ზე-18

21:57 | 22.07.2016 | ნანახია 2083 - ჯერ

სუპერ რაგბი: მოქმედი ჩემპიონი ნახევარფინალშია (+ვიდეო)

დღეს სუპერ რაგბის საპლეიოფო ეტაპი დაიწყო. მეოთხედფინალის პირველ მატჩში ახალზელანდიური „ჰაილენდერსი“ავსტრალიურ „ბრამბისს“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 15:9 მოიგო, რითაც მოქმედმა ჩემპიონებმა ნახევარფინალში ადგილი დაიბევეს.

მატჩის მიმდინარეობას წვიმა დაემთხვა და გარკვეულწილად ესეც იყო მიზეზი იმისა, რომ კანბერას სტადიონზე შეკრებილმა 8 559-მა მაყურებელმა სანახაობრივი და ლელოუხვი თამაში ვერ იხილა. შეხვედრაში სულ ორი ლელო დაიდო და ორივე სტუმრების ანგარიშზეა, მასპინძლებმა კი მხოლოდ სამი ჯარიმის გატანა მოახერხეს.

ანგარიში მე-5 წუთზე გაიხსნა, „ჰაილენდერსის“ მგეზავმა ლიმა საპოაგამ ახლო მანძილიდან ადვილად შეძლო ჯარიმის გატანა. თავის მხრივ, სტუმართა დამრტყმელმა კრისტიან ლილიფანომაც მოახერხა მე-11 და მე-18 წუთებზე ჯარიმები ზუსტად შეესრულებინა. ანგარიში 20 წუთის განმავლობაში უცვლელი იყო, შემდეგ კი „ჰაილენდერსმა“ 14-ფაზიანი შეტევა დაასრულა ლელოთი - მეტოქის კარის წინ შექმნილი რაქიდან აარონ სმიტმა სწრაფად გადაწყვიტა შეტევის მარჯვენა ფრთაზე გაგრძელება, ოთხი ზუსტი პასის შემდეგ ბურთი კიდესთან მდგარ ვაისაკი ნაჰოლოს მიუვიდა, რომელსაც ლელოს დადება აღარ გასჭირვებია, საპოაგას გარდასახვა ზუსტია - 6:10. ამავდროულად, მსაჯმა თამაშგარის წესის დარღვევისთვის მოედნიდან „ბრამბისის“ შუამარბი მეტ ტუმუაც გაასინბინა, რითაც მასპინძლებს დიდი დარტყმა მიადგათ.

მეორე ნახევარში გუნდებმა ჯამში სულ 8 ქულა დააგროვეს. 52-ე წუთზე „ბრამბისის“ 28 წლის მგეზავმა ლილიფანომ ჯარიმა გაიტანა. 56-ე წუთზე კი საპოაგას მართებდა კარგი დასარტყმელი პოზიციიდან ანგარიშის სხვაობა გაეზარდა, მაგრამ მისი შესრულებული ჯარიმა ძელს მოხვდა.

თუმცა „მთიელებმა“ 2 წუთში მაინც მოახერხეს ანგარიშის გაზრდა, ლიმა საპოაგამ ამჯერად სათამაშო სიტუაციაში იყოჩაღა - დაახლოებით ცენტრთან მასპინძელთა მოთამაშის ჯვარზე შეყვანის მცდელობა კარგად წაიკითხა, ბურთი ჩაჭრა და მეტ ფედესს უპასა, რომელიც ხუთმეტრიან ხაზთან კი შეაჩერეს, მაგრამ შეტევაში სტუმართა უპირატესობა დიდი იყო და ლიამ სქუეარის ლელო ვიხილეთ, გარდასახვა არაზუსტია - 9:15. თამაშის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ავსტრალიელები ლელოს დადებასთან ძალიან ახლოს იყვნენ, თუმცა დაცვაში პატრიკ ოსბორნმა ითამაშა ბრწყინვალედ.

ამგვარად, „ჰაილენდერსმა“ სტუმრად გაიმარჯვა, ნახევარფინალში გავიდა და ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნების შანსი ისევ აქვს. სუპერ რაგბის დარჩენილი მეოთხედფინალური მატჩები ხვალ გაიმართება.

უჩა გოგიძე


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.109668