღოლ რაგბის პრესსამსახურს, მსოფლიო სერიას ხშირად ვუყურებ ხოლმე და სპეკმენი მართლაც გამორჩეული ფიგურაა ს.აფრიკაში, რომელსაც წელს საუკეთესო გუნდი ჰყავს.