ამბები

20:34 | 11.02.2016 | ნანახია 1755 - ჯერ

„ტულონმა“ ავსტრალიის ნაკრების მესამეხაზელი დაიმატა

ფრანგული „ტულონის“ მწვრთნელი ბერნარდ ლაპორტი ყველაზე მეტს საუბრობს ფრანგულ კლუბებში ლეგიონერებზე შეზღუდვის დაწესებაზე და პარალელურად, გუნდის უცხოელებით გაძლიერებას განაგრძობს.

ახლახანს სუპერ რაგბის ავსტრალიურმა კლუბმა „ქუინსლენდ რედსმა“ განაცხადა, რომ მისი და ავსტრალიის ეროვნული ნაკრების მესამეხაზელი ლიამ გილი, სუპერ რაგბის 2016 წლის სეზონის დასრულების შემდეგ კარიერას „ტულონში“ გააგრძელებს.

„ლიამის დაკარგვამ გული დამწყვიტა, მაგრამ გვესმის მისი გადაწყვეტილების. შეთავაზება ძალიან მომხიბვლელია იმისთვის, რომ უარი ეთქვა“ - განაცხადა „რედსის“ გენერალურმა მენეჯერმა დანიელ ჰერბერტმა.

„გადაწყვეტილების მიღება გამიჭირდა, თუმცა, ვფიქრობ, რომ ახლა ზუსტად იმის დროა, მივიღო ახალი გამოწვევები და ვითამაშო განსხვავებულ გარემოში“ - თქვა თავად 23 წლის მორაგბემ, რომელსაც ავსტრალიის ნაკრებში 15 მატჩი აქვს ჩატარებული.

„ტოლონის“ მესამე ხაზში საქართველოს ეროვნული ნაკრების მესამეხაზელი მამუკა გორგოძე თამაშობს. ამავე გუნდის ღირსებას იცავენ მეორეხაზელი კოტე მიქაუტაძე (რომელიც მომავალი სეზონიდან კარიერას „მონპელიეში“ გააგრძელებს) და ბურჯი ლევან ჩილაჩავა, ხოლო სამხრეთაფრიკულ „შარქსთან“ გამართულ ამხანაგურ მატჩში, პირველ გუნდში დებიუტი ჰქონდა საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების ყოფილ კაპიტანს, კვაჭ ბადრი ალხაზაშვილს.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.078986