ინგლისის ქალაქ ნიუკასლმა ევროპის პროფესიული რაგბის კლუბების კავშირში, რომელიც სარაგბო ევროტურნირების ორგანიზებაზეა პასუხისმგებელი, 2017/2018 წლების სეზონის ჩემპიონთა თასისა და ჩელენჯ ქაფის ფინალური შეხვედრების მასპინძლობის სურვილით ოფიციალურად მიმართა.
იდეა მოიწონეს და სრული მხარდაჭერა აღუთქვეს ქალაქის მთავრობამ, ინგლისის „ავივა პრემიერშიფის“ ხელმძღვანელობამ და საფეხბურთო კლუბ „ნიუკასლის“ მმართველებმა, რომლებიც მზად არიან, მათი კუთვნილი „სენტ ჯეიმს პარკი“ რამდენიმე დღით დათმონ.
„ნიუკასლს საერთაშორისო მატჩების მასპინძლობის მხრივ კარგი რეპუტაცია აქვს. 2015 წლის მსოფლიო თასის დროს მთელი ქალაქი ფეხზე იდგა. ევროთასების ფინალები ტოპ-კლასის თამაშებია და რაგბის გულშემატკივარს მთელი ევროპიდან მიიზიდავს. ეკონომიკური მოგება, რომელსაც ამ თამაშებიდან მივიღებთ, მნიშვნელოვან როლს ითამაშებს როგორც ქალაქის, ასევე მთელი რეგიონის ცხოვრებაში“, - განაცხადა ნიუკასლის საკრებულოს ერთ-ერთმა წევრმა ნიკ ფირბსმა.
თანხმობის შემთხვევაში, ჩელენჯ ქაფის ფინალური მატჩის მასპინძლობას ნიუკასლი „კინგს პარკზე“ გეგმავს, რომელიც 10200 მაყურებელს იტევს, ხოლო ჩემპიონთა თასის ფინალი „სენტ ჯეიმს პარკზე“ შედგება, რომლის ტრიბუნებზე 52405 ადგილია.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია