სხვა

17:18 | 1.10.2016 | ნანახია 3258 - ჯერ

დრამატული ფინალი კაჭარავას ჩემპიონობით

დავით კაჭარავას „ენისეიმ“, ლაშა მალაღურაძის, ვალერი ცნობილაძისა და მიხეილ წიკლაურის „კრასნი იარს“ ორი მატჩის ჯამში 39:33 აჯობა და ქვეყნის ჩემპიონის ტიტული დაიბრუნა.

საქართველოს ნაკრების მორაგბეებმა - კაჭარავამ და მალაღურაძემ სრულად ითამაშეს. სასტარტო შემადგენლობაში იყო აწ უკვე ყოფილი ჩემპიონის, „კრასნი იარის“ კვაჭი ცნობილაძე, ხოლო წიკლაური შეცვლაზე შევიდა.

6 დღის წინ „იარმა“ კრასნოიარსკული დერბის პირველი მატჩი საკუთარ მოედანზე 24:17 მოიგო, 7-ქულიანი უპირატესობა კი, ასეთი დონის შეხვედრისთვის მნიშვნელოვანი ფორაა. როგორც მოსალოდნელი იყო, „ენისეიმ“ განმეორებითი შეხვედრა იერიშებით დაიწყო, მაგრამ მეტოქისგან აგრესიულ დაცვას წააწყდა. ამ ყველაფერს ისიც დაერთო, რომ კონკრეტულად ამ მატჩის ანგარიში მე-7 წუთზე ჯარიმით მალაღურაძემ გახსნა.

ნომინალური მასპინძლების ნახევარდაცვა ხშირად ცდებოდა, თუმცა ტაიმის შუაში თამაში დაალაგა და 22-ში პირველივე შესვლა ლელოთი დასრულდა, თუმცა გარდასახვა არაზუსტი იყო. მერე ორივე გუნდის დამრტყმელს თითო ჯარიმა გაუცუდდა, ბრძოლა უმეტესად 22-ებს შორის მიმდინარეობდა და ზედ ტაიმის მიწურულს მალაღურაძემ თავისი მეორე ჯარიმა გაიტანა - 6:5 „კრასნი იარის“ სასარგებლოდ.

მეორე ტაიმი კვლავ „იარის“ აქტიურობით დაიწყო და მალაღურაძეს გასატანი ჯარიმა გაუცუდდა. მერე „ენისეიმ“ მოაწყო წითელ ზონაში მასირებული შტურმი, მაგრამ ლელოს შეტანა ვერ მოხერხდა. მასპინძლებმა სათამაშო უპირატესობის დაუფლება მოახერხეს და 59-ე წუთზე მეორე ლელო დადეს, თუმცა გარდასახვა კვლავ არაზუსტი იყო და საერთო ჯამში მათი ჩამორჩენა 3-ქულიანი დარჩა. დასკვნით მეოთხედში კარგი რაგბი გაჩაღდა. 65-ე წუთზე კაჭარავამ სეზონში თავისი მე-12 ლელო დაამიწა, როდესაც რაქიდან აიტაცა ბურთი, თუმცა ხანგრძლივი განხილვის შემდეგ, ვიდეო-რეფერიმ ის გააუქმა - მანამდე რაქში ხელით თამაშს ჰქონდა ადგილიო.

„კრასნი იარმა“ პასუხად ჯარიმა გამოიმუშავა, თუმცა მალაღურაძეს მიზანმა კვლავ უმტყუნა და მერე ისევ „ენისეის“ ჯერი დადგა, 73-ე წუთზე მესამე ლელო გავიდა, კვლავ გარდასახვის გარეშე - 15:6 და ინტრიგა „ცოცხალი“ დარჩა. გავიდა 4 წუთი და მალაღურაძემ, რომელსაც ჯარიმები მაინცდამაინც არ მისდიოდა, ამჯერად ცენტრიდან გაიტადა. ორი მატჩის ჯამში იმ წუთისთვის მოქმედი ჩემპიონი 33:32 დაწინაურდა და სათამაშოდ 3 წუთზე ოდნავ მეტი რჩებოდა. „ენისეიმ“ ამჯერადაც არ ისურვა ჯარიმის კარში დარტყმა, სარისკო გადაწყვეტილება მიიღო და ლელოზე ითამაშა, თუმცა ამ რისკმა გაამართლა, ლელო ცენტრში დაიდო, გარდასახვაც ზუსტი იყო და „ენისეი“ 22:9 მოგებით რუსეთის ჩემპიონი გახდა.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.077449