ინტერვიუები

17:45 | 5.02.2017 | ნანახია 2236 - ჯერ

ია ხურცილავა - 10 წელი მენეჯერის პოზიციაზე

სხვადასხვა ასაკობრივი და 7-ქალა ნაკრებების მენეჯერი ია ხურცილავა ათ წელიწადზე მეტია, საქართველოს რაგბის კავშირში მუშაობს. ქართულ რეალობაში ის პირველი და ერთადერთი ქალბატონია, ვისაც ასეთი პოსტი უჭირავს.

„რაგბის კავშირში რომ მოვედი, აქ უკვე მუშაობდა ნატა კურტანიძე და მას სრკ-ში მუშაობის ჩემზე დიდი სტაჟი აქვს. ის ერთი წელი გოგონების მენეჯერიც იყო, მაგრამ ოფისში ბევრი საქმე ჰქონდა და მე ჩავანაცვლე. მისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. მიმაჩნია, რომ იღბლიანი ადამიანი ვარ, რადგან თავის დროზე პროფესიად ფრანგული ენა ავირჩიე, რომლის წყალობით რაგბის კავშირში მოვხვდი. აქ თავს ლაღად და ბედნიერად ვგრძნობ. ვეტერანი თუ მოქმედი მორაგბეები, თანამშრომლები თავს გვევლებიან და ხელის გულზე გვატარებენ“ - ამბობს ია ხურცილავა და რაგბში გატარებულ წლებზე მოგვითხრობს:

პირველი შეხება

„რაგბთან პირველი შეხება 1996 წელს მქონდა, როდესაც მამამ მე და ჩემი უმცროსი და ეროვნულ სტადიონზე წაგვიყვანა. იმ დღეს ბორჯღალოსნებმა პირველად დაამარცხეს რუსეთი. დღესაც მახსოვს ის სიხარული, რომელსაც სტადიონზე მისული მაყურებელი გამოხატავდა. ხალხი მოედანზე შეცვივდა, ეხვეოდნენ და კოცნიდნენ ბიჭებს, დიდი ამბავი იყო და გამარჯვებას ყველა ერთად აღნიშნავდა. მაშინ ბორჯღალოსნები ჯერაც ღვინისფერი კვართებით თამაშობდნენ და ძალიან მიხარია, ეს ფერი რომ ბრუნდება.

მალე სტუდენტი გავხდი და სასწავლებლად საფრანგეთში წავედი, სადაც რაგბი პოპულარული იყო. სულ მესმოდა, რომ ის ჩვენთანაც ფეხს იდგამდა, მაგრამ იმ მომენტში ამას განსაკუთრებულ ყურადღებას არ ვაქცევდი და არც იმას ვფიქრობდი, რომ რაგბი ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდებოდა.

საქართველოში რომ დავბრუნდი, მუშაობა პიცერია ‘ბატონებში’ დავიწყე, სადაც უცხოელ სტუმრებთან ერთად ხშირად მოდიოდნენ ვასილ აბაშიძე, კოკა ლაზიშვილი და რაგბის კავშირის სხვა წარმომადგენლები. ერთ დღეს ვასომ ჩვენს პიცერიაში ფრანგი სტუმრები მოიყვანა და მათ საფრანგეთის ნაკრების ემბლემა, მამალი მაჩუქეს. ეს ამბავი 2003 წელს მოხდა, როდესაც საქართველო პირველად გავიდა მსოფლიო თასზე, მაგრამ კავშირში მუშაობაზე არც მაშინ მიფიქრია.

სამი წლის შემდეგ ჩემმა მეგობარმა დამირეკა და მითხრა, რომ რაგბის კავშირი ფრანგული ენის მცოდნეს ეძებდა. რაგბის ელემენტარული წესებიც არ ვიცოდი: ერთ დღეს ვასოს ისიც კი ვკითხე, ტაიმი რამდენი წუთი გრძელდება-მეთქი, მაგრამ ბედის საძიებლად 2006 წლის 26 ნოემბერს გასაუბრებაზე მაინც მივედი და სამი დღის შემდეგ მითხრეს, რომ კავშირის თანამშრომელი გავხდი. არ მინახავს ადამიანი, რომელიც გარკვეული დროით რაგბს დაუკავშირდა და მისით არ ‘მოიწამლა’. ასე დამემართა მეც და აგერ უკვე 10 წელზე მეტია, ქართულ რაგბს ვემსახურები.

ოჯახური გარემო

მალევე ვიგრძენი, რომ ოჯახურ გარემოში მოვხვდი. იმ დროს რაგბის კავშირში ძალიან ცოტა ადამიანი მუშაობდა და ყველასთან მალევე დავმეგობრდი. ჩემს მოვალეობას ლეგიონერების შესახებ ფრანგულ კლუბებთან მიმოწერა წარმოადგენდა. გარდა ამისა, ბორჯღალოსნები 2007 წლის მსოფლიო თასისთვის ემზადებოდნენ, რომელიც საფრანგეთში უნდა გამართულიყო, და ამ მიმართულებითაც მიწევდა მუშაობა.

საფრანგეთმა მსოფლიო თასის მონაწილე 20-ვე ქვეყნიდან 17-წლამდელთა ნაკრებები მიიწვია. ყველა ქვეყანას უნდა ჩაეყვანა ამ ასაკის 15 ბიჭი და 15 გოგონა. მაშინ ჩვენთან ქალთა რაგბი არ არსებობდა და ფრანგულის მცოდნე გოგონებიღა შევარჩიეთ. საერთაშორისო საქმეთა კურატორმა, ირაკლი გვენეტაძემ ამ ამბის ორგანიზება მე და სოსო დიაკონიძეს გვთხოვა. გაფრენის წინა დღეს გაირკვა, რომ სოსოს ვიზა არ მისცეს და ასე აღმოვჩნდი მარტოდ მარტო, 30 უცხო ბავშვთან ერთად, თანაც უცხოეთში. საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და გვენეტაძე ჩემს მიერ გამოვლენილი მენეჯერული უნარებით მოიხიბლა.

2009 წელს ვიენისა და კორსიკის ტურნირებზე ჩვენი 15-წლამდელთა ნაკრები გაემგზავრა. მწვრთნელები ზვიად ცუხიშვილი და ლევან ობოლაძე იყვნენ, მენეჯერად ილია მაისურაძე დანიშნეს და მისი დახმარება მე დამევალა. ეს ვოიაჟი ყველაზე კარგად დამამახსოვრდა, რადგან ქართული გუნდი პირველად ეთამაშა ზელანდიელებს და გაიმარჯვა. საბოლოოდ, ტურნირიც მოვიგეთ და ამას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სხვათა შორის, მაშინდელი 15-წლამდელთა ნაკრებიდან დღეს რამდენიმე ბიჭი კაცთა ეროვნულში თამაშობს და ძალიან მიხარია, რომ ამ წარმატებაში მცირედი წვლილი მეც მიმიძღვის.

მენეჯერი, დედის ფუნქციებით

15-წლამდელთა ნაკრებს საფრანგეთის ტურნირებზე მენეჯერად სამჯერ ვახლდი (2009, 2011, 2013). 2010 წელს გუნდი ჟენევაში წავიყვანეთ, 2011 წელს - პარიზში და 2016 წელს - კლერმონში. რადგან ვიენსა და კორსიკაზე ორ ტურნირში გვიწევდა თამაში, საფრანგეთში დიდი ხნით ვრჩებოდით. როდესაც 14-15 წლის ბიჭებთან გაქვს საქმე, წმინდა მენეჯერული ფუნქციებით ვერ შემოიფარგლები. ამიტომ გარკვეულწილად დედის ფუნქციებიც მქონდა შეთავსებული.

