ჩელენჯ კაპი

10:30 | 23.04.2017 | ნანახია 2980 - ჯერ

მარტყოფიდან ევროპამდე

ციმბირულმა ‘კრასნი იარმა’ რუმინეთის ჩემპიონი ‘ტიმიშუარა-სარასენსი’ სტუმრად 27:18 დაამარცხა და ჩელენჯ ქაფის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.

კრასნოიარსკული კლუბის წარმატებაში უდიდესი წარმატება საქართველოს და ქართველებს მიუძღვის. გუნდმა ჩელენჯ ქაფის ფლეი ოფისთვის მოსამზადებელი პერიოდი საქართველოში, კერძოდ მარტყოფის სარაგბო ბაზაზე გაიარა, მის შემადგენლობაში კი ერთბაშად ხუთმა ქართველმა ითამაშა.

‘კრასნი იარი’ საქართველოში 18 მარტს ჩამოვიდა და რუმინელებთან პირველი მატჩისთვის, რომელსაც ‘რუსთავი არენა’ მასპინძლობდა მზადებას მარტყოფის ბაზაზე შეუდგა.

“აღფრთოვანებულები ვართ საქართველოში არსებული სარაგბო ბაზებით. მარტყოფის ბაზაზე ყველაფერია იმისათვის, რომ ნაყოფიერად მოემზადო. ძალიან დიდი პლიუსი ისაა, რომ საცხოვრებელი სავარჯიშო მოედნისგან მხოლოდ 50 მეტრითაა დაშორებული. ‘კრასნი იარის’ მორაგბეები ახალაშენებულ ერთსართულიან სახლებში ცხოვრობენ. მოედნები ბუნებრივი და ხელოვნური საფარებით იდეალურ მდგომარეობაშია. აქვეა სავარჯიშო დარბაზი. ბაზა ზღვის დონიდან 740 მეტრზეა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მისი ხელმძღვანელობა და მომსახურე პერსონალი პროფესიონალურად და მეგობრულად გვექცევა“ - წერდა კლუბის ოფიციალური გვერდი შეკრების პირველ დღეებში.

რუსთავში ჩელენჯ ქაფის ფლეი ოფის პირველი თამაში პირველ აპრილს გაიმართა, ციმბირულ კლუბს სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა ეტყობოდა და რუმინელებმა ორ რაუნდიან ბრძოლაში 5-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს - 17:12 ‘ტიმიშოარა-სარასენსის’ სასარგებლოდ.

‘კრასნი იარი’ საქართველოში დარჩა და მზადება მარტყოფის ბაზაზე გააგრძელა, 19 აპრილს კი რუმინეთში გაემგზავრა და 22-ში მეტოქეს სრულფასოვანი რევანში აუღო. ციმბირელებმა სტუმრად 27:18 იმარჯვეს და ორი მატჩის ჯამში გამარჯვება მოიპოვა.

განმეორებით შეხვედრაში განსაკუთრებით ბორჯღალოსნები - გიორგი ფრუიძე და ლაშა მალაღურაძე გამოირჩნენ. ქართველი შუამარბები მოედანზე პირველივე წუთებიდან გავიდნენ და ფრუიძემ 2 ლელო დადო (24-ე და 34-ე წუთებზე), ხოლო მალაღურაძემ 3 გარდასახვით და 2 ჯარიმით გუნდს 12 ქულით შეეწია. სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ ქართველი ბურჯიი მიხეილ წიკლაური და კვაჭი ვალერი ცნობილაძე, ხოლო ბორჯღალოსანი მესამეხაზელი ლაშა ლომიძე შეცვლაზე შევიდა.

‘ტიმიშოარა-სარასენსის’ დამარცხების შემდეგ, ‘კრასნი იარის’ ხემძღვანელობა საქართველოს რაგბის კავშირს დაუკავშირდა, იდეალური მოსამზადებელი პირობებისთვის სრკ-სა და მარტყოფის ბაზის ხელმძღვანელობას, ასევე ყველა იმ ადამიანს, ვისთანაც მათ ამ პერიოდში შეხება ჰქონდათ, დიდი მადლობა გადაუხადეს. მათ აღნიშნეს, რომ გუნდის წარმატებაში საქართველოში გატარებულმა პერიოდმა უდიდესი როლი ითამაშა.

13 მაისს ჩელენჯ ქაფის შესარჩევი ტურნირის ფინალში, რომელიც ედინბურგში (შოტლანდია) გაიმართება, ‘კრასნი იარის’ მეტოქე მეორე რუსული კლუბი, ქვეყნის ჩემპიონი ‘ენისეი’ იქნება, რომელმაც იტალიური ‘მოლიანო’ ორი მატჩის ჯამში 97:7 დაამარცხა. ‘ენისეის’ ლიდერები არიან ბორჯღალოსანი დავით კაჭარავა და მესამეხაზელი მიხეილ გაჩეჩილაძე, რომელიც რუსეთის ჩემპიონს ამ სეზონში, ჩელენჯ ქაფის მატჩებისთვის დაემატა. ‘მოლიანოსთან’ მოგებულ პირველ მატჩში მან იტალიელებს ლელო დაუდო.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
12:27 | 24.04.2017
GiorgiG83 (525)

ფედერალ 1 ის ისეთ გუნდში, რომელიც პროდ2ის საგზურისთვის ვერ იბრძვის და დიდი 10ში ბურთაობას
კრასნი იარიც ჯობია და ენისეიც

23:51 | 24.04.2017
პანტელეიმონი (1218)

პატივისცემით ერთს აღვნიშნავ მეგობარო, რომ "დიდი 10" -ი მეტი პატივისცემით უნდა მოვიხსენიოთ და ყველამ დიდმა და პატარამ უნდა ვიზრუნოთ ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, რომ ერთ-ერთ პრესტიჟულ ტურნირად გადავაქციოთ.

0.081608