სხვა

14:32 | 14.09.2016 | ნანახია 2379 - ჯერ

კაჭარავას დუბლი ნახევარფინალში და „მეტალურგის“ გამარჯვება

საქართველოს ნაკრების შუამარბმა დავით კაჭარავამ, რუსეთის პრემიერლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ მატჩში დუბლი შეასრულა. მან „ყუბანს“, რომლისთვისაც რეგულარულ გათამაშებაში 4 ლელო ჰქონდა დადებული, ამჯერად მხოლოდ ორი აკმარა.

კრასნოიარსკელებმა პირველი თამაში სტუმრად გამართეს, თუმცა განმეორებითი შეხვედრა ფორმალობად აქციეს. მართალია რუსული რაგბის ფლაგმანი დაცვაში არცთუ დამაჯერებლად გამოიყურებოდა და 3 ლელო მიიღო, მაგრამ შეტევაში ძალიან კარგი იყო, პასუხად ბურთი 8-ჯერ დაუმიწა და 62:25 დაამარცხა.

31 წლის ქართველმა პირველი ლელო მე-6 წუთზე გაიტანა. მან მეტოქის 22-ში შებრუნებული გადაცემა მიიღო, პირველ მბოჭავს იოლად გასცდა, მერე ორს შორის გაძვრა და გვიანი ბოჭვის მიუხედავად მიზანს მიწვდა. ამ დროს ანგარიში 14:0 გახდა. 29-ე წუთზე „ენისეიმ“ უკვე კარგად დამუშავებული კომბინაცია გაითამაშა, 5-მეტრა დერეფნიდან მოლი დააყენა და ბურთი კაჭარავამ დაამიწა. ზუსტი გარდასახვით ანგარიში 28:10 გახდა. კრასნოიარსკელებმა ტაიმი 35:15 მოიგეს, შესვენების შემდეგ უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს და 18 სექტემბერს გასამართი განმეორებითი შეხვედრა ფორმალობად აქციეს.

ფინალში „ენისეის“ მეტოქე „ვვა-პოდმოსკოვიესა“ და „კრასნი იარის“ წყვილს შორის გამარჯვებული იქნება. პირველი თამაში დღეს, ხოლო განმეორებითი 19 სექტემბერსაა დანიშნული. დღევანდელი მატჩისთვის „იარის“ სასტარტო შემადგენლობაშია შუამარბი ლაშა მალაღურაძე და კვაჭი ვალერი ცნობილაძე, ხოლო მიხეილ წიკლაური თადარიგშია. რაც შეეხება კაჭარავას, მას პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში უკვე 11 ლელო აქვს გატანილი და საუკეთესო მელელოვეთა სიაში დიდი უპირატესობით ლიდერია.

პარალელურად, ქვედა ოთხეულის გუნდები V-VIII ადგილებისთვის იბრძვიან. აქ ნახევარფინალები ერთმატჩიანია და ლევან დარასელიასა და ირაკლი ქორიძის „მეტალურგმა“, სტუმრად „იმპერიას“ 40:12 სძლია. ორივე ქართველი ლეგიონერი სასტარტო შემადგენლობაში იყო. ტაიმი ფრედ 12:12 დასრულდა, მეორე ტაიმში უპირატესობა მასპინძლებს ჰქონდათ, მაგრამ ორი დარტყმა გაუცუდდათ და ვერც რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენეს. ეს გარდამტეხი აღმოჩნდა, „მეტალურგმა“ დასკვნით მეოთხედში მატჩის სადავეები ხელთ იგდო და 4 ლელო დადო. მე-5 ადგილის ფინალში „მეტალურგის“ მეტოქე „ბულავასა“ და „სლავას“ წყვილს შორის გამარჯვებული იქნება. თამაში 17 სექტემბერსაა დანიშნული.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
16:47 | 14.09.2016
federer (17) (469)

ძალიან დიდი ბონუსია გუნდში როდესაც ხაზში გყავს პირველხაზელის სიძლიერის მორაგბე, რომელსაც ერთი-ერთზე შეუძლია ნებისმიერი მორაგბის წინააღმდეგ თამაში.
მაისურზე თუ არ დააკბირდები ერ მიხდები რა პოზიციის მოთამაშეა

16:45 | 14.09.2016
federer (17) (469)

კაჭი გახდეს უნდა ჩემპიონი წელს და საუკეთესო მორაგბის პრიზიც უნდა აიღოს

0.083299