ერთხელაც, შუა-ღამისას, გუნდის წევრმა მომაკითხა და გამომიცხადა, რომ დედა მოენატრა. იყო შემთხვევა, როდესაც ბავშვმა ფრჩხილების დაჭრაში მთხოვა დახმარება, რადგან სახლში მას დედა აჭრიდა ფრჩხილებს. თუ რომელიმეს ფრანგი გოგო მოეწონებოდა, მეკითხებოდა, მისთვის როგორ უნდა აეხსნა სიყვარული. ვფიქრობ, ამ ასაკის გუნდისთვის გოგო-მენეჯერი მართლაც ზედგამოჭრილი იყო (იცინის).

მიმაჩნია, რომ კორსიკის ტურნირი ამ ბავშვებისთვის ძალიან სასარგებლო იყო. იქ მეტოქეები შედარებით სუსტები გვყავდა, თანაც თამაშებამდე ერთი კვირა გვქონდა. ვეცნობოდით ადგილობრივ მაცხოვრებლებს, კულტურას, დავდიოდით ექსკურსიებზე და ბიჭები ბევრ რამეს სწავლობდნენ. სუფთა სპორტული კუთხით მნიშვნელოვანი იყო, რომ ბავშვები ადრეული ასაკიდან ეჩვეოდნენ დიდი რაგბული ტრადიციის მქონე ქვეყნების გუნდებთან თამაშს.

შარშან 20-წლამდელთა ნაკრებს, ოთო იაშვილის ნაცვლად, გავყევი მენეჯერად არგენტინასა და ურუგვაიში. ნაკრებში ის ბიჭებიც იყვნენ, რომლებსაც 15-წლამდელთა ნაკრებიდან ვიცნობდი. ისინი ისეთივე ბავშვურები იყვნენ, როგორებადაც თავის დროზე გავიცანი.

ამ გამოცდილების ფონზე თამამად ვიტყვი, რომ რაგბი ბავშვებს ძალიან ბევრს მატებს და ყველა მშობელმა უნდა მიიყვანოს შვილი ამ სპორტზე. შეიძლება ყველა დიდი სპორტსმენი ვერ გამოვიდეს, მაგრამ ბიჭი სწავლობს პატარ-პატარა დეტალებს, რომლებიც მის ცხოვრებას სხვანაირს ხდის. რაგბი ერთიანობის, ურთიერთ-გატანის მაგალითია, და როდესაც ამ გრძნობას ადრეული ასაკიდან გაითავისებ, აუცილებლად კარგ ადამიანად გაიზრდები.

ქალთა გუნდი

2009 წლიდან საქართველოს 7-ქალა ნაკრების მენეჯერი ვარ და ამ პერიოდში სამი მწვრთნელი გამოვიცვალე. გარდა ამისა, სრულად გადახალისდა შემადგენლობა და უკვე სულ სხვა გუნდი გვყავს. 15-წლამდე ბიჭებთან შედარებით, გოგონები უფრო დამჯერები არიან, მაგრამ აქ სხვა სირთულეებია. არის რაღაცეები, რასაც ბიჭებთან მუშაობისას ვერასდროს წააწყდები, აქ კი სამუშაო მეტია. გოგონებთან არც ის პრივილეგიები მაქვს, რაც ვაჟებთან - მათგან განსხვავებით, აქ არავინ ‘დამინდობს’.

ჩემთვის, როგორც 7-ქალას მენეჯერისთვის, ყველაზე სასიამოვნო 2012 და 2014 წლების ევროპის ჩემპიონატები იყო. 2012 წელს, პალიკო ჯიმშელაძის ხელმძღვანელობით, გენტის ტურნირი წარმატებით დავასრულეთ და ‘ა’ დივიზიონში ავედით. იყო ძალიან დიდი სიხარული და ემოცია, რადგან დასახულ მიზანს მივაღწიეთ. მეორე ჯერზე, უკვე ჯაბა მალაღურაძის თავკაცობით, დღემდე საუკეთესო შედეგი ვაჩვენეთ - ‘ა’ დივიზიონში მე-4 ადგილი დავიკავეთ.

