სხვა

12:34 | 26.09.2016 | ნანახია 1943 - ჯერ

მალაღურაძის 14 და „ენისეის“ -7 ქულა [+ვიდეო]

რუსეთის სუპერ-ლიგის პირველ ფინალურ მატჩში ლაშა მალაღურაძის, მიხეილ წიკლაურისა და ვალერი ცნობილაძის „კრასნი იარმა“ დავით კაჭარავას „ენისეის“ 24:17 მოუგო და 1 ოქტომბრის განმეორებით შეხვედრას 7-ქულიანი უპირატესობით ხვდება.

ოთხივე ქართველი ლეგიონერი სასტარტო შემადგენლობაში იყო და „იარის“ უპირატესობა დიდწილად მალაღურაძის დამსახურებაა, რომელმაც ფეხჩუბინობით გუნდს 14 ქულა შესძინა და მისი ერთი ლელო განაპირობა.

როგორც მოსალოდნელი იყო, კრასნოიარსკული დერბის პირველი რაუნდი, რომელსაც „კრასნი იარის“ სტადიონმა უმასპინძლა, დაძაბული გამოდგა. „ენისეი“ მეტოქეს შერკინებაში ჯობდა და ის უფრო თვალნათელი მეორე ტაიმში გახდა. ნომინალური სტუმრები პირველ ტაიმში ხელდახელაც უკეთ თამაშობდნენ, მაგრამ შეცდომებსაც უშვებდნენ. შეცდომები ქონდა „კრასნი იარსაც“ და პირველ 40 წუთში მაყურებელმა ჯამში 4 ლელო იხილა.

მატჩის დებიუტში მალაღურაძემ თავისი ნახევრიდან სცადა ანგარიშის გახსნა, თუმცა 53 მეტრიდან დარტყმულ ჯარიმას ძალა სულ ოდნავ დააკლდა. მე-12 წუთზე მან საკუთარი 22-იდან ფეხით მოიგერია ბურთი და ის მოედანში დატოვა, იური კუშნარიოვმა მარცხენა ფლანგზე კონტრშეტევა წამოიღო, რომელიც დენის სიმპლიკევიჩმა გააგრძელა, ორ მბოჭავს გაექცა და ლელოს ზუსტი გარდასახვა მოყვა. 22 წუთზე რუშან იაგუდინმა ცენტრთან ჩაჭრა გადაცემა და ლელომდე ირბინა, მაგრამ ლაშას გარდასახვა არაზუსტი იყო - 5:7.

5 წუთში ვიქტორ გრესევი შეცდა, რომელმაც საკუთარი 22-იდან ხელდახელ დააპირა შეტევა და შებოჭეს, კაჭარავამ რაქში იმარჯვა და გუნდს ბურთი მოუპოვა, კონტრშეტევა მარცხნივ გაიშალა და სიმპლიკევიჩმა დუბლი შეასრულა. სტუმართა გარდასახვა კვლავ ზუსტი იყო. 32-ე წუთზე მალაღურაძემ ამ მატჩში პირველი ზუსტი დარტყმა შეასრულა და ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირა, ხოლო 36-ეზე მისი ფეხით გადაკიდების შემდეგ საკუთარ 22-ში უკვე კუშნარიოვი შეცდა, მოგერიებისას დაუფარეს და ლელო მალაღურაძემ გარდასახა - 15:14 პირველი ტაიმის შემდეგ.

მეორე ტაიმის დასაწყისში მალაღურაძეს გასატანი პოზიციიდან ჯარიმა გაუცუდდა, თუმცა 55-ე წუთზე უკვე რთული პოზიციიდან ზუსტად დაარტყა. 65-ე წუთზე კაჭარავამ გუნდი აშკარა ლელოსგან იხსნა, ხოლო 70-ეზე „ენისეიმ“ ჯარიმით ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა. მალაღურაძემ 3 წუთში მარცხენა კიდიდან, კიდევ ერთი რთული ჯარიმა გაიტანა, ხოლო უკანასკნელ წუთზე ცენტრიდან დაკრა ზუსტად და განმეორებითი შეხვედრის წინ „კრასნი იარს“ 7-ქულიანი უპირატესობა დაუბევა - 24:17.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
17:26 | 26.09.2016
temuchin (431)

ვუყურე ამ მატჩს და კომენტატორის მალაღურაძისადმი უმადურობამ გამაოცა და გამაღიზიანა, კაცმა მთელი თამაში შექმნა და ლამის მარტომ მოიგო, ერთადერთი კიდიდან დარტყმული გარდასახვა "გამაზა" და მთელი ათი წუთი მაგას იმეორებდა ტიპი.

0.07682