ბორჯღალოსნები

19:14 | 29.11.2016 | ნანახია 12218 - ჯერ

ქართული რაგბის ახალი სიცოცხლე

სამომავლო გეგმების თუ ხედვების განხილვამდე აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ქართული რაგბი, უფრო კონკრეტულად მისი სანაკრებო ნაწილი მუდმივად პროგრესირებდა და წინ მიიწევდა. ბევრმა ალბათ არც იცის, რომ ლატვიაში, ყაზახეთში, შვეიცარიაში, ლუქსემბურგში, ბულგარეთში, დანიაში, მოლდოვასა და ხორვატიაში რაგბის თამაშობენ, არადა გასული საუკუნის მიწურულს სწორედ ამ გუნდებთან გვიწევდა თამაში, ხოლო 2000-იანი წლების დასაწყისში მაროკოს, ჰოლანდიას, ჩეხეთს, უკრაინას და ჩილეს ვერკინებოდით.

2003 წელს მსოფლიო თასზე ჩვენი პირველად გასვლის შემდეგ, პლანეტის უმაღლესი სარაგბო ფორუმი ქართველების გარეშე აღარ ტარდება და პროგრესიც უფრო სწრაფი ტემპებით წარიმართა. მაშინდელმა რაგბის საერთაშორისო საბჭომ ირბ-ს ერთა თასი დაარსა, რომელიც ბუქარესტში ტარდებოდა და „ბორჯღალოსნებს“ ტიერ 1-ის ორი წარმომადგენლის „ა“ ნაკრებთან უწევდა ძალების მოსინჯვა. მერე ამას თბილისის თასიც დაემატა, მაგრამ ამ ყველაფერმა თავისი მისია ამოწურა და საქართველო უფრო მაღალ რანგში ავიდა - კანადასა და აშშ-თან ტესტ-მატჩების გავლით, სამოაზე, ფიჯიზე, ტონგაზე, იაპონიაზე და წელიწადში ერთხელ პირველი დონის გუნდზე გავედით - 2013 წელს არგენტინას და 2014 წელს ირლანდიას ვეთამაშეთ, შარშან იყო მსოფლიო თასი და წელს - შოტლანდია.

თავიდანვე ცხადი იყო, რომ უფრო მაღალ საფეხურზე ასვლა მარცხებს გაახშირებდა და ასეც მოხდა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს - ერთ დროს რუმინეთის ძლევა საკვირველ გამარჯვებად ითვლებოდა, ახლა კი, ეს გუნდი ჩვენს სათვალავში თითქმის აღარაა. ახალ დონეზე დამკვიდრებას დრო სჭირდება და სწორი მუშაობის და შემდგომი პროგრესის ფონზე მეტი აუცილებლად იქნება, თუმცა გულშემატკივარს ეჩქარება და რადგან მსოფლიო პრესაც „ჩვენს მხარესაა“, ექვსი ერის კარის გახსნა დღესდღეისობით ქართული რაგბის ქომაგებში ნომერი პირველი თემაა.

მაგრამ ვართ კი მზად ექვსი ერისთვის? ქართული რაგბის მმართველები თუ ნაკრების წევრები ამბობენ - დღეს ჩვენ ექვს ერში სერიოზული წარმატებებისთვის მზად არ ვართ, თუმცა შანსს აუცილებლად ვიმსახურებთ. დიახ, შანსს ვიმსახურებთ და დარწმუნებული ვარ, ექვსი ერის გაფართოვების საკითხი თავად ორგანიზაციაში, ჩვენი მოთხოვნის გარეშეც დადგება, მანამდე კი, ჩვენ ჯერ სრულად არ აგვითვისებია ის რესურსი, რამაც ახალ დონეზე უფრო მარტივად უნდა გაგვიყვანოს.

ნოემბრის ტესტ-მატჩებს თუ გადავხედავთ, ცხადი გახდება, რომ საქართველოს ნაკრების დაახლოებით ნახევარი - 1-9 ნომრები დღესვე მზად არიან ექვსი ერისთვის და არა მხოლოდ იქ ძალების მოსინჯვისთვის, მაგრამ დანარჩენი პოზიციები, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ერთა თასის დონეზე რჩება. მნიშვნელოვანია, რომ ბალანსი უკეთესი იყოს, თორემ იაპონიამ და შოტლანდიამ დაგვანახეს - მხოლოდ შერკინება მაღალი დონის თამაშებს ვერ იგებს.

