დიდი 10

10:09 | 25.09.2016 | ნანახია 2065 - ჯერ

თბილისში სამ სტადიონზე

იყო დრო, თბილისში რაგბისათვის ერთი მოედნის პოვნაც კი დიდ სირთულეს წარმოადგენდა, თუმცა ქართული რაგბის პროგრესმა ფონდ „ქართუს“ დახმარებით ინფრასტრუქტურის გამოსწორებაც განაპირობა და დღეს დედაქალაქელ გულშემატკივარს არჩევანის გაკეთება მოუწევს.

პირველი, ტურის ცენტრალური თამაში „ავჭალაზე“ 16 საათზე დაიწყება და ერთმანეთის პირისპირ ორი ტრადიციული გუნდი წარსდგება. თბილისის „ლოკომოტივი“ ქუთაისის „აიას“ მასპინძლობს და მაყურებელიც საინტერესო ბრძოლის მომსწრე უნდა გახდეს. „რკინიგზელები“ სეზონის წინ გაძლიერდნენ და ჩემპიონის ტიტულის დასაბრუნებლად არიან მომართული. ცვლილებები განიცადა „აიამაც“, რომელმაც სამივე თამაში მოიგო და ახლა წარმატებული სერიის გაგრძელებას ეცდება.

ქუთაისელებმა პირველ ტურში შინ „ბათუმს“ მოუგეს 16:9, ხოლო ერთი კვირის წინ „ჯიქის“ წარმატებული სვლა შეაჩერეს - 32:17. შუალედში ისინი თბილისს ეწვივნენ და „ყოჩებთან“ ბრძოლაში 20:15 იმარჯვეს. სამი მოგების მიუხედავად, „აიას“ პრემია არ აუღია და მესამე ადგილზეა, ოღონდ „ბათუმმა“ მე-4 ტურის შეხვედრა უკვე ჩაატარა.

კიდევ ერთი დაუმარცხებელი გუნდი ქვეყნის ბოლო ოთხი წლის ჩემპიონი „ლელო-სარასენსია“. ლევან მაისაშვილის შეგირდებმა ქუთაისში „ბაგრატს“ 21:15, თბილისში „არმაზს“ 30:9 და თბილისშივე „არმიას“ 15:13 მოუგეს. პირველ ორ შემთხვევაში „ლელო-სარასენსმა“ პრემიაც აიღო, ხოლო ერთი კვირის წინ გამარჯვების ლელო ბოლო წუთზე დადო.

ამჯერად ის „ლელო არენაზე“ „აკადემიას“ მასპინძლობს, რომელმაც პირველ ტურში „ყოჩებს“ დამაჯერებლად, 26:8 მოუგო, მერე გორში „ჯიქთან“ 0:29 დამარცხდა, ხოლო „ლოკომოტივთან“ თბილისში 14:25 წააგო. მიუხედავად მარცხისა, ბოლო ტურში აკადემიელები კარგად გამოიყურებოდნენ და საინტერესოა, შეძლებენ თუ არა ისინი „ლელო-სარასენსის“ „ლელო არენაზე“ დამარცხებას. შეგახსენებთ, ჩემპიონი საკუთარ სტადიონზე, დიდ დიღომში გასული ჩემპიონატიდან თამაშობს და წელიწადზე მეტია იქ არ წაუგია. ეს თამაში 17 საათზე იწყება.

17 საათზე „შევარდენზე“ იწყება კიდევ ერთი თბილისური დერბი და „არმაზი“ „არმიას“ ეთამაშება. შარშანდელის მსგავსად, „არმაზმა“ ეს სეზონიც ცუდად დაიწყო და ვიცე-ჩემპიონ „ლოკომოტივთან“ და ჩემპიონ „ლელო-სარასენსთან“ უშანსოდ დამარცხდა, ხოლო გასულ ტურში დებიუტანტ „ბაგრატთან“ გამარჯვება ბოლო წუთზე გაუშვა ხელიდან - 21:22. „არმია“ იგივე მეტოქეებს უკეთ ეთამაშა. მართალია პირველ ტურში „ჯიქთან“ არაფერი გამოვიდა (3:22), მაგრამ მეორე ტურში „ლოკომოტივს“ 19:13 აჯობა და მოგება თამაშით დაიმსახურა. ერთი კვირის წინ „არმია“ ჩემპიონთანაც იგებდა, მეტოქემ ჯარიმით ანგარიშის გათანაბრებაზე უარი რომ თქვა, ამის შანსი გაიზარდა, მაგრამ გაწითლებულ დროზე ლელო მაინც გავიდა და 13:15. ეს შედეგები მომავალ თამაშში ფავორიტად „არმიას“ აქცევს, თუმცა დანარჩენი მოედანზე გადაწყდება.

2016/2017 წლების სეზონი. დიდი 10

IV ტური. 25 სექტემბერი

თბილისი. „ავჭალა“. 16:00 საათი

ლოკომოტივი (თბილისი) - აია (ქუთაისი)

თბილისი. „შევარდენი“. 17:00 საათი

არმაზი (თბილისი) - არმია (თბილისი)

თბილისი. „ლელო არენა“. 17:00 საათი

ლელო-სარასენსი (თბილისი) - აკადემია (თბილისი)

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.090072