ჩელენჯ კაპი

14:35 | 21.10.2016 | ნანახია 2794 - ჯერ

ნემსაძის 13 წუთი და 12 მეტრი

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეორეხაზელმა გიორგი ნემსაძემ ინგლისის პრემიერშიპის „ბრისტოლის“ პირველ გუნდში პირველად ითამაშა.

32 წლის მორაგბე პრემიერშიპში აღზევებულ გუნდში ზაფხულში გადავიდა და აქამდე მეორე გუნდის შემადგენლობაში, პრემიერშიპის დუბლების ჩემპიონატში თამაშობდა, სადაც 3 ლელო დადო. ევროტურნირების, კერძოდ ჩელენჯ ქაფის მეორე ტურის ინგლისურ დერბიში, „ბათთან“ გასამართ შეხვედრაში ის პირველი გუნდის განაცხადში პირველად შეიყვანეს და შეცვლაზე 13 წუთი ათამაშეს.

დროის სიმცირის გათვალისწინებით, ნემსაძეს კარგი სტატისტიკა დაუგროვდა. მან ბურთით ერთხელ შეუტია, მბოჭავი ჩამოიცილა და 12 მეტრი იარა, ხოლო დაცვაში 3 ბოჭვა შეასრულა.

თამაშს 13257 მაყურებელი დაესწრო და „ბრისტოლი“ ჩელენჯ ქაფზე მეორედ, ხოლო სეზონში ზედიზედ მერვედ დამარცხდა. თამაში საყურებლად დიდი ვერაფერი გამოდგა, პირველ ტაიმში მასპინძელთა 4 ჯარიმას სტუმრებმა ერთით უპასუხეს, მეორეში თითო ზუსტი დარტყმა გაცვალეს, შეხვედრის ერთადერთი ლელო კი, უკანასკნელ წუთზე „ბათმა“ დადო და 22:6 იმარჯვა. შედეგად, ის ჩელენჯ ქაფის მე-4 ჯგუფს ორი ტურის შემდეგ 8 ქულით ლიდერობს, ხოლო „ბრისტოლი“ 0 ქულით ბოლო ადგილზეა.

მე-5 ჯგუფში ზურაბ ჟვანიასა და გიორგი მელიქიძის „სტად ფრანსემ“ პარიზში რუმინული „ტიმიშოარა-სარასენსი“ მიიღო და მშრალად, 27:0 დაამარცხა. 6500-მა მაყურებელმა პირველ 20 წუთში მასპინძელთა სამი ლელო და ერთი ჯარიმა იხილა, მეოთხე ლელო 53-ე წუთზე გავიდა და „სტად ფრანსემ“ პრემიაც ჩაიწერა.

მიმდინარე სეზონში მეორედ ითამაშა სასტარტო შემადგენლობაში მარცხენა ბურჯმა ჟვანიამ და მოედანზე 52 წუთი გაატარა. მიმდინარე სეზონში მესამედ ვიხილეთ მოედანზე მელიქიძე, რომელიც შეცვლაზე 5 წუთით შევიდა. სამწუხაროდ, ამ თამაშში მონაწილე მორაგბეების დაწვრილებითი სტატისტიკა ჯერჯერობით უცნობია. პარიზელებმა ჩელენჯ ქაფის მიმდინარე სეზონში პირველი 5 ქულა აიღეს.

პირველ ჯგუფში ლექსო ყაულაშვილის „ლა როშელმა“ დავით ხინჩაგიშვილის „ბეიონს“ სამის წილ 8 ლელო დაუდო და 51:24 დაამარცხა. ქართველ ლეგიონერებს არ უთამაშიათ.

დღეს ჩელენჯ ქაფის მეორე ტურის ერთი თამაშია - „კარდიფი“ „პოს“ მასპინძლობს.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:00 | 21.10.2016
temuchin (431)

ყოჩაღ გიორგი, კარგი იყო!

0.081909