საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კვაჭმა შალვა მამუკაშვილმა, რომელიც ინგლისის პრემიერლიგის “სეილ შარქსში” ახლახანს გადავიდა, კლუბთან ერთად უმაღლეს დონეზე პირველი გამარჯვება იზეიმა.
25 წლის მორაგბის ინგლისური დებიუტი ერთი კვირის წინ, სტუმრად 18 ათასი გულშემატკივრის წინაშე “გლოსტერთან” 27:34 წაგებულ მატჩში შედგა. სტუმრებმა 7 ქულით მარცხისთვის და 4ლელოს გატანისთვის 2 პრემიალური ქულა მიიღეს, შალვამ კი, მოედანზე 78 წუთი გაატარა, რაც ამ პოზიციის მოთამაშისთვის და მით უმეტეს დებიუტანტისთვის, ძალიან ბევრია. “ლონდონ უელშთან” მწვრთნელებმა ის კვლავ სასტარტო შემადგენლობაში დააყენეს და 75 წუთი ათამაშეს, რაც სპორტსმენის კარგ ფიზიკურ მდგომარეობაზე მეტყველებს.
“სეილ შარქსმა” პრემიერლიგის აუტსაიდერს შანსი არ დაუტოვა, 6 ლელო გაუტანა, თავად მხოლოდ ერთი გაუშვა და 46:8 მოგებით პრემიალური ქულაც ჩაიწერა. “შარქსისთვის” ეს მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვებაა, სამი თამაშის შემდეგ 7 ქულა აქვს და მე-7 ადგილზეა. 27 სექტემბერს “სეილი” “სარასენსს” სტუმრად ეთამაშება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია