დიდი 10

11:06 | 14.05.2017 | ნანახია 1796 - ჯერ

ფინალის წინ | სეზონის ბოლო მატჩი
"ჯიქი" და "ბათუმი" ევროპისკენ იყურება

ხვალ, 14 მაისს, 17 საათზე, "მიხეილ მესხზე" დიდი 10 ტოიოტას ფინალი გაიმართება, რომელშიც საქართველოს ჩემპიონის ტიტულისთვის გორის "ჯიქი" და ბათუმის "ბათუმი" შეიბმებიან.

გუნდები მომავალ თამაშს ოპტიმალური შემადგენლობით და დიდი იმედებით ხვდებიან. ბათუმელებმა მცირე ფინალში მოქმედი ჩემპიონის, "ლელო-სარასენსის" დამარცხების (11:9) შემდეგ ერთი დღე დაისვენეს, სამშაბათს გეზი თბილისისკენ აიღეს და მარტყოფის ბაზაზე დაბანაკდნენ. გუნდმა კაპიტნის ვარჯიში მარტყოფის მოედანზე გამართა, საქართველოს რაგბის კავშირი კი მის მწვრთნელს, დავით გუგუშვილს გაესაუბრა:

“მცირე ფინალის შემდეგ ერთი დღე აღდგენას დაეთმო და სამშაბათს მარტყოფის ბაზაზე ჩავედით. დანაკარგი არ გვაქვს და ამისათვის სამედიცინო შტაბს დიდ მადლობას ვუხდით - მათ ძალიან კარგად იმუშავეს. მოსამზადებლად ყველა პირობა გვაქვს, ერთი ეგაა, მცირედით ხელი წვიმამ შეგვიშალა.

“სხვა მხრივ გეგმაზომიერად ვემზადებით. მოთამაშეებისგან დავალებების ზუსტად შესრულებას და თავდადებულ თამაშს ველოდებით. "ჯიქი" საჩუქარი არავისთვისაა, ფინალში ორივე გუნდი დამსახურებულად გავიდა და გამარჯვებას ის მოიპოვებს, ვინც წნეხს ბოლომდე გაუძლებს. წინ დიდი სარაგბო ზეიმი გველის და გვსურს, ეს ზეიმი ბათუმში გაგრძელდეს.

“მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით "ტოიოტას", რომელმაც ფინალურ შეხვედრას საპრიზო ფონდი შემატა. ეს ჩვენთვის დიდი სტიმულია და მაგალითის მიმცემი უნდა გახდეს სხვა კომპანიებისთვის, რათა ერთად გავაძლიეროთ ქართული რაგბი“.

გორის "ჯიქმა" დიდი 10-ის რეგულარული გათამაშება მოიგო, ორი კვირისი წინ შესარჩევ პლეი ოფში "ბათუმს" გორში 25:6 სძლია და პირველად არსებობის ისტორიაში, ამ ახალგაზრდა კლუბმა ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. "ჯიქმა" მატჩის წინა დღეს "მიხეილ მესხზე" კაპიტნის ვარჯიში გამართა და ჩვენ გუნდის მთავარ მწვრთნელ პალიკო ჯიმშელაძეს გავესაუბრეთ:

“კლუბის ისტორიაში ერთი მნიშვნელოვანი თამაში უკვე გავიარეთ და ის ჩვენთვის წარმატებული გამოდგა. ფინალი კიდევ ერთი ახალი ნაბიჯი იქნება. "ბათუმს" მსგავსი მატჩების გამოცდილება აქვს, ჩვენთვის ეს პირველი ფინალია, დიდ სტადიონზე, უამრავი მაყურებლის წინაშე. ბათუმი ორი კვირის წინანდელი მარცხისთვის რევანშის აღებას ეცდება და მძიმე თამაში გველის. განვლილი პერიოდი შეცდომების გამოსწორებაზე მუშაობაში გავატარეთ და ვნახოთ ფინალი როგორ წარიმართება.

“ბათუმს ორი კვირის წინ თამაში არ წაუვიდა, ბევრი შეცდომა დაუშვა და ამის გამო დამარცხდა. დარწმუნებული ვარ, ამ გუნდს მეტი შეუძლია. თუმცა მაშინ ვერც ჩვენ ვაჩვენეთ საუკეთესო თამაში. "ლელო-სარასენსთან" ეს გუნდი ხშირად თამაშობდა ფეხით და ალბათ ახლაც ეცდება ამ უპირატესობის გამოყენებას.

“გორში სამდღიანი შეკრება გავიაერთ. საბედნიეროდ ტრავმირებულები არ გვყავს, მხოლოდ დევი დევსურაშვილი გვაკლია, რომელიც დიდი ხანია ტრავმირებულია.

“ტოიოტას მხრიდან გამოჩენილმა დიდმა ყურადღებამ არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ყველა გუნდის მოტივაცია გაზარდა. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი სტიმულია. თანხის რაოდენობაზე მეტად, სტიმულს სწორედ ეს ყურადღება გვმატებს და იმედია მის მაგალითს სხვებიც მიბაძავებნ“.

სასიამოვნოა, რომ ფინალში გასული ორივე გუნდი შემოდგომიდან ჩელენჯ ქაფის შესარჩევ ტურნირში ჩართვას გეგმავს. საქართველოს რაგბის კავშირმა ევროპის პროფესიული კლუბების კავშირში ტურნირში ორი ქართული კლუბის მონაწილეობასთან დაკავშირებით განაცხადი გააკეთა, თუმცა ამისათვის კლუბებს ფინანსები ჭირდებათ:

“ჩვენ გვაქვს ამის სურვილი და ჩელენჯ ქაფის საკვალიფიკაციო ტურნირში ჩართვას ვგეგმავთ. ბათუმის მერიამ მხარდაჭერა აღგვითქვა და გვინდა ჩვენი ძალები გამოვცადოთ“ - განაცხადა გუგუშვილმა.

“ამ შანსით აუცილებლად ვისარგებლებთ. კლუბის ხელმძღვანელობა გვერდში გვიდგას, ეს უდიდესი გამოცდილება იქნება და მნიშვნელოვნად აამაღლებს დიდი 10-ის დონეს. ვფიქრობ, ფინანსური პრობლემები მოგვარდება და შემოდგომიდან ახალგაზრდა კლუბი "ჯიქი" ჩელენჯ ქაფის შესარჩევ ტურნირში ჩაერთვება“ - ამბობს ჯიმშელაძე.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
11:49 | 14.05.2017
temuchin (431)

წარმატებები ქართულ რაგბს! ვენაცვალე ბათუმს თუმცა ამ კონკრეტულ მატჩში ჯიქს ვგულშემატკივრობ. ჩელენჯზე ქართული გუნდების ხილვა ჩვენი ოცნებაა!

0.090579