ფრანგული „მონპელიე“ მზადაა აარონ კრუდენი ანაზღაურების კუთხით პლანეტის მესამე მორაგბედ აქციოს.
ფრანგული პრესის ცნობით, კლუბის პრეზიდენტმა მოედ ალტრადმა ახალზელანდიელ მორაგბეს წლიური ანაზღაურების სახით 1 მილიონი ევრო შესთავაზა, თუ ის სამშობლოს დატოვებს და ტოპ 14-ში გადასვლას დათანხმდება.
თანხმობის შემთხვევაში კრუდენი „მონპელიეს“ მორაგბე 2017/2018 წლების სეზონიდან გახდება. მოცემული მომენტისთვის, პლანეტის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მორაგბეები „ტულონის“ იაპონელი მგეზავი აიუმუ გორომარუ და „ოლ ბლექსის“ ყოფილი მოთამაშე, „რასინგის“ მგეზავი დენ კარტერი არიან. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში ორივე მათგანს ტარვმები აწუხებს. მათი ყოველწლიური შემოსავალი 1,4 მილიონი ევროა, ხოლო მესამე ადგილზე მეთ გიტოა, რომლის შემოსავალიც 900 ათასს შეადგენს.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში „მონპელიეს“ ღირსებას საქართველოს ნაკრების ოთხი მორაგბე იცავს - მიხეილ ნარიაშვილი, დუდუ ქუბრიაშვილი, კოტე მიქაუტაძე და შალვა მამუკაშვილი. იქვეა ახალგაზრდა ქართველი ბურჯი გაგი ბაზაძე, ხოლო მომავალი სეზონიდან „მონპელიეს“ მესამეხაზელი ლაშა ლომიძე უბრუნდება, რომელიც ამჟამად პრო დ2-ის „ბეზიეს“ ღირსებას იცავს.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რაგბის ერთერთი შემაფერხებელი გარემოება სწორედ სახელფასო ჭერია იმედია რაგბისტებიც მიიღებენ მაღალ ანაზღაურებას, რატომ ვერ უნდა იღებდეს თუნდაც გორგოძე მილიონს? მეტი ფინანსები მეტ დაინტერესებას ნიშნავს და პროგრესისთვის აუცილებელია!!