ვიდეო

20:52 | 7.10.2016 | ნანახია 4161 - ჯერ

ჰაკა - „ოლ ბლექსის“ ტრადიციად ქცეული იარაღი [+2 ვიდეო]

„ოლ ბლექსის“ სარიტუალო ცეკვას არა მარტო რაგბის მოყვარულები, არამედ ამ სპორტისადმი გულგრილი ადამიანებიც დიდი ინტერესით ადევნებენ თვალს. „ჰაკას“ შესრულებისას წარმოთქმული პირველი ბგერები ბევრმა ზეპირად იცის, თუმცა მათი მნიშვნელობა და ზოგადად, ამ რიტუალის ისტორია ცოტამ. ქვემოთ მოცემულია მცირე ინფორმაცია, რაც ჰაკას უკეთ გაცნობაში დაგეხმარებათ:

ჰაკა - სარიტუალო ცეკვა

ჰაკა მაორი ხალხის, ანუ ახალი ზელანდიის მკვიდრი მაცხოვრებლების სარიტუალო ცეკვაა. ახალზელანდიელებისთვის ეს არ არის უბრალოდ ცეკვა, ეს არის კომპოზიცია, რომელსაც მოძრაობა და სიმღერა ქმნის. ამ კომპოზიციაში სხეულის სხვადასხვა ნაწილს განსხვავებული მნიშვნელობა აქვს. ენისა და თვალების მოძრაობით ფასდება ჰაკას შესრულების დონე. ჰაკას ყავს თავისი წინამძღოლი, რომელიც ცეკვის დროს, დანარჩენებისგან განსხვავებით, ძირითადად წელში გამართული დგას და სიმღერის ტექსტს წარმოთქვამს, რასაც გუნდის წევრები ერთხმად იმეორებენ.

ყველა ტომს საკუთარი ჰაკა აქვს. ის ვერსია, რომ ცეკვა ერთმნიშვნელოვნად საბრძოლოა - მცდარია. ახალ ზელანდიაში არსებობს რამდენიმე სახის ჰაკა: მისასალმებელი, დაკრძალვის, ბრძოლის წინ გასამართი და ქორწილისაც კი.

ჰაკა რაგბიში

სარაგბო დაპირისპირებაში ჰაკა პირველად 1888 წელს ავსტრალაზიის ნაკრებმა (ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის გაერთიანებული გუნდი) შეასრულა დიდი ბრიტანეთის ნაკრებთან მატჩამდე.

ახალზელანდიელებმა დამოუკიდებლად თამაში 1893 წლიდან დაიწყეს, ხოლო მეტსახელი „ოლ ბლექსი“ 1905 წელს მიიღეს, მთლიანად შავი ფერის სათამაშო ფორმების გამო. ამავე პერიოდში მოწყობილ ევროპულ ტურნეში მაორებმა ჰაკა - „კა მატე“ შეასრულეს, რაც მათ სავიზიტო ბარათად გადაიქცა.

ჰაკას შინაარსი

ლეგენდის თანახმად, ჰაკა სახელწოდებით „მე ვკვდები“ („კა მატე“) ნგატი ტოას ტომის ბელადმა მოიგონა - მტრებისგან გაქცეული ბელადი ორმოში იმალებოდა, როცა ხმაური მოესმა, იგი სიცოცხლესთან გამოსათხოვებლად მოემზადა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა მას მშველელად მეზობელი ტომის ბელადი („ბეწვიანი“) მოევლინა. გადარჩენის სიხარულით დაიბადა „კა მატე“.

აღნიშნული ჰაკა ეძღვნება მზის კულტს, მიუთითებს დღისა და ღამის, როგორც სიკვდილისა და სიცოცხლის მონაცვლეობაზე. აღსანიშნავია, რომ ჰაკას მხოლოდ ახალზელანდიელები ასრულებენ, ტონგელებს, ფიჯელებს და სამოელებს საკუთარი სარიტუალო ცეკვები აქვთ.

ჰაკას ტექსტი ქართულად:

მე ვკვდები, მე ვკვდები, მე ვცოცხლობ, მე ვცხოცხლობ,

მე ვკვდები, მე ვკვდები, მე ვცოცხლობ, მე ვცხოცხლობ,

ეს ბეწვიანი კაცია

მან მოიტანა მზე და აანთო იგი

ნაბიჯი წინ, კიდევ ნაბიჯი წინ,

ნაბიჯი წინ, ნაბიჯი წინ, მზე ანათებს!

ყველაზე ემოციურად აღიარებული 3 ჰაკა

მოამზადა უჩა გოგიძემ


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.0884