სხვა

10:53 | 9.09.2016 | ნანახია 2123 - ჯერ

მალაღურაძის წყვილი ლელო და 24 ქულა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მგეზავმა ლაშა მალაღურაძემ, რუსეთის პრემიერლიგის მეოთხედფინალში პენზაში „იმპერიას“ ორი ლელო დაუდო, 7 გარდასახვა გაუტანა და ჯამში 24 ქულა მოაგროვა.

კრასნოიარსკელები წყვილში ფავორიტები იყვნენ და მასპინძლები უპრობლემოდ, 81:10 დაამარცხეს. ჯამში რუსეთის მოქმედმა ჩემპიონმა 13 ლელო დადო, შუმარბად მოთამაშე ქართველმა კი, თავი 55-ე და მე-60-ე წუთებზე გამოიჩინა. მან პირველ ტაიმში 4 გარდასახვა გამოიყენა, მეორეში ორივე თავისი ლელო და კიდევ ერთი 65-ე წუთზე გარდასახა. სასტარტო შემადგენლობაში იყო რუსეთის ნაკრების ყოფილი კვაჭი ვალერი ცნობილაძე, ხოლო ბურჯმა მიხეილ წიკლაურმა შეცვლაზე ითამაშა.

შედეგიანი თამაშის შემდეგ, მალაღურაძეს ჯამში 65 ქულა მოუგროვდა, საუკეთესო მექულეთა სიაში მე-5 ადგილამდე აღზევდა და 3-ით ჩამორჩება მე-4 ადგილს. ამავე სიაში დავით კაჭარავა მე-9 ადგილზეა, რომელმაც 45-ივე ქულა ლელოებით მოაგროვა.

ნახევარფინალში „კრასნი იარის“ მეტოქე დღეს გაირკვევა. „ვვა-პოდმოსკოვიე“ ლევან დარასელიასა და ირაკლი ქორიძის „მეტალურგს“ შეხვდება და გამარჯვებული ნახევარფინალში გავა. ქართველი ლეგიონერები სასტარტო შემადგენლობაში არიან.

ნახევარფინალშია კაჭარავას „ენისეიც“, რომელმაც ტაგანროგში „ბულავა“ 80:6 გაანადგურა. ეს თამაში კრასნოარსკელებმა ახალგაზრდული, პრაქტიკულად მეორე შემადგენლობით ჩაატარეს, თუმცა ამან „ბულავას“ საქმე სულაც არ გაუიოლა. ქართველი შუამარბი განაცხადში იყო და შეცვლაზე ითამაშა. „ენისეი“ ნახევარფინალში „ყუბანსა“ და „სლავას“ შორის გამარჯვებულს შეხვდება. ეს თამაში დღეს გაიმართება.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.086009