ვფიქრობ, საქართველო იმსახურებს იმას, რომ უფრო ძლიერი 7-ქალას ნაკრები ჰყავდეს, ამისათვის აუცილებელია, რომ სრულფასოვანი საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდეს. ამ ეტაპზე ქალთა რაგბი მხოლოდ ფესტივალებით შემოიფარგლება, რაც მსოფლიოსა და ევროპაში კუთვნილი ადგილის დაკავების საშუალებას არ გვაძლევს.

ერთ-ერთ ევროპის ჩემპიონატზე ლუქსემბურგის ნაკრების მწვრთნელმა მკითხა, თუ რამდენი გოგოსგან შეირჩა ჩვენი გუნდი, და როდესაც ვუთხარი, რომ საქართველოში სულ 12 ქალი მორაგბე გვყავდა და ყველანი აქ იყვნენ, ისეთი სახე მიიღო, რომ არასდროს დამავიწყდება. გაირკვა, რომ თავად ნაკრები 200 გოგოსგან შეერჩია, ჩვენთან კი მაინც დამარცხდა. მსგავსი სიტუაციები ძალიან ხშირია. ასე რომ, აუცილებლად უნდა გამოინახოს ფინანსები ქალთა რაგბის გასაძლიერებლად.

ახდენილი ოცნება

საფრანგეთში სწავლისას ძალიან მინდოდა საქართველოში დაბრუნება, თუმცა საფრანგეთიც ძალიან შემიყვარდა და ვერ ველეოდი. ერთ საღამოს ახალ ხიდზე (Pont neuf), განათების ბოძთან ვიდექი და ვინატრე - ღმერთო ისე მოხდეს, რომ საქართველოში ვიცხოვრო და აქ პერიოდულად მომიწიოს ჩამოსვლაო. როგორც ხედავთ, ნატვრა ამიხდა!

ახლა რაგბის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. ყველას, ვინც რაგბში ვართ ჩართული, მისი სიყვარული გვაერთიანებს. ძალიან მომწონს ჩემი სამსახური. ის ისეთივე დინამიურია, როგორც 7-კაცა რაგბი. ტურნირების დროს მუდმივად მოძრაობაში ვარ. ხშირად შუაღამემდე ვმჯდარვარ კომპიუტერთან, მათ შორის უცხოური ვიზიტებისას, რადგან ერთ ან ორ კვირაში მეორე ტურნირი გიწევს და დეტალებია შესათანხმებელი. ვიღლები, მაგრამ ეს სასიამოვნო დაღლაა, რადგან საყვარელ საქმეს ვემსახურები და მას არასდროს გავცვლი სხვა სამსახურში.

პირადად რაგბი არასდროს მითამაშია და მოედანზე გასვლის სურვილიც არასდროს გამჩენია, მაგრამ გინდ 7-ქალას ტურნირებისას და გინდაც ნებისმიერი ასაკის ნაკრების თამაშისას, ბრძოლაში ბოლომდე ვარ ჩართული - ჩემი სხეული არ დარბის მოედანზე, თორემ განცდები ისეთივე მაქვს, როგორც მოთამაშეებს. მოედნისკენ ხელებს გავიშვერ და ამ ფორმით ვცდილობ, ჩემი ენერგია მოთამაშეებს გადავცე.

მადლობა ყველას, ვინც ამ წლების განმავლობაში გვერდში მედგა, ვისთან ერთადაც ვმუშაობდი და დროის უმეტეს ნაწილს ვატარებდი. მე ყველა მათგანი უზომოდ მიყვარს!

საქართველოს რაგბის კავშირი


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
21:13 | 23.06.2017
პანტელეიმონი (1218)

გაიხარე

20:35 | 05.02.2017
ogafa (407)

წარმატებები

0.080761