სწორედ ამ მიმართულებით, ექვს ერამდე გარკვეული ნაბიჯებია გადასადგმელი და უწინარესად, საკლუბო თვალსაზრისით. ბოლო პერიოდში მსოფლიო რაგბიში მიმდინარე მოვლენებს თუ გადავხედავთ, ყველა წარმატების საწინდარი სწორედ საკლუბო რაგბია. წლების წინ არგენტინული კლუბი სამხრეთ აფრიკის შიდა გათამაშებაში ჩაერთო, მერე ამ ქვეყნის ნაკრები ოთხ ერში მიიღეს და წელს არგენტინელებს გუნდი სუპერ რაგბიშიც ყავდათ; შიდა ჩემპიონატში თანხის ჩადების და დონის ამაღლების შემდეგ, წელს სუპერ რაგბიში იაპონური კლუბიც გამოჩნდა და ამ ქვეყნის ნაკრები ბოლო პერიოდში ყველაზე პროგრესირებადი გუნდია; ამავე გზის გაგრძელებაა ფიჯის ფრანშიზის სუპერ რაგბიში გამოჩენის პერსპექტივა, რომელიც წესით სულ მალე რეალობად იქცევა.

და სად არის ამ დროს ქართული საკლუბო რაგბი? სამწუხაროდ, ჯერჯერობით მხოლოდ საკუთარ წვენში იხარშება. ბოლო წლებში ამ მიმართულებით ბევრი სასიკეთო რამ გაკეთდა - საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ და სახელმწიფოს დახმარებით, მოწესრიგდა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. გუნდებს აღარ აქვთ არსებობის პრობლემები, აღარ უწევთ ვარჯიში ავტოსადგომებზე (თუმცა დღეს ავტოსადგომები საკუთარ ფუნქციასაც ვეღარ აუდიან და იქ ვარჯიში შეუძლებელი იქნებოდა), ვაკის პარკსა და იპოდრომის ტერიტორიაზე, თამაშობენ მაღალი დონის ბუნებრივ და ხელოვნურსაფარიან მოედნებზე, ფინანსდებიან სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, თუმცა ევროპაში ფანჯრის გასაჭრელად ეს საკმარისი არაა და თუ ამ მიმართულებით დამატებითი სახსრები არ გამოინახა, აქამდე განხორციელებული ინვესტიციები მიზნის მისაღწევად საკმარისი არაა. ეს არის ბაზისი იმისა, რასაც დამატებითი მუხტი და მორიგი დიდი ნახტომი უნდა მოყვეს.

ზემოთ სუპერ რაგბიში ახალი ფრანშიზების ჩართვა ვახსენეთ და სამხრეთელები სამომავლოდ ამ ტურნირში ევროპელების ჩართვას არ გამორიცხავენ, ოღონდ, ფინანსური დაინტერესების შემთხვევაში. გაფართოების მომხრეა „კელტების ლიგის“ მემკვიდრის, პრო 12-ის ხელმძღვანელობაც და თვალი ამერიკისკენ უჭირავს, რადგან იქიდან ფინანსურ მოგებას ელის. ჩემი აზრით, ასეთი შანსის არგამოყენება დანაშაული იქნება და აუცილებლად უნდა გამოინახოს შესაბამისი ფინანსები, რათა რომელიმე ტურნირში ქართული ფრანშიზის ჩართვა მოხერხდეს. სპორტული და გეოგრაფიული პრინციპიდან გამომდინარე, ვფიქრობ ამ მომენტისთვის სჯობს თვალი პრო 12-ზე გვეჭიროს.

თავის დროზე ეს ტურნირი იტალიელებმა კარგად გამოიყენეს და დღესდღეისობით ისინი პრო 12-ში უკვე ორი გუნდით არიან წარმოდგენილნი. მათი კლუბების წლიური ბიუჯეტი დაახლოებით 8 მილიონს შეადგენს. მართალია, საფრანგეთის მეორე ელიტარული დივიზიონის, პრო დ2-ის გუნდები ევროტურნირებში არ მონაწილეობენ, თუმცა იმავე იტალიურ კლუბებს სპორტული თვალსაზრისით ბევრით არ ჩამოუვარდებიან - მათი უმრავლესობის ბიუჯეტი წელიწადში 4-6 მილიონია.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ქართული ხელფასები ფრანგულისას ვერ შეედრება, ჩვენს შემთხვევაში ერთი ასეთი დონის გუნდის შენახვა და პრო 12-ში ჩართვა დაახლოებით 3-4 მილიონი დაჯდება, რაც დიდი თანხა სულაც არაა. სამაგიეროდ, წლის განმავლობაში დაახლოებით 50-მდე მორაგბე, უმაღლესი დონის თამაშების გამოცდილებას შეიძენს - სეზონის განმავლობაში მინიმუმ 26 მატჩი, და ეს არა მხოლოდ ჩვენი ნაკრებისთვის ხაზის მოთამაშეების განვითარებას წაადგება, არამედ გაზრდის კონკურენციას მორკინალებს შორის. ნიჭიერ ქართველ მორაგბეებს აღარ მოუწევთ ადრეულ ასაკში სამშობლოს დატოვება და საჭირო შემოსავლს ადგილზე მიიღებენ, ნაკრების მწვრთნელების (როგორც ეროვნული, ასევე 7-კაცა, რადგან 7-კაცა ნაკრების განვითარება ასევე ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი უნდა იყოს) თვალთახედვის არეში დარჩიან და არ ჩაიკარგებიან სხვადასხვა გუნდების ესპუარებსა თუ ფედერალ დივიზიონებში.

ამით არ დაზარალდება არც დიდი 10, რადგან პრო 12-ში სათამაშოდ ფრანშიზისთვის საჭირო მორაგბეების რაოდენობა წლის განმავლობაში ისედაც მიდის ქვეყნიდან და რაც ყველაზე ცუდია, დაბალი დივიზიონის გუნდებში აგრძელებს კარიერას, ანუ ქართული რაგბისთვის იკარგება; დიდი 10-ის კლუბების მოთამაშეებს გაუჩნდებათ მოტივაცია, და წარმატებული სეზონის ჩატარების შემთხვევაში გაისად პრო 12-ში თამაშის შანსი მათაც მიეცემათ.

იდეალურ ვარიანტში, პრო 12-ში ქართული ფრანშიზის მონაწილეობის პარალელურად, დიდი 10-ის ჩემპიონი აუცილებლად უნდა ჩაერთოს ჩელენჯ ქაფის საკვალიფიკაციო ეტაპში, მით უმეტეს, რომ ეს ძვირი სულაც არ ჯდება - დაახლოებით 350 ათასი ევრო. ჩემპიონი გუნდი სეზონის კარგად ჩატარებისთვის დამსახურებულ ჯილდოს მიიღებს და ამავდროულად, ამ კლუბის წევრები საერთაშორისო თამაშების გამოცდილებას შეიძენენ, და ესეც დამატებითი 30-35 მორაგბეა.

ამრიგად, დაახლოებით 5 მილიონი ევროს ფასად, ჩვენ მივიღებთ მორაგბეთა დიდ ჯგუფს, რომელთაგან ნაწილი რეგულარულად ითამაშებს უმაღლესი დონის ჩემპიონატში, ხოლო მეორე ნაწილის გამოცდილება შედარებით მწირი იქნება, თუმცა ნებისმიერი გამოცდილება დასაფასებელია და საერთაშორისო მატჩებში თავის გამოჩენით, ჩემპიონი გუნდის მორაგბეები ქართულ ფრანშიზს მიუახლოვდებიან, ეს აუცილებლად გაზრდის კონკურენციას დიდი 10-ის გათამაშებაში და ქართული საკლუბო რაგბი სანაკრებო ბაზისთვის სერიოზული საფუძველი გახდება.

დაბოლოს, როგორ შეიძლება ამ თანხის, დაახლოებით 5 მილიონის მოძიება? სანამ უშუალოდ ამ საკითხზე გადავალთ, მცირე გადახვევით ერთ საინტერესო დეტალს შევეხები: ქალაქ ბრივის ბიუჯეტი დაახლოებით 55 მილიონი ევროა. ამ ქალაქში საინტერესო არაფერი ხდება და ერთადერთ ნათელ წერტილად სარაგბო კლუბი „ბრივი“ რჩება, რომელიც ტოპ 14-ში თამაშით ადგილობრივ მოსახლეობას ახარებს. ამას ქალაქის მუნიციპალიტეტი სათანადოდ აფასებს და ზემოთნახსენები 55 მილიონიდან, 16 მილიონი სწორედ სარაგბო კლუბს ხმარდება. ცნობისთვის, „ბრივი“ ტოპ 14-ში ყველაზე დაბალბიუჯეტიანი კლუბია.

რადგან ქართული რელობისთვის თანხა ბევრად ნაკლებია, თუნდაც „ბრივის“ მაგალითით, სახელმწიფოსთვის სერიოზული უკუგების მომტანი იქნება სპორტის ყველაზე მზარდი, წარმატებული სახეობის ზრდისთვის დამატებით გაღებული 5-6 მილიონი. და მეორე მხრივ, გლობალური ეკონომიკური დაინტერესების ფონზე, ქართულ კერძო სექტორში უნდა იყოს ისეთი მსხვილი ორგანიზაციები, რომელთაც საკუთარი რეკლამის ევროპაში გატანა სურთ და თუ ისინი ქართულ კლუბებს ევროპაში გასვლაში დაეხმარებიან, მათი რეკლამაც ავტომატურად მოხვდება სხვადასხვა ქვეყნის ბაზრებზე.

ვანო ახვლედიანი


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:31 | 16.02.2017
morkinali (6)

მემგონი ჩვენ 4 ერში უფრო მიგვიღებენ რადგან სამხრეთელები გაცილებით პროგრესუად აზროვნებენ კონსერვატორ სირიკოებთან შედარებით

21:28 | 30.11.2016
პანტელეიმონი (1218)

ქართული რაგბის განვითარებისთვის სასიცოცხლო აუცილებობაა ჩვენი კლუბების ევროპულ სარაგბო ტურნირებში ჩართვა.

11:47 | 30.11.2016
maxo_65 (458)

დრო არ უნდა დავკარგოთ, აუცილბლად უნდა მივიღოთ საკლუბო ტურნირებში მოაწილეობა, და ამასთანავე 7-კაცა რაგბი განვითარებაზე ვიზრუნოთ, ამისათვის, ჩემი აზრით, უცხოელი მწვრთნელი უნდა მოვიწვიოთ...

00:04 | 30.11.2016
dinamo222 (692)

რა 5 მილიონი ევრო ? ჩვენი ნაბ....მთავრობა რამეს გაიმეტებს რაგბისთვის ? მერე საგანელიძეს და მისნაურ უსაქმურებს როგორღა მისცემენ თვეში 22 000 პრემიას ?? @@@

21:51 | 29.11.2016
ogafa (407)

წარმატებები

19:52 | 29.11.2016
geogoli (367)

საინტერესო მოსაზრებაა, თუმცა ამ ეტპაზე ჩელენჯ ქაფზე 2 გუნდის თამაშიც წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. პრო 12-ში გუნდის ყოლა კიდევ უფრო პოპულარულს გახდის რაგბის საქართველოში, მაგრამ უამრავი დეტალი იქნება ასაწონ-დასაწონი და გასათვალისწინებელი. თუნდაც გუნდისთვის სტადიონის გამოძებნა

22:21 | 29.11.2016
kommarkos (35)

პრო 12 შარშანდელი ჩემპიონი კონახტი საკმაოდ პატარა სტადიონზე თამაშობს. არც იტალიური კლუბები ავსებენ სტადიონებს ეს პრობლემა არარის ავჭალა და ქუთაისი საკმარისია!! საქმე უფრო დაფინანსებაში უფრო იქნება, უფრო სწორედ რომ ვთქვა დაფინანსება კერძო სექტორიდან!

09:40 | 30.11.2016
geogoli (367)

თუ კერძო სექტორი ჩაერთო საქმეში (თუ კლუბის მფლობელი გახდა) ბილეთების რეალიზაციიდან რაღაც თანხა მაინც უნდა შემოვიდეს და ავჭალიდან და ქუთაისიდან შმოსული თანხა მინიმალური იქნება. თან თუ ეგ პროექტი შედგება ალბათ ყველა თამაშზე 10,000 კაცი მაინც ივლის. თუმცა გეთანხმები, რომ სტადიონამდე ჯერ დაფინასებაა მოსაგვარებელი

1.275621