ამბები

16:15 | 30.12.2016 | ნანახია 4430 - ჯერ

მედინა „ბორჯღალოსნების“ სამასპინძლოდ საგანგებო სამზადისშია

4 მარტს რაგბი ევროპის 2016/17 წლების ჩემპიონატის მატჩში ერთმანეთს ესპანეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან. ეს მატჩი პატარა პროვინციულ ქალაქ მედინა დელ კამპოში გაიმართება. ჰოდა, ესპანეთში ამ მატჩის სამზადისის ირგვლივ, რბილად რომ ვთქვათ, დიდი აქტიურობა შეინიშნება.

საქმე ის გახლავთ, რომ მედინა დელ კამპოს (22 ათასი მოსახლე) მუნიციპალური სტადიონის ტრიბუნები რომც გაწელო, 1500 მაყურებელზე მეტს ვერ დასვამ. ამიტომ გადაწყდა ამ სტადიონის ძირეული და სასწრაფო რეკონსტრუქცია. ტრიბუნების ტევადობა 1500-დან 6500-მდე გაიზრდება.

ყველაფერს ორგანიზებას მედინის საქალაქო საბჭო გაუწევს, რომელიც 50 ათასი ევროს ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს ქალაქში ესპანელი და ქართველი მორაგბეების სტუმრობასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვაში, სტადიონის ტრიბუნების რევოლუციურ გაფართოებასა და არენის სიახლოვეს ფანზონის შექმნაში.

ამის შესახებ მუნიციპალიტეტის სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა და მატჩის გამართვის კოორდინატორმა ლუის მანუელ პასკუალმა განაცხადა, ვისაც ეიმედება, რომ „ქალაქში რაგბის სულისკვეთებას ხალხი არა მხოლოდ ქართველებთან თამაშის დღეს შეიგრძნობს, არამედ მთელი კვირის განმავლობაში, რადგან ჩვენ შევეცდებით, სპორტს სერიოზული პროპაგანდა გავუწიოთ“.

როგორც ითქვა, მედინური სტადიონი 1500 მაყურებელს იტევს და 5000 ადგილის დამატება მნიშვნელოვანი სიახლე იქნება ქალაქის ცხოვრებაში. საქართველოს ნაკრებთან მატჩის ბილეთის ღირებულება 10-15 ევროს დიაპაზონში იქნება და პასკუალი დარწმუნებულია, რომ ტრიბუნები შეივსება, ხოლო რაგბის მოყვარულთა განკარგულებაში იქნება აბსოლუტურად ყველა დასასვენებელი და გასართობი საშუალება, რის შეთავაზებასაც კი შეძლებს მედინა დელ კამპო.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
23:43 | 30.12.2016
temuchin (431)

ესპანელები აღარ ხუმრობენ ბოლო წლებში, აშკარად უაღრესად მოტივირებულნი არიან და მგონი ნელნელა ჩამოყალიბდებიან მორიგ სარაგბო ქვეყნად

0.094694