დიდი 10

15:42 | 7.04.2016 | ნანახია 1334 - ჯერ

შოთა თევზაძე - სწრაფად მზარდი ქართველი რეფერი

სულ სამი წელიწადი დასჭირდა შოთა თევზაძეს იმისათვის, რომ „მსოფლიო რაგბის“ ყურადღება მიექცია და ივნისში ის პირველი ქართველი რეფერი გახდა, რომელიც ამ ორგანიზაციის ეგიდით, ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართულ შეხვედრებს იმსაჯებს.

თევზაძე ერთადერთი არაა, რომელიც ქართული რაგბის სახელს საერთაშორისო დონეზე სამსაჯო კუთხით იცავს. ჯერ კიდევ იანვარში, ნიკა ამაშუკელი 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის „ალაფაზე“ მიიწვიეს. ამ ორმა, ახალი თაობის პერსპექტიულმა მსაჯმა, ეს გზა პრაქტიკულად ერთად გაიარა და რადგან თევზაძის ამბავი სიახლე იყო, გადავწყვიტეთ განვლილ პერიოდზე მას გავსაუბრებოდით.

- როდის და როგორ დაიწყეთ მსაჯობა?

- ბავშვობიდან რაგბის ვთამაშობდი და მიუხედავად იმისა, რომ ტრავმები ხშირად მაწუხებდა, ფაქტობრივად საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში ვითამაშე, მაგრამ საბოლოოდ, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, აქტიურ სპორტულ კარიერას თავი დავანებე. მერე ერთ დღეს ნიკა ამაშუკელის რჩევით მსაჯობის კურსებზე ისე მივედი, ზუსტად არც კი ვიცოდი სად მივყვებოდი. ეს 2013 წლის გაზაფხულზე მოხდა. რაგბი ჩემში გამჯდარი იყო, კურსებით პირველივე დღიდან დავინტერესდი და ასე დაიწყო ჩემი სამსაჯო კარიერა.

- ქართველი თუ უცხოელი სპეციალისტები, ყველაზე პერსპექტიულ მსაჯებად სწორედ თქვენ და ნიკა ამაშუკელს გაღიარებენ და ეს ნდობაშიც გამოიხატება - სულ უფრო ხშირად გიწვევენ საერთაშორისო ტურნირებზე. როდის იყო თქვენი პირველი გასვლა?

- კურსები ახალი დაწყებული მქონდა, როდესაც ირლანდიაში გაცვლითი პროგრამით გავემგზავრე. სწავლების პარალელურად იქ უმცროსი ასაკობრივი ლიგები ვიმსაჯე. მსაჯობაში გადადგმული პირველი ნაბიჯები მარტივი აღმოჩნდა, რადგან საქმე ეხებოდა ბავშვებს და მეორე - ირლანდიაში რაგბის კულტურა გაცილებით დიდია, ვიდრე დანარჩენ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში. ამ გასვლით მე და ნიკამ ბევრი რამ ვისწავლეთ.

- საქართველოში დაბრუნების შემდეგ, რამდენად გამოგადგათ იქ მიღებული ცოდნა და გამოცდებილება?

- ირლანდიიდან მეც და ნიკაც ხალისით ჩამოვედით, ვფიქრობდით, რომ ამის შემდეგ საქართველოში მსაჯობა გაგვიადვილდებოდა. თავდაჯერებულობა მოგვემატა, ბევრი რამ დავხვეწეთ და გამოცდილება შევიძინეთ.

- არადა, ერთ-ერთმა ახალზელანდიელმა მსაჯმა, საქართველოში გატარებული პერიოდის შემდეგ თქვა, რომ აქ დიდი გამოცდილება მიიღო, განსაკუთრებით პირველი ხაზის მსაჯობის კუთხით. რა არის ისეთი, რაც საქართველოში მიღებული ცოდნის შემდეგ, საერთაშორისო თამაშებში გეხმარებათ?

- საქართველოში პირველი ხაზის მსაჯობა მართლაც ყველაზე რთულია. ამბობენ, რომ ასეთივე სირთულის ყოფილა საფრანგეთში მსაჯობა, მაგრამ მე იქ ჯერ არ მიმსაჯია და პარალელს ვერ გავავლებ. საქართველოს შემდეგ, საერთაშორისო მატჩებისას შერკინების მსაჯობა ბევრად მიადვილდება. უცხოური თამაშებიდან, ყველაზე მაღალ დონეზე ჯერჯერობით წელს, 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ვიმსაჯე. მასთან გავათანაბრებდი ირლანდიაში მეორე სტუმრობას, როდესაც ირლანდიური ლიგის თამაშები ვიმსაჯე. ირლანდიაში შერკინების მსაჯობა ძალიან მარტივი იყო. სამაგიეროდ, მიდიოდა სწრაფი, დინამიური, ხელდახელ თამაში. ის არაფრით ჰგავდა საქართველოს ჩემპიონატის შეხვედრებს.

- მოდით თავიდან დავიწყოთ. პირველი სერიოზული გასვლა შარშან, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე დივიზიონის შეხვედრებისას გქონდათ.

- დიახ, ეს პირველი გასვლა იყო ჩემთვის და ნიკასთვის. მონტენეგროში დაბალი დონის თამაშები იყო, მაგრამ უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობდით, რადგან გვაკვირდებოდნენ და თავი უნდა გამოგვეჩინა. მოთამაშეები გვიჯერებდნენ, იყო გარკვეული სირთულეებიც, მაგრამ საქართველოს ჩემპიონატთან ეს სირთულეები ახლოსაც ვერ მივა. ალბათ, მოვეწონეთ და ამის შემდეგ სხვა ტურნირებზეც დაგვიძახეს. ჩეხეთში ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ვიყავი, რომლის ფინალი ვიმსაჯე და წელს პორტუგალიაში, 18-წლამდელების ევროპის ელიტურ ჩემპიონატზე მიმიწვიეს.

- სანამ ევროპის ჩემპიონატს შევეხებით, ისევ ირლანდიას და იქ მეორე სტუმრობას დავუბრუნდეთ.

- ყველაზე კარგი ის იყო, რომ ირლანდიელებმა თავად მოითხოვეს ჩემი და ნიკას ირლანდიაში ჩასვლა, რათა თამაშები გვემსაჯა. როდესაც ხედავ, რომ ასეთი დონის თამაშებს უცხოელები განდობენ, თავდაჯერებულობა გემატება. გამოცდილება შევიძინეთ და ეს მერე საქართველოს ჩემპიონატშიც გამოგვადგა. მთლიანობაში, ალბათ იქ 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე მაღალი დონის თამაშები იყო, რადგან საქმე კაცთა გუნდებს ეხებოდა.

- ყველას გვახსოვს კადრები, რომელიც ინტერნეტით გავრცელდა...

- ეს ვიდეო ირლანდიაში მეორე თამაშის წინ, გახურებისას გადაიღეს. მსგავს სტილში გახურება მსაჯებისთვის მიღებული პრაქტიკაა. ამ გზით თამაშისთვის მენტალურად და ფსიქოლოგიურად ემზადები, ფოკუსირებას ახდენ. მერე შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ ამას თურმე ტრიბუნიდან იღებდნენ და ჩემი ვიდეო ინტერნეტში გამოჩნდა წარწერით - ქართველი მსაჯი ხურდება წარმოსახვით მოთამაშეებთან ერთად.

- თქვენი, როგორც მსაჯის განვითარების კუთხით, რა იყო გადამწყვეტი?

- ასე ერთი კონკრეტულის გამოყოფა გამიჭირდება. მსაჯობას რომ ვიწყებდი, აქაურმა მასწავლებლებმა ჩვენში უდიდესი შრომა ჩადეს და დღესაც ასე გრძელდება - დათო შუბითიძე, გია ამირხანაშვილი, ლუკა კილასონია, რომელიც თავად მსაჯი არასდროს ყოფილა, თუმცა მაღალი დონის მასწავლებელია, ნოდარ ზუბიტაშვილი და უჩა ნარიმანიძე. მერე საქართველოსა და ირლანდიის რაგბის კავშირების სამსაჯო განყოფილებებს შორის ხელშეკრულება გაფორმდა და დევიდ ობრაიენის ხელმძღვანელობით, ირლანდიელებმა ძალიან ბევრი გააკეთეს ჩვენი განვითარებისთვის. ისინი ჩამოდიოდნენ და აქ გვიტარებდნენ სემინარებს, მერე იქაც ვიყავით მიწვეული. გარდა ამისა, საქართველოს ნაკრების თამაშები რამდენიმე ცნობილმა მსაჯმა იმსაჯა - ალან როლანი, რომან პოიტე, პასკალ გოზელი... ჩვენ მათთან მეოთხე-მეხუთე მსაჯებად ვართ მიმაგრებული და უბრალო გასაუბრებითაც კი, ძალიან ბევრს ვსწავლობთ, მნიშვნელოვან ინფორმაციას ვიღებთ. გარდა ამისა, ალან როლანმა მსაჯებისთვის 2-3 საათიანი სემინარი ჩაატარა.

- უცხოელი მსაჯები ახსენეთ და თუ გყავთ მსაჯი-კუმირი?

- ნაიჯელ ოუენსი. ესაა მსაჯი, რომელიც ისეთ თამაშს აკეთებს, როგორსაც სხვა ვერავინ გააკეთებს. წინა თაობის მსაჯებიდან ალან როლანს გამოვარჩევდი.

- საინტერესოა თქვენი ხედვა, მსაჯისთვის რომელი თამაში უფრო წარმატებულია, როცა ნაკლებად იყენებთ სასტვენს თუ პირიქით?

- მსაჯისთვის კარგად ჩავლილი თამაში ისაა, როდესაც ნაკლებად უწევს გამოჩენა. თუ მოთამაშეებთან კომუნიკაციით და მოქმედებებით ბევრი ჯარიმის თავიდან აცილებას მოახერხებს, ამაზე უკეთესი არაფერია.

- თუ გქონიათ შემთხვევა, როდესაც თამაშის სადავეები ხელიდან წაგსვლიათ?

- არ ვიცი სხვები როგორ თვლიან, მაგრამ მე მსგავსი არ მახსენდება. ხშირად მსმენია - მსაჯი მასპინძელს, ან ძლიერს მიემხრო, მაგრამ ასე არაა და ეს ტენდენციური ადამიანების მოსაზრებაა. მთელს მსოფლიოში, რაგბი ბევრად უფრო მეტია, ვიდრე სპორტი და რაგბის მსაჯობაც, უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ მსაჯობა. ვფიქრობ, ყველაზე რთული სამსაჯო სწორედ რაგბია. მოკლედ, მე არ მეგულება მსაჯი, რომელიც უკეთეს გუნდს, შერკინებას, ან მასპინძელს მიემხრობა. ჩვენ ვმსაჯობთ იმას, რაც მოედანზე ხდება.

- თამაშების წინ მოწინააღმდეგე გუნდების სათამაშო სტილს თუ სწავლობთ?

- რა თქმა უნდა. მსაჯებსაც გვაქვს თამაშის წინა მომზადება და ვუყურებთ ამ გუნდების წინა თამაშებს, ურთიერთშეხვედრებს, ვიგებთ მათ ძლიერ და სუსტ მხარეებს. ზედაპირულ მონახაზს ვიქმნით იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლება მოხდეს მომავალ თამაშში. როგორც გუნდები ახდენენ ერთმანეთის ანალიზს, ასე ვუყურებთ ჩვენ მათ თამაშებს. ვსწავლობთ რაში ჰქონდათ მეტი პრობლემა, რაში აიღეს მეტი ჯარიმა და თამაშისწინა კონსულტაციაზე გუნდებს მითითებებს ვაძლევთ, რომ ამ კომპონენტებში ნაკლები ჯარიმა აიღონ. სწორედ ამიტომაა რაგბის მსაჯობა სხვა სპორტებთან შედარებით რთული და განსხვავებული. არ მეგულება სპორტის სხვა სახეობა, სადაც მსაჯები მსგავს პრევენციულ ზომებს იღებენ.

- რაგბის მსაჯების და მოთამაშეების კომუნიკაცია მართლაც განსაკუთრებული შემთხვევაა. ვიდეოებიც ხშირად ვრცელდება, სადაც მსაჯები მოთამაშეებს ეხუმრებიან. ასეთი შემთხვევა გასულ მსოფლიო თასზე ნაიჯელ ოუენსსა და დავით ზირაქაშვილის ურთიერთობისასაც დაფიქსირდა. თქვენც ეხუმრებით ხოლმე მოთამაშეებს?

- ამ მხრივ ნაიჯელ ოუენსი განსაკუთრებული მოვლენაა. ის პროფესიით შოუმენია და კომუნიკაციით და ხუმრობებით სხვებისგან გამოირჩევა. სწორედ ესაა მისი ერთ-ერთი კოზირი, ამით თამაშს მართავ. ისიც მნიშვნელოვანია, ზუსტად მიხვდე როდის გაეხუმრო მოთამაშეს, თორემ შესაძლოა აგრესია გამოიწვიო.

- გქონიათ შემთხვევები, როდესაც ქმედებით, ან საუბრით სიტუაცია განგიმუხტავთ?

- ასეთი შემთხვევები ხშირია, განსაკუთრებით საქართველოს ჩემპიონატში. ხშირად ეს შეუმჩნეველი რჩება. უკეთესია, თუ დაძაბულობის განმუხტვას კომუნიკაციით ახერხებთ, თუმცა ხანდახან მსგავს სიტუაციაში ბარათის ჩართვაც ხდება საჭირო.

- ალბათ, შეცდომებიც დაგიშვიათ.

- ძალიან ბევრი. იგივე ნაიჯელ ოუენსი, რომელიც საუკეთესო მსაჯია, ბევრ შეცდომებს უშვებს. მან თავადაც თქვა ინტერვიუში - არ არსებობს მსაჯი, რომელიც იმსაჯებს უშეცდომოდ. ეს უბრალოდ შეუძლებელია. იგივეა, რომ გუნდს მოთხოვო მთელი 80 წუთი უშეცდომოდ ითამაშოს. მსაჯების მთავარი მიზანია, რომ რაც შეიძლება ნაკლები და ნაკლებ მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვას, ანუ მან თამაშის შედეგი არ გადაწონოს.

- თუ გქონიათ შეცდომა, რომელის დაშვებაც სასტვენის მიცემისთანავე გაგიაზრებიათ?

- ბევრჯერ, განსაკუთრეებით განვითარების ეტაპზე - ჩამისტვენია და სანამ ხელს ავწევდი მივმხდარვარ, რომ ასე არ უნდა მოვქცეულიყავი. სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, ამ შეცდომის გამოსწორებაზე არც უნდა იფიქრო, იმ წამსვე უნდა დაივიწყო, თორემ თამაშის სადავეები გაგექცევა. ეს ფსიქოლოგიური მომზადების ერთ-ერთი უმთავრესი ნაწილია. მსაჯისთვის ყველაზე კარგია შეცდომები მინიმუმამდე დაიყვანოს.

- შეიძლება ითქვას, წელს სამსაჯო განვითარების ახალ სტადიაზე გადახვედით და 18-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატის ელიტური დივიზიონი იმსაჯეთ, თანაც ორივე შემთხვევაში მასპინძლების თამაში.

- მეოთხედფინალში პორტუგალიისა და გერმანიის შეხვედრა ვიმსაჯე და მერე მატჩი მესამე ადგილისთვის. ეს არ იყო ეროვნული ნაკრებების დონე, თუმცა, აქამდე ნამსაჯ ტურნირებს შორის იყო უფრო მაღალი დონე და ასევე ხიდი, კიდევ უფრო მაღალ დონეზე გადასასვლელად.

- 18-წლამდელთა ფინალიც უნდა გემსაჯათ, თუ იქ საქართველოს ნაკრები ვერ გავიდოდა.

- იქ რომ ჩავედით, არცერთმა მსაჯმა არ იცოდა ვის რა თამაში შეხვდებოდა. მსგავსი საუბარი ჩემამდეც მოვიდა, მაგრამ ასე პირდაპირ არავის უთქვამს. ვიმსაჯე მატჩი მესამე ადგილისთვის მასპინძელ პორტუგალიასა და ბელგიას შორის. დაძაბული შეხვედრა გამოვიდა და პორტუგალიამ 15:10 მოიგო. ჩემი მსაჯობით კმაყოფილი დარჩნენ.

- 18 წელი სპეციფიური ასაკია. ამ ასაკისანი აღარც ბავშვები არიან და არც ზრდასრული მორაგბეები. რა სხვაობაა 18-წლამდელების და დიდების თამაშებს შორის?

- ახალგაზრდებთან მუშაობა უფრო მარტივია. პატარებმა ნაკლები ხრიკები იციან, ვიდრე გამოცდილმა მორაგბეებმა და რასაც ეუბნები, გიჯერებენ. თვითონაც ცდილობენ წესრიგი დაიცვან. დიდებმა შესაძლოა ისე დაარღვიონ წესი, ვერც კი დაინახო და მეტი მობილიზება გმართებს.

- ამ სფეროში თქვენი თვითმიზანი რა არის?

- როგორც ყველა მოთამაშის ოცნებაა, ერთხელ მაინც ითამაშოს მსოფლიო თასზე, ასევეა მსაჯებშიც - მინდა ერთხელ მაინც მოვხვდე მსოფლიო თასზე.

- როდესაც თამაშს უყურებთ, მის მსვლელობას უფრო აკვირდებით თუ მსაჯის ქმედებებას?

- ჩემდაუნებურად, ახლა მსაჯებს მეტად ვაკვირდები. ყველა ეპიზოდზე ვიწყებ ფიქრს, როგორ იქნებოდა უკეთესი, მე როგორ მოვიქცეოდი. ვცდილობ, მაღალი დონის მსაჯებისგან მეტი ვისწავლო.

- სხვა ქართველ მსაჯებზე რას გვეტყვით?

- მე და ნიკას გაგვიმართლა, თორემ საქართველოს ჩემპიონატში ისეთი ბიჭები მსაჯობენ, რომლებიც არაფრით ჩამოგვივარდებიან. „დიდ 10“-ს ექვსი ცენტრალური მსაჯი ვემსახურებით და ყველა ერთ დონეზე ვართ. იმედია, მათაც მიეცემათ საზღვარგარეთ გასვლს შანსი.

- თქვენთან მნიშვნელოვანი სიახლეა. ზაფხულში უკვე „მსოფლიო რაგბის“ ეგიდით, ბუქარესტის ერთა თასზე უნდა იმსაჯოთ.

- პორტუგალიიდან დავბრუნდი თუ არა, მეორე დღესვე მომივიდა მოწვევა, ამჯერად „მსოფლიო რაგბიდან“. მას შემდეგ, რაც თბილისის თასი გაუქმდა, ეს ტურნირი კიდევ უფრო გაფართოვდა, მონაწილეთა რაოდენობა 6-მდე გაიზარდა და მასში არგენტინის „ა“ ნაკრები, „მზარდი იტალია“, რუმინეთის, ურუგვაის, ნამიბიის და ესპანეთის ეროვნული ნაკრებები ითამაშებენ. ზემოთ ვახსენე ხიდი და 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი იყო სწორედ ის ხიდი, რამაც ამ დონეზე გამიყვანა. ეს ჩემთვის სერიოზული გამოწვევაა, რადგან მსოფლიო თასზე მონაწილე სამი ნაკრები ითამაშებს. იმედია, ყველაფერი კარგად ჩაივლის.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080676