სხვა

10:23 | 10.10.2016 | ნანახია 2963 - ჯერ

არჩუაშვილის ლელო ქართულ დერბიში

რუმინეთის სამეფო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურში, ბუქარესტის „სტიაუას“ ქართველმა მეორეხაზელმა მიხეილ არჩუაშვილმა ლელო დადო და საკუთარ გუნდს 16:8 მოაგებინა.

30 წლის მორაგბე „სტიაუაში“ ამა წლის მარტში გადავიდა და პირველივე დღიდან იქცა გუნდის სასტარტო შემადგენლობის მორაგბედ. ის რეგულარულად, თითქმის ყველა ჯერზე სრულად თამაშობდა ქვეყნის თასის, სუპერ-ლიგის და ახლა უკვე „სამეფო თასის“ შეხვედრებში, ლეგიონერის ამპლუაში კი, ლელო პირველად შეიტანა.

არჩუაშვილისა და ლევან გენებაშვილის გუნდი ბიძინა სამხარაძისა და იური ნატრიაშვილის „ბაია მარეს“ მასპინძლობდა. წვიმაში გამართული მატჩის 24-ე წუთზე, ერთ-ერთი ჯარიმა არჩუაშვილის მიძალებას მოყვა და ვლაიკუმ ანგარიში 6:0 გახადა, ხოლო 34-ე წუთზე მასპინძლებმა შერკინებიდან შეუტიეს, ორი დარტყმის შემდეგ, მიშამ რაქიდან გამოსული ბურთი სისწრაფეში მიიღო, მცველი გადააყირავა და ლელოში დამიწა, ხოლო ვლაიკუმ ანგარიში 13:0 გახადა.

არჩუაშვილის გარდა სასტარტო შემადგენლობაში იყო სტუმართა კვაჭი ნატრიაშვილი, ხოლო გენებაშვილი და სამხარაძე შეცვლაზე შევიდნენ.

„სტიაუას“ საკვალიფიკაციო ეტაპზე ოთხივე თამაში მოგებული აქვს და აუცილებლად გავა ნახევარფინალში. „ბაია მარემ“ სამი თამაში ჩაატარა და აქამდე ორი მოგებული ჰქონდა, მათ შორის ერთი რუმინული რაგბის ფლაგმანთან „ტიმიშოარა-სარასენსთან“. მომავალ რაუნდში „სტიაუა“ სწორედ „ტიმიშოარა-სარასენსს“ ეთამაშება, ოღონდ ეს თვის ბოლოს მოხდება. მანამდე, 2 კვირით ევროთასების დროა და მის მეტოქეს ჩელენჯ ქაფზე უწევს გამოსვლა.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.084596