ჩელენჯ კაპი

13:34 | 23.10.2016 | ნანახია 2357 - ჯერ

ქართველების „კრასნი იარი“ ჩელენჯ ქაფის შესარჩევს ლიდერობს [+ვიდეო]

ლაშა მალაღურაძის, მიხეილ წიკლაურისა და ვალერი ცნობილაძის „კრასნი იარმა“, ჩელენჯ ქაფის საკვალიფიკაციო ტურნირის მეორე მატჩიც პრემიალური ქულით მოიგო და ტურნირს ერთპიროვნულად ლიდერობს.

იტალიური „მოლიანოს“ 48:24 ძლევის შემდეგ, რუსეთის ვიცე-ჩემპიონის წევრები ვარაუდობდნენ, რომ ესპანეთის ჩემპიონი, რომელმაც პირველ ტურში ბელგიური „დენდერმონდი“ 57:8 გაანადგურა, უფრო ძლიერი იქნებოდა და არც შემცდარან.

მართალია დებიუტში მასპინძლებმა ორი ლელო დადეს, რომელთაგან ერთი მალაღურაძემ გარდასახა და 12:0 დაწინაურდნენ, მაგრამ მერე სტუმრები ინიციატივას დაეუფლნენ და მე-15 წუთზე საპასუხო ლელო დაამიწეს. არაზუსტი გარდასახვის შემდეგ, ესპანელებმა ჯარიმების კარში დარტყმაზე უარი თქვეს და ლელოზე ითამაშეს. აქ მათ შეცდომა დაუშვეს, „კრასნი იარმა“ ლელო დაიცვა და „ელ სალვადორმა“ მატჩის ბოლომდე ქულის აღებაც ვერ მოახერხა.

მალაღურაძემ 24-ე წუთზე ჯარიმით გაზარდა უპირატესობა, ხოლო ზედ ტაიმის მიწურულს კრასნოიარსკელებმა მესამე ლელო დაამიწეს და ლაშას გარდასახვა კვლავ ზუსტი იყო - 22:5. მეორე ტაიმში დიდი ხანი ანგარიში აღარ შეცვლილა, დასკვნით 10 წუთში კი, სტუმრებს დაღლა და იმედგაცრუება დაეტყოთ. შედეგად, 72-ე წუთზე პაეამ ჯარიმა მოულოდნელად რომ გაითამაშა ის დიდხანს ვერავინ შეაჩერა, მარჯვნივ ფეხით შეცურებული ბურთი კი, იაგუდინმა დაამიწა. უკანასკნელ წუთზე არტემიევმა მეხუთე ლელოც დადო და საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 32:5.

მალაღურაძე, წიკლაური და ცნობილაძე სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ. ლაშამ, რომელმაც სრულად ითამაშა, გუნდს 1 ჯარიმით და 2 გარდასახვით 7 ქულა შესძინა. „კრასნი იარმა“ საშინაო შეხვედრები მოილია და ქულათა მაქსიმუმი აიღო - 10. 10 დეკემბერს მას გერმანიაში „ჰაიდელბერგერთან“ ელის სტუმრობა, ხოლო 17 დეკემბერს იტალიაში „როვიგოს“ ეწვევა.

მეორე რაუნდის ერთი შეხვედრა ბელგიურ „დენდერმონდსა“ და „ჰაიდელბერგერს“ შორის 14 იანვარს გაიმართება. მანამდე ორი იტალიური დერბი შედგა. „პეტრარკამ“ „მოლიანოსგან“ პირველი ლელო გაუშვა, თუმცა მერე შესვენებამდე სამი თავად დადო და 21:5 დაწინაურდა, ხოლო 59-ე წუთზე პრემიაც მიითვალა - 26:5. დასკვნით მეოთხედში „პეტრარკამ“ კიდევ ერთი ლელო დადო, თუმცა „მოლიანოსგან“ სამი გაუშვა და 31:22 მოიგო. შედეგად, „პეტრარკას“ მოგებისა და პრემიისთვის ჯამში 5 ქულა ერგო, „მოლიანოს“ 4 ლელოს დადებისთვის 1, არადა, ერთი გარდასახვაც რომ გაეტანა, მცირედი მარცხისთვის მეორე ქულასაც ჩაიწერდა.

„როვიგო“ „კალვიზანოს“ 22 წუთის შემდეგ 13:0 უგებდა, თუმცა 30-ე და 33-ე წუთებზე ორი ლელო გაუშვა და ერთი გარდასახვა ზუსტი იყო - 13:12. ტაიმის მიწურულს „როვიგომ“ ჯარიმით უპირატესობა გაზარდა, ხოლო 62-ე წუთზე მორიგი 3 ქულა აიღო და 19:12 დაწინაურდა. მეორე ტაიმის დასკვნითი წუთები ამჯერადაც „კალვიზანოსი“ იყო, რომელმაც 76-ე წუთზე ლელო-გარდასახვით წონასწორობა აღადგინა, ხოლო გაწითლებულ დროზე არეკნით გამარჯვების 3 ქულა მოიპოვა - 22:19 სტუმართა სასარგებლოდ.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
19:57 | 23.10.2016
geogoli (367)

მომავალ გათამაშებაში ქართული გუნდები აუცილებლად უნდა ჩაერთონ. რაც სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ქართული რაგბისთვის

0.084658