დიდი 10

9:43 | 2.09.2016 | ნანახია 8157 - ჯერ

გიორგი ბეგაძე: „შორს არაა დრო, როდესაც გეტყვით - ექვსი ერისთვის მზად ვართ“

საქართველოს ნაკრებს გამორჩეული და წარმატებული სეზონი ქონდა: 2015 წლის მსოფლიო თასზე ნაჩვენები ისტორიული შედეგის შემდეგ, გუნდმა კიდევ ერთხელ მოიგო ევროპის ერთა თასი, ხოლო ივნისში წყნარი ოკეანის კუნძულებს ეწვია და ის დაუმარცხებელმა დატოვა - სამოასთან ფრის შემდეგ, ტონგას და ფიჯის სძლია, რასაც ბევრი პირველი დონის ნაკრებიც ვერ დაიკვეხნის.

ბოლნისის „ყოჩების“ კაპიტანმა, 9 ნომერმა გიორგი ბეგაძემ ინგლისში ოთხივე მატჩში მიიღო მონაწილეობა და მსოფლიოს ჩემპიონ ახალ ზელანდიასთან სასტარტო შემადგენლობაში იყო. მისი როლი ძალიან დიდი იყო კუნძულებზე წარმატებული ტურნეს დროს, სადაც ის უკვე სასტარტო შემადგენლობის მოთამაშედ მოგვევლინა და სამი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა.

ხვალ დიდი 10-ის ახალი სეზონი იწყება და ჩვენც მასთან საუბარი შინაური ამბებით დავიწყეთ, მერე კი, რა თქმა უნდა „ბორჯღალოსნების“ განვლილ პერიოდსა და სამომავლო პერსპექტივებს შევეხეთ.

  • ხვალ დიდი 10-ის გათამაშება იწყება. როდიდან ემზადებით მომავალი სეზონისთვის, რა ეტაპები გაიარეთ და გუნდში რა ცვლილებებია?
  • გუნდმა მზადება ივნისში, ჩვენი ფიზმომზადების მწვრთნელის, აკა ცინცაძის მეთვალყურეობით დაიწყო. მასთან ერთად დაგეგმილად გაიარა პირველი, ფიზმომზადების ეტაპი და მეორე ეტაპიდან ბურთიც ჩაერთო საქმეში. ფიზიკურთან ერთად იყო ტაქტიკურ-ტექნიკური ვარჯიშები. ამის შემდეგ გუნდმა ერთი კვირა დაისვენა და ვარჯიში განაახლა. ამ ეტაპისთვის შეიძლება ითქვას, რომ ნორმალური მოსამზადებელი ეტაპი გვქონდა. ახლა ვიმყოფებით „შევარდენზე“ წინასათამაშო, სამდღიან შეკრებაზე. ვფიქრობ, პირველი შეხვედრისთვის მზად ვართ და „აკადემიასთან“ შესახვედრად აქედანვე გავემგზავრებით.

შემადგენლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია. იცით, რომ გაზაფხულზე მიხეილ არჩუაშვილი რუმინეთში წავიდა, ხოლო ზაფხულში თემურ სოხაძემ და ლევან გოგოლაშვილმა დაგვტოვა. ეს დიდი დანაკლისია, თუმცა გვაქვს შევსებაც. ძირითადად „ყოჩების“ „ა“ ლიგიდან და „ესპუარებიდან“ ამოვიდნენ ბიჭები. მნიშვნელოვნად გავძლიერდით შერკინებაში, კონკრეტულად პირველ ხაზში. იცით, რომ ეროვნული გუნდის კვაჭი შალვა მამუკაშვილი დაგვემატა და ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება მთელი შერკინებისთვის. ის ნებისმიერი გუნდისთვის დიდი ძალაა, მობილიზებას მოახდენს და შეკრავს შერკინებას. გვყავს ახალგაზრდა მგეზავი და ახალგაზრდა გარემარბები. ამასთან, არიან გამოცდილი მოთამაშეები და დავაბალანსებთ შემადგენლობას.

  • თამაშისწინა სამდღიანი შეკრება რას მისცემს გუნდს და მომავალშიც გექნებათ მსგავსი შეკრებები?
  • ამას თავისი მიზეზები ქონდა. ცოტა ხნის წინ საქართველოში მყოფ ეროვნული ნაკრების კანდიდატებს სამკვირიანი ფიზმომზადების შეკრება გვქონდა და მე და შალვა პრაქტიკულად გუნდთან ერთად არ ვყოფილვართ, მხოლოდ ამ კვირის დასაწყისში შევუერთდით კლუბს. გარდა ამისა, პერიოდულად გუნდთან ერთად არ იყვნენ 7-კაცას მოთამაშეები, ანუ ისე მოხდა, რომ მოსამზადებელ ეტაპზე ერთად არ ვყოფილვართ. რადგან ეს ვერ ხერხდებოდა, ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ ნაკლული გუნდით სადმე ხანგრძლივი შეკრების გავლას, ჯობდა თამაშის წინ სამი დღე ვყოფილიყავით ერთად. ეს სამი დღე პირველი თამაშისთვის მოსამზადებლად, შესაკრავად და ტაქტიკური სქემების დასამუშავებლად უნდა გამოვიყენოთ, მერე კი, შევხედავთ რა და როგორ იქნება და ამის შემდეგ გადაწყდება გვექნება თუ არა მსგავსი შეკრებები მომავალი თამაშების წინაც.
  • გუნდიდან წასულ მოთამაშეებს თუ გადავხედავთ, ყველა წამყვანი იყო თავის პოზიციაზე. ვფიქრობ, განსაკუთრებით მგეზავი და დამრტყმელი თემურ სოხაძე დაგაკლდება, რომელიც საქართველოს ბოლო ორი ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია. რამდენად სრულფასოვნად მოხდება წასულების შეცვლა?
  • რა თქმა უნდა, დღევანდელ პირობებში ამ მოთამაშეების სრულფასოვნად შეცვლა რთული იქნება. თავადაც ახსენეთ რამდენად დიდი ძალა იყო სოხაძე გუნდისათვის. მგეზავის პოზიციაზე „ა“ ლიგიდან პირველ გუნდში ამოიწია გიგა გულმაგარაშვილმა, რომელიც ახალგაზრდული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაშიც იყო. ნიჭიერი ბავშვია, კარში დარტყმაც შეუძლია, პრაქტიკა უნდა და დაგვანახებს მოედანზე წნეხის ქვეშ რა შეუძლია. კარში დარტყმა შეუძლია ირაკლი გეგენავასაც, რომელიც დამატებით ვარჯიშობს ამ კომპონენტზე.
  • წინა ჩემპიონატებში გუნდის ტაქტიკა პრაქტიკულად სოხაძეზე იყო აწყობილი. მეტოქის კარიდან თითქმის 60 მეტრის რადიუსში, მას ყველა პოზიციიდან შეეძლო ჯარიმის გატანა. რადგან ასეთი სტაჟიანი დამრტყმელი აღარ გეყოლებათ, თამაშის ტაქტიკაც ხომ არ შეიცვლება?
  • როდესაც მოედანზე თემოს დარი დამრტყმელი გყავს, რომელსაც ყველა პოზიციიდან შეუძლია გატანა, ლოგიკურიცაა ამ გზით მოიპოვო ქულები. მომავალ სეზონში მსგავსი ტაქტიკით თამაში რთული იქნება და სავარაუდოდ, იქნება მეტი დინამიკა, სტატიკიდან თამაში, ბურთი უმეტესად აუტში გაიგზავნება და შევეცდებით ლელოების დადებას.
  • დიდი ალბათობით, მომავალი წლიდან საქართველოს ჩემპიონი ევროთასებში ჩაერთვება. გასაგებია, რომ ჩემპიონობა ათივე გუნდის სურვილი, თუმცა რეალურად თუ შევხედავთ სიტუაციას, რა იქნება „ყოჩების“ მიზანი?
  • დიახ, ჩემპიონობა ყველას სურვილია და ვიყოთ რეალისტები. შეიძლება ითქვას, რომ „ყოჩები“ წელს ახალგაზრდულ გუნდად ჩამოყალიბდა. ბირთვი შენარჩუნებულია, თუმცა, ჩემი აზრით ეს საკმარისი არაა რომ ხმამაღალი განცხადებები ვაკეთოთ. ევროთასებზე თამაშიც ყველა მოთამაშისთვის დამატებითი სტიმულია, მაგრამ ამ სტიმულს რეალიზება უნდა. პირველ ეტაპზე მიზანი ექვსეულში გასვლა და პლეი ოფში მოხვედრაა, მერე კი, იქ რაც შეიძლება მაღალი ადგილის დაკავება.
  • ზევით ახსენეთ, რომ საქართველოში მყოფ საქართველოს ნაკრების კანდიდატებს სამკვირიანი შეკრება გქონდათ. რამდენმა მოთამაშემ გაიარეთ ეს შეკრება და რა იყო მისი მთავარი მიზანი?
  • თუ არ ვცდები 23 მოთამაშე ვიყავით. ყოველ ზაფხულსა და ზამთარში, საქართველოში მყოფი ეროვნული ნაკრების კანდიდატები ირაკლი ჭყონიასთან და მილტონ ჰეიგთან ერთად გავდივართ მსგავს შეკრებებს. მილტონთან ტექნიკაზეა გამახვილებული ყურადღება, ხოლო ირაკლისთან ფიზმომზადებაზე - ფიტნესი, დარბაზში და მოედანზე ვარჯიში. ამ ყველაფრის მიზანია, რომ ნაკრების მოთამაშეები სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ საქართველოს ჩემპიონატს. ყველა ნაკრების კანდიდატი ვალდებულია, რომ ეროვნული ჩემპიონატის თამაშებზე მაქსიმალურად დაიხარჯოს და გამორჩეული იყოს.
  • ნაკრებს ნოემბერში სამი უმნიშვნელოვანესი ტესტ-მატჩი ელის - თბილისში იაპონიასთან და სამოასთან, ხოლო სტუმრად შოტლანდიასთან. რას უნდა ველოდოთ ამ თამაშებისგან?
  • დღემდე ჩვენმა ნაკრებმა ბევრი რამის დამტკიცება შეძლო, თუმცა ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ნოემბერში რომელიმე გუნდთან იოლი და მარტივი გასეირნება გვექნება. ყველასთვის ცნობილია რა დონის ძალას წარმოადგენს სამოა. მასთან თამაში მსოფლიოს ყველა გუნდისთვის ურთულესია, ნებისმიერ მომენტში შეუძლია სიურპრიზები შემოგთავაზოს. ყველამ ნახა რა საოცრება მოახდინა იაპონიამ 2015 წლის მსოფლიო თასზე და მას შემდეგ ეს გუნდი კიდევ უფრო გაიზარდა. ივნისის ტესტებზე მათ კარგი თამაშები ქონდათ, მათი ქვეყნის გუნდი, რომელიც 95%-ით სწორედ ნაკრების კანდიდატებით იყო დაკომპლექტებული, მთელი სეზონი სუპერ რაგბიში თამაშობდა.

ძალიან რთული თამაშები გვექნება თბილისში, თუმცა ვფიქრობ, საქართველოს ნაკრებს შესწევს ძალა, სამშობლოში, საკუთარი გულშემატკივრის წინაშე, მათი თანადგომით, სათანადო ბრძოლა გაუმართოს ნებისმიერ მეტოქეს და მოსაგებად იბრძოლოს. რაც შეეხება შოტლანდიაში გასვლას, ესაა უდიდესი ისტორიის გუნდი და ძალიან დიდი ძალა მსოფლიო ელიტაში. დიდი გამოწვევაა მათთან სტუმრად თამაში. ვნახოთ როგორ წავა საქმეები საშინაო შეხვედრებში, რა შედეგი გვექნება და მერე ვიფიქრებთ შოტლანდიაზე.

  • შევძლებთ, რომ ექვს ერზე კიდევ ერთხელ ავალაპარაკოთ მსოფლიო?
  • შევეცდებით. მსოფლიო თასის შემდეგ, საკუთარი ძალების ვიწამეთ და თავდაჯერებულობა მოგვემატა, ამას მოყვა ზაფხულის ტურნე კუნძულებზე და შედეგი, რომელსაც მთელს მსოფლიოში არავინ ელოდა. ვეცდებით, რომ ჩვენი შესაძლებლობები კიდევ ერთხელ დავუმტკიცოთ მსოფლიო რაგბის სამყაროს.
  • ამდენი საუბრების ფონზე, როგორ ფიქრობთ, ვართ იმისთვის მზად, რომ ექვს ერში ღირსეულად შევიდათ?
  • ახლა რომ ვთქვათ, მოდით თებერვალში წავიდეთ და ექვს ერზე ვითამაშოთ, ამისათვის ჯერ მზად არ ვართ. ამას მოთამაშეების ძალიან დიდი რესურსი, დონის ამაღლება ჭირდება. თუმცა, იტალიასთან და შოტლანდიასთან თანაბარი ბრძოლა შესაძლებელია და ვიმსახურებთ კიდეც ევროპის უძლიერეს გუნდებთან რეგულარულ თამაშს. მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის „მსოფლიო რაგბისთვის“, რომელმაც ჩაგვსვა ისეთ კალენდარში, რომლის მიხედვითაც სამოას, იაპონიას, ტონგას და ფიჯის ვეთამაშებით, შოტლანდიაში გვიწევს წასვლა და სავარაუდოდ, მომავალ წელსაც ძლიერი მეტოქეები გვეყოლება. სწორედ ამით განვვითარდებით, რწმენას განვიმტკიცებთ და ძალიან მალე იგივე კითხვაზე სრული დარწმუნებით გიპასუხებთ - დღეს ჩვენ მზად ვართ ექვს ერში სათამაშოდ.
  • ივნისის ტესტებზე, კუნძულებიდან ჩვენი ნაკრების დაუმარცხებლად დაბრუნებას არავინ ელოდა. რის ხარჯზე შეძელით ასეთი სასწაულის მოხდენა?
  • სამწვრთნელო შტაბმა ძალიან კარგად გათვალა მოსამზადებელი პერიოდი. სამოაში თამაშამდე ძალიან ადრე, 8 დღით ადრე ჩავედით. წინასწარ ვიყავით შემზადებული, მაგრამ იქ კიდევ უფრო საშინელი ჩახუთულობა და ტენიანობა დაგვხვდა. ხუთი ისეთი მოთამაშე, რომელთაც სასტარტოში უნდა დაეწყოთ თამაში, საფრანგეთიდან ორი დღით ადრე შემოგვიერთდა. ისეთი სიცხე იყო, რომ კაპიტნის ვარჯიშიც კი, სრულფასოვნად ვერ ჩავატარეთ.

თუმცა, ზურგს გვიმაგრებდა მსოფლიო თასზე შეძენილი უდიდესი გამოცდილება და სამოას ისე ვეთამაშეთ, საკუთარი ძალების კიდევ უფრო მეტად ვირწმუნეთ. ძალიან ძნელია ჩახვიდე სამოაზე და ამ ქვეყნის ნაკრებს ფრედ ეთამაშო, თუმცა მოედანი ამაყებს არ დაგვიტოვებია. გვაწუხებდა ფიქრი, რომ ამ თამაშის მოგება შეიძლებოდა და ეს ვერ შევძელით, სამწუხაროდ, რაღაც დაგვაკლდა. ჩავატარეთ ანალიზი, მივხვდით, რომ შეგვიძლია და ტონგასთან მეტად თავდაჯერებულები, მოსაგებად გავედით.

კარგად გვესმოდა, ტონგა მსოფლიო თასის შემდეგ რევანშის წყურვილით გვხვდებოდა, თუმცა ჩვენ ერთმანეთს ვეუბნებოდით, რომ შეგვეძლო და მათთვის ამის საშუალება არ უნდა მიგვეცა. ყველაზე მაგარი ის იყო, რომ ტონგას თამაში ბოლო წამებზე შემოვუბრუნეთ. ასეთი რამ საქართველოს ნაკრებმა ბოლოს 2010 წელს, აშშ-სთან მოახერხა თბილისში. იმ დროისთვის ის იყო უმნიშვნელოვანესი გამარჯვება, ახლა ეს - მთელი გუნდი სისხლით, ხორცით, კბილებით იბრძოდა ამ მოგებისთვის. მოვიგეთ და გაჩნდა მეტი თავდაჯერება, მოთხოვნა, რომ რატომ არა ფიჯი, შეგვიძლია და იქნებ კუნძულებიდან დაუმარცხებლად წავიდეთ. სწორედ ამ თავდაჯერებულობამ შეგვაძლებინა ეს ყველაფერი.

  • კონკრეტულად თქვენზე რომ ვთქვათ, კუნძულებზე გვქონდა სწრაფი ბურთი, შეტევების სწორი მიმართულება, ჩემი აზრით, ნაკრებში სამი საუკეთესო თამაში ჩაატარეთ. თქვენ როგორ შეაფასებთ ამას და შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ნაკრებს 9 ნომრის პოზიციაზე პრობლემა აღარ აქვს?
  • მოხსნილია თუ არა ნაკრებში 9 ნომრის პოზიციაზე პრობლემა, ეს მწვრთნელების და გულშემატკივრის გადასაწყვეტია. ინგლისში ოთხივე მატჩში მივიღე მონაწილეობა, თუმცა ის დრო არ მქონდა, რისი სურვილიც მქონდა. საქართველოს ნაკრებში თამაშისას, ჩემს თავს მოუმზადებლად ყოფნის უფლებას არასდროს ვაძლევ. მსოფლიო თასზე სათამაშო დროის ნაკლებობამ, კუნძულებზე გამგზავრების წინ ეს გრძნობა კიდევ უფრო გამიღრმავა. ვალდებული ვიყავი მწვრთნელებისთვის, გუნდელებისთვის და გულშემატკივრებისთვის დამენახებინა, რომ შემიძლია. მოვახდინე 100%-იანი მობილიზება და როგორ ვითამაშე, ეს სხვებმა შეაფასონ. ვფიქრობ, შრომის და მონდომების ხარჯზე კიდევ უფრო მეტი შემიძლია.
  • ჩვენთვის ეგზოტიკური ქვეყნებია და გარდა სამი წაუგებელი თამაშისა, განსაკუთრებული ჩახუთულობის და ნესტიანობისა, ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდათ სამოასა და ფიჯიზე მგზავრობიდან?
  • ვისაც ეგზოტიკა და სიმწვანე უყვარს და საშუალებაც აქვს, ერთხელ მაინც აუცილებლად უნდა ჩავიდეს ამ კუნძულებზე, უფრო მაგარ ადგილს უბრალოდ ვერ ნახავს. თუმცა, როდესაც ჩვენ მსგავს ტურნეზე მივდივართ, არ გვაქავს იმის დრო, რომ ქვეყანა დავათვალიეროთ და გავერთოთ. ერთი შეხედვით, იქ ცხოვრობენ ადამიანები, რომელთაც არაფერი აწუხებთ, სულ კარგ ხასიათზე არიან და გაღიმებულები დადიან. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ნაკრებთან ერთად კუნძულებზე გამგზავრება მომიწია, სამოა და ფიჯი ვნახე და რაც მთავარია, შინ დაუმარცხებელი დავბრუნდი.
  • გვერდს ვერ ავუვლით 2015 წლის მსოფლიო თასს. ალბათ, თქვენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი თამაში „ოლ ბლექსთან“ იყო - ეთამაშეთ პლანეტის უძლიერეს გუნდს, იყავით სასტარტო შემადგენლობაში და ლელო „გააკეთეთ“.
  • რა თქმა უნდა, როდესაც მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო სარაგბო არენაზე, მსოფლიოს ჩემპიონატზე, ყველას თვალწინ ვარსკვლავებით, საუკეთესოებით დაკომპლექტებულ მსოფლიოს ჩემპიონს ეთამაშები, განსაკუთრებული მოვლენაა და ამაზე მაგარი გრძნობა მორაგბეს ვერ ექნება. ეს ყველას ოცნებაა, მით უმეტეს, რომ ჩვენი დონის ქვეყნებს არ აქვს ფუფუნება ახალ ზელანდიასთან ხშირი თამაშისა. მაგრამ ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი, დიდი წარმატება იყო ტონგასთან და ნამიბიასთან გამარჯვება, სადაც დავამტკიცეთ, რომ ქართული რაგბი წინ მიდის. რაც შეეხება ზელანდიასთან ლელოს, აქ ჩემი დამსახურება არაფერი იყო. ცოტა გაგვიმართლა, მეტოქე კონტრშეტევაზე დავიჭირეთ და „წიკომ“ დააგვირგვინა.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
11:42 | 04.09.2016
BEERTRANCE (1073)

ნოემბრის სერიის წარმატებულად ჩატარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

16:38 | 02.09.2016
krasni (587)

ნოემბერში კიდევ ერთი ნაბიჯით უნდა წავიწიოთ წინ.

0.124258