ეროვნული ნაკრები

13:34 | 18.01.2017 | ნანახია 2481 - ჯერ

ქართველების სტუმრობა „ბლუზში“

სუპერ რაგბიში მოასპარეზე ახალზელანდიური „ბლუზის“ ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც მილტონ ჰეიგისა და საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო სტაფის სტუმრობაზეა მოთხრობილი.

„საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა განაცხადა, რომ ამ დღეებში High Performance Centre Blues-ში სტუმრობისას მიღებული გაკვეთილები საქართველოს ნაკრებს მრავალწლიან პერსპექტივაში დაეხმარება.

ორშაბათიდან „ბლუზი“ საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელ მილტონ ჰეიგსა და მის თანამშრომლებს მასპინძლობდა, მათ შორის ფორვარდების დამრიგებელ ბრედ ჰარისს, უკანახაზელთა მწვრთნელ ლევან მაისაშვილსა და რაგბის ეროვნული აკადემიის მენეჯერ ზაზა ლეჟავას. სტუმრებს სარაგბო კლუბის წვრთნასა და ყოფაზე დაკვირვების საშუალება მიეცათ.

ჰეიგი ახალზელანდიური რაგბისთვის უცხო, ცხადია, არაა. 2008-2011 წლებში მილტონი „მანუკაუ სთილერსს“ წვრთნიდა, სადაც „ბლუზის“ მწვრთნელის ასისტენტ სტივ ჯექსონთან ერთად მუშაობდა.

„ჩვენთვის ეს მშვენიერი შანსი იყო, გვენახა, თუ რას აკეთებენ „ბლუზში“, როგორ ცხოვრობენ. მეც და ჩვენს მწვრთნელებს ერთი სული გვაქვს, აქ მიღებული გამოცდილებით საქართველოს ნაკრები გავაძლიეროთ“, - თქვა ჰეიგმა.

„ჩემთვის ეს ვიზიტი ახალი იდეების წყაროსავითაა. დავრწმუნდი, რომ სამწვრთნელო ფილოსოფიისა და უნარების თვალსაზრისით სწორ გზას ვადგავართ. ამასთან, გვიხარია, რომ ტანას (საუბარია „ბლუზის“ მთავარ მწვრთნელ ტანა უმაგაზე - „ოლ ბლექსის“ ვეტერანზე, ვინც 2012 წლის ნოემბერში საქართველოს ნაკრებში მილტონ ჰეიგის მრჩევლად იმუშავა - ს.გ.) შევხვდით და მისი სამწვრთნელო გუნდი მოქმედებაში ვიხილეთ“, - თქვა ჰეიგმა.

ამასთან, საქართველოში რაგბი მუდმივად პროგრესირებს. ნაკრები მომდევნო მსოფლიო თასზე შესარჩევი ციკლის გვერდის ავლით მოხვდა, ხოლო ზაფხულში ეს ქვეყანა 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს.

„ქვეყანაში რაგბი გეომეტრიული პროგრესიით ვითარდება, - თქვა ჰეიგმა, - როცა იქ მუშაობა დავიწყე, მხოლოდ სამი სათამაშო მოედანი გვქონდა, მათ შორის ორი უვარგისი. ახლა 20 საუკეთესო მოედანი გვაქვს, მსოფლიო დონის სარაგბო ობიექტები, ასევე ნიჭიერ მოთამაშეთა ნაკადები. იმედია, ზრდა გაგრძელდება“.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
15:14 | 18.01.2017
BEERTRANCE (1073)

იმედია ერთჯერადი ხასიათის არ იქნება თანამშრომლობა.

14:29 | 18.01.2017
zangura (109)

ისე კარგი იქნებოდა, 20 წლამდელთა ნაკრების მწვრთნებებიც წაგეყვანათ, ან მხოლოდ მაისურაძე მაინც. ეგენიც დიდ გამოცდილებას მიიღებდნენ და ჩვენ ახალგაზრდებს წაადგებოდათ.

0.078636