დიდი 10

21:38 | 7.05.2017 | ნანახია 2805 - ჯერ

"ბათუმი" ტოიოტას ფინალში

"ბათუმის" ფულბეკმა ბახვა კობახიძემ დრამატული მატჩის მიწურულს არეკნი გაიტანა და მისი გუნდი 14 მაისს ჩემპიონობისთვის გორის "ჯიქს" შეერკინება.

წინასწარ ფინალში ზღვისპირელები ბოლო ოთხი გათამაშების ფალავან თბილისის "ლელო-სარასენსს" მასპინძლობდნენ და გამოცდილების კვალობაზე ფავორიტად მოქმედი ჩემპიონი ითვლებოდა. შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია და ბათუმური წვიმის მიუხედავად, მატჩი სრული ანშლაგით ჩატარდა.

პირველ ტაიმში მასპინძლებმა მეტოქე შერკინებაში დაჯაბნეს, ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვეს და ერთადერთი ლელოც გაიტანეს. მანამდე, მატჩის დებიუტში ანგარიში ირაკლი ყიასაშვილმა ჯარიმით გახსნა. მე-11 წუთზე თემურ სოხაძეს არეკნის შესრულების მცდელობისას დაუფარეს და "ბათუმი" ლელოს გადარჩა, თუმცა ამ იარაღზე მასპინძლებმა უარი არ თქვეს და საბოლოოდ ეს წარმატების მომტანი აღმოჩნდა.

მე-18 წუთზე სოხაძემ ჯარიმით წონასწორობა აღადგინა, მერე მისი არეკნი არაზუსტი იყო, 34-ე წუთზე კი, "ბათუმი" დაწინაურდა: ხელდახელ შეტევის შემდეგ ალექსი ტუჩაშვილი მეტოქის 22-ში შევიდა, იერიში საპირისპირო ფლანგზე გაიშლა, სოხაძემ გრძელი გადაცემით ვანო ფუტკარაძე მოძებნა და ის ლელოში მარცხენა ალამთან შეიჭრა. გარდასახვა არაზუსტი იყო და სოხაძეს მეორე ტაიმის დებიუტში არეკნი გაუცუდდა, თუმცა მისი დარტყმების შემდეგ სტუმრებს ყველაფრის თავიდან დაწყება უწევდათ და ბათუმელებს ამოსუნთქვის საშუალება ეძლეოდათ.

50-ე წუთის შემდეგ ინიციატივას უკვე "ლელო-სარასენსი" დაეუფლა. მათი შერკინება დადგა და ორჯერ საფირმო მოლიც აგორდა, მაგრამ "ბათუმმა" ლელოს დაცვა მოახერხა. სამაგიეროდ ყიასაშვილმა ძელის გავლით ჯარიმა გაიტანა და ჩამორჩენა შეამცირა. 65-ე წუთზე ბათუმელთა მგეზავს კიდევ ერთი არეკნი გაუცუდდა და 40 მეტრიდან ჯარიმაც არაზუსტი იყო.

ამ ფონზე 77-ე წუთზე ყიასაშვილის მიერ გატანილი ჯარიმა გარდამტეხი ჩანდა - "ლელო-სარასენსი" 9:8 დაწინაურდა, თუმცა სულ ბოლოს არეკნის 37-38 მეტრიდან შესრულება ბახვა კობახიძემ ითავა, ბურთი ძელებსშუა გააძვრინა და "ბათუმმა" 11:9 მოგებით ფინალის საგზური მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ბათუმელებს ჩემპიონატის ფინალი 2009 წლის შემდეგ არ უთამაშიათ და 14 მაისს "მიხეილ მესხზე" იმ გორის "ჯიქს" შეხვდებიან, რომელთანაც შესარჩევ პლეი ოფში 6:25 დამარცხდნენ.

ამრიგად სეზონის დასრულებამდე და 2016/17 წლის ჩემპიონის გამოვლენამდე ერთი მატჩი, დიდი 10-ის ტოიტას ფინალი დარჩა.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
15:25 | 08.05.2017
nikachkhaidze (21)

ძალიან ცუდია, რომ რაგბი მარტო თბილისშია განვითარებული, რეალურად ბათუმშიც და ჯიქშიც თბილისელები არიან უმეტესობა. რუსთავი და ქუთაისი არის წარმოდგენილი მარტო ადგილობრივი მორაგბეებით. ფოთს ყავდა ადრე კარგი გუნდი და იმედია ისევ მოიხოდება, ასევე კარგი პოტენციალი აქვს პატარძეულს

10:27 | 08.05.2017
geogoli (367)

ცოტა ხნის წინ დაიწერა კომენტარერებში რეგიონის გუნდებს ჩაგრავენო და აგერ ბათუმი და გორი ხვდება ფინალში ერთმანეთს.

23:22 | 07.05.2017
temuchin (431)

ვულოცავ ბათუმს, ისე ტუჩაშვილი მგონი ღირსია ნაკრების მინიმუმ გაფართოებულ შემადგენლობაში იქნას გამოძახებული. ნაკრები ზედმეტადაა კონცენტრირებული ლელოს მოთამაშეებით და ცოტა არ მომწონს ეს, ნიჭიერები სხვაგანაც მოიძებნებიან და არა ერთი და ორი.

0.085657