ევროტურნირების - ჩემპიონთა თასისა და ჩელენჯ ქაფის ახალი სეზონის დაწყების წინ, Rugbyvision.com-მა მასში მონაწილე კლუბებს დამსახურების მიხედვით სარეიტინგო ქულები მიანიჭა და ევროპის საკლუბო რეიტინგი გამოაქვეყნა.
115,16 ქულით პირველ ადგილზეა საქართველოს ბოლო ოთხი გათამაშების გამარჯვებულის, ჯამში ქვეყნის 6-გზის ჩემპიონის, თბილისის „ლელოს“ მეგობარი ლონდონის „სარასენსი“. გასულ სეზონში ინგლისელებმა ჩემპიონთა თასი მოიგეს და ქვეყნის ჩემპიონები გახდნენ. მას მცირედით ჩამორჩება ინგლისური „უოსპსი“.
დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის „კლერმონს“ 110,01 ქულა მიაკუთვნეს და ის მესამე ადგილზეა. ათეულში ქართველი ლეგიონერების კიდევ ორი გუნდია. მე-8 ადგილზეა ანტონ ფეიქრიშვილის ირლანდიური „ალსტერი“, ხოლო მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და ბადრი ალხაზაშვილის „ტულონი“ მას მცირედით ჩამორჩება.
მოწინავე ათეულში 5 ინგლისური, ორი ფრანგული და თითო-თითო უელსური, შოტლანდიური და ირლანდიური კლუბები მოხვდნენ. 40 გუნდში არიან რუსული „ენისეი“, სადაც დავით კაჭარავა და მიხეილ გაჩეჩილაძე თამაშობენ და რუმინული „ტიმიშოარა-სარასენსი“. ეს გასაკვირი არცაა, რადგან ორივემ მოიპოვა ჩელენჯ ქაფის ძირითად ბადეში თამაშის უფლება და შარშან ამავე ტურნირზე დამაკმაყოფილებელი შედეგი აჩვენეს. სრული რეიტინგი და კლუბებისთვის მინიჭებული ქულები იხილეთ სურათზე.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია