ბორჯღალოსნები

14:02 | 14.07.2016 | ნანახია 7829 - ჯერ

მამუკა გორგოძე - ის, რაც წიგნში ვერ მოხვდა

დღეს ქართველთათვის უსაყვარლეს სპორტსმენს, მამუკა გორგოძეს დაბადების დღე აქვს - 32 წელიწადი შეუსრულდა. მის წიგნზე მუშაობისას მამუკას ცხოვრების უამრავ დეტალს შევეხეთ - ფეხბურთს, კალათბურთს, საყვარელ საქმიანობას, ჰობის და ასე შემდეგ, თუმცა წიგნის სპეციფიკიდან და ფორმატიდან გამომდინარე, მასში ყველაფერი ვერ მოხვდა. საბოლოოდ გადაწყდა, რომ აქცენტი მხოლოდ რაგბიზე გაკეთებულიყო, რითაც მან ჩვენს ქვეყანას გაუთქვა სახელი და ბევრი რამ „გადადებული“ დარჩა.

გთავაზობთ ერთ-ერთ ეპიზოდს მისი საყვარელი საქმიანობიდან - ნადირობიდან, რომელიც ნათლად ასახავს მამუკას შეუპოვარ და მებრძოლ ხასიათს, რაც ყველაზე სასიამოვნო სანახავია და რითაც მოედანზე მყოფი გორგოძე აღაფრთოვანებს რაგბის ქომაგებს. ეს მისი ხასიათის თანდაყოლილი, უმთავრესი შტრიხია და მისი მეშვეობით ის ნებისმიერ სფეროში მიაღწევდა და მიაღწევს წარმატებას.

„ჩაუძირავი გემი“, ანუ ნადირობა ბატებზე

მამუკა გორგოძე 8 წლის იყო ცურვაზე რომ შევიდა და მალევე მიიპყრო წყალბურთის მწვრთნელთა ყურადღება. ეს ის დროა, აუზში კი არა ბევრს წყალი სახლშიც რომ არ ჰქონდა და სპორტის ეს სახეობა უპერსპექტივოდ მოჩანდა. მიუხედავად ამისა, მწვრთნელები უფროსი გორგოძის დაყოლიებას მთელი მონდომებით ცდილობდნენ და პირობას დებდნენ, რომ „პატარა მამუკას ჩაუძირავ გემად“ აქცევდნენ. მე ასე ვიტყოდი - საბედნიეროდ, გორგოძე წყალბურთს არ გაყოლია, თუმცა აუზში გატარებულმა წლებმა ორგანიზმი გაუკაჟა და ცურვა ცხოვრებაშიც გამოადგა. რომ არა ამტანობა და ბავშვობაში ნასწავლი ცურვა, მისი ცხოვრების ეს ეპიზოდი, შესაძლოა, ცუდად დამთავრებულიყო.

მამაკაცი ბუნებით მონადირეა და მამუკასაც ბავშვობიდან შეუყვარდა ეს საქმე. მან 14-15 წლისამ აიღო პირველად ხელში სანადირო თოფი და როგორც უმრავლეს შემთხვევაში, ნადირობისგან მომენტალურად „მოიწამლა“. მეგობრებთან ერთად ეძებდა ყველაფერს, რაშიც შეიძლებოდა ტყვია ყოფილიყო, მერე საგულდაგულოდ არჩევდა, ტყვიას სანადირო სეზონის დაწყებამდე აგროვებდა და საფანტად ადნობდა.
ასეთ „ოპერაციებს“ XX საუკუნის მიწურულსა და XXI საუკუნის გარიჟრაჟზე, როდესაც ქარხნული სანადირო გილზების შოვნა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო და თუ იშოვიდი, ძალიან ძვირი ღირდა, თითქმის ყველა ნადირობის მოყვარული ატარებდა. გადადნობილი საფანტით ძველი, ბაბუისდროინდელი რკინის გილზების დატენვა ხომ ერთი სიამოვნებაა, მით უმეტეს ქალაქელი ბიჭებისთვის, რომლებსაც მსგავსი საქმიანობა შედარებით იშვიათად უწევთ. სწორედ ამ პროცესიდან იწყება ნადირობის და იარაღის სიყვარული. ამის შემდეგ, შეგიძლია თოფი გადაიკიდო და გამთენიიდან დაღამებამდე ისე იბოდიალო ველებზე, ყანებში, ტყეში, დაჭაობებულ ადგილებში, რომ მუხლი არ ჩახარო და თუ შინ მაინცდამაინც ნანადირევით დახუნძლული ვერ დაბრუნდები, ბუნებასთან სიახლოვით სასიამოვნოდ დაღლილს მაინც ტკბილად დაგეძინება.

სწორედ ასე, გამთენიიდან დაღამებამდე, პაპანაქება სიცხეში დაარბენინებდნენ მამუკა და მისი მეგობარი ინგლისურ სეტერს, რომელიც შინ დაბრუნებისას ისეთი დაღლილი იყო, რომ ფეხზე ვერ დგებოდა და არც თანასოფლელი ძაღლების ყეფაზე გამოპასუხების თავი ჰქონდა. ასეთი თავგადასავლებია მიზეზი იმისა, რომ ქალაქელ ბავშვებს სოფელი ყველაზე მეტად უყვართ. ურჩევნიათ არდადეგების პერიოდი სწორედ წინაპართა მიწაწყალზე გაატარონ, ვიდრე, ეგვიპტის პირამიდები და სიყვარულის ქალაქი - პარიზი მოინახულონ.

ნებისმიერ ნადირობას თან ახლავს უამრავი სირთულე და წინააღმდეგობა, რომელთა გადალახვა ნამდვილი სიამოვნებაა და გორგოძესაც არაერთხელ მოუწია სირთულეების გადალახვა. ამან მას ნადირობის ჟინი კიდევ უფრო გაუმძაფრა და აზარტში შესულმა რამდენჯერმე დაუშვებელი რამ ჩაიდინა.

ერთ-ერთი ასეთი, მის ახლობლებში ყველაზე მეტად გახმაურებული შემთხვევა, წითელ ხიდთან, მდინარე ხრამზე მოხდა და ჯანმა და ცურვის კარგად ცოდნამ სიცოცხლე შეუნარჩუნა, თანაც ისე, რომ შინ ნანადირევით ხელდამშვენებული დაბრუნდა.

მოკლედ, თებერვლის მიწურულს დიდ დიღომში, გორგოძეების სახლში შუქი ნაადრევად აინთო. ეს ის დროა, გამთენიას რომ ეძახიან, მაგრამ რეალურად, ზამთარში ნათელი ბევრად უფრო გვიან ეფინება ქვეყანას. უმცროსმა მამუკამ, წინადღითვე რომ იცოდა სანადიროდ მიდიოდა, მთელი ღამე ფიქრებში გაატარა, ლოგინიდანაც საჭიროზე ბევრად ადრე ადგა და მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებრივზე ნელი ტემპით შეუდგა მზადებას, სამზადისი საჭიროზე ერთი საათით ადრე დაასრულა. ასეთი რამ ყველას მოგვსვლია და მნიშვნელოვანი საქმის წინა ღამე ბევრს გაუთენებია თეთრად.

ძილმა ვერც მამუკას მეზობელ ოთახში დაისადგურა. მამას, უფროს მამუკას გული ცუდს უგრძნობდა, ვერ ეგუებოდა, უკვე ჩამოყალიბებული მთაკაცი შვილის, მაგრამ ჯერაც გამოუცდელი ახალგაზრდის მარტო სანადიროდ გაშვებას. მისთვის ყველაზე კარგად იყო ცნობილი, რა სახიფათოა ნადირობა. თავის მხრივ, არც დედას, მანანა ცირეკიძეს ეძინა, რომელიც შვილთან ერთად მეუღლეზეც დარდობდა - ამდენმა ნერვიულობამ და განცდამ რამე არ დამართოსო.

  • იქნებ არ წახვიდე მამა, ამინდიც არაა კარგი, ცივა და გულიც ცუდს მიგრძნობს - ბოლოჯერ სცადა შვილისთვის გადაწყვეტილებაზე ხელის აღებინება, თუმცა წინასწარ იცოდა პასუხი. მამუკას მოლოდინისგან წუთი საათად რომ ეჩვენებოდა, ლამის ყოველ წამს ფანჯარაში იყურებოდა, ნაცნობი მანქანა კი ჯერაც არ ჩანდა.

დედა არაფერს იმჩნევდა და შვილს საგზალს უმზადებდა. მოგშივდებათ ტყეში და ცოტა თავს მოიტყუებთო - ამ სიტყვებით შვილს ჩანთაში იმდენ საჭმელს უწყობდა, ბარე ოცკაციან სუფრას რომ მოისტუმრებდა.

  • კაი დედა, რად მინდა ამდენი - ცდილობდა ტვირთის შემსუბუქებას მამუკა და ჩექმებამოცმულს, საგზალზე მეტად მეგობრის დროულად გამოჩენა ეჩქარებოდა.

ბოლოს შემოსახვევში სინათლეც გამოჩნდა, ქარის ზუზუნში საყვირის ხმაც გაისმა, მაგრამ ეს ზედმეტი იყო, ჩანთა და თოფაკიდებული მამუკა უკვე კიბეს მიუყვებოდა. უფროსი მამუკა შვილს სისწრაფეში როგორ დაეწეოდა, მაგრამ სანამ მანქანაში ბარგს მოათავსებდნენ, მაინც ჩაასწრო ქვევით ჩასვლა, ჯერ შვილის მეგობარს მიესალმა, მალევე ორივეს ერთად დაემშვიდობა და მიაძახა - აბა თქვენ იცით, ხელცარიელი არ დაბრუნდეთ, ფრთხილად იყავით, რამე შარი არ აიკიდოთ - და მანქანა რომ დაიძრა დამწუხრებული მზერა გააყოლა, პირჯვარი გადაისახა და ღმერთს ვაჟის მფარველობა შესთხოვა...

ნადირობის დასაწყისი არცთუ წარმატებული გამოდგა. რამდენიმესაათიანი ხეტიალის შემდეგ, ბიჭებმა გადაწყვიტეს ორად გაყოფილიყვნენ და თითო-თითოდ აყოლოდნენ მდინარე ხრამის ნაპირებს. წითელ ხიდთან ეს მდინარე ფართოდ იშლება, წყალიც საკმაოდ ღრმაა და ნისლში ერთი მხრიდან მეორე ნაპირის გაკონტროლება შეუძლებელი ხდებოდა. გაყოფილებს წარმატების უფრო მეტი შანსი ჰქონდათ. ბატების ხმა მათ ყურს აღიაზიანებდა, მაგრამ ნისლში ფრინველს ვერ ხედავდნენ და ასე ერთ-ერთს მაინც ექნებოდა მიზნის დანახვის საშუალება. არადა, დრო არ ითმენდა და შინ ხელცარიელი დაბრუნება ორივე მათგანს შინაურებისგან ხანგრძლივ დაცინვას უქადდა.

ბიჭები ხმას მიყვნენ და მდინარეს დინების საწინააღმდეგოდ აუყვნენ. ზუსტად არ იცოდნენ, მეგობარი სად იმყოფებოდა, ნისლში ერთმანეთს თითქმის ვერ ხედავდნენ, ამასთან, მთელი სმენა ფრინველისგან მომავალ ხმაზე ჰქონდათ გამახვილებული და ხმა რომ ახლოვდებოდა, თვალიც დაძაბულად ეძებდა წყალსა თუ ცაში მომავალ მსხვერპლს. მამუკა ბორცვს აუყვა, ცოტა ხნით მეტი ყურადღება ბილიკზე გადაიტანა და უკვე ბორცვის თავზე რომ გასწორდა, წყალში ნებიერად მოცურავე რამდენიმე ბატი შენიშნა. აი, თურმე საიდან აღიზიანებდნენ ფრინველები მონადირეებს. ნისლში დაყოფილი გუნდის წევრებიდან, 7-8 ბატი ამ ადგილას დაშვებულიყო წყალში და დანარჩენებს უხმობდა. მამუკას შანსი მიეცა, მაგრამ ამ შანსს გამოყენება უნდოდა, ახლა აუცილებელი იყო მაქსიმალური სისწრაფე და ჩუბინობა, რათა დიდი წვალებით აღმოჩენილი ფრინველი ხელიდან არ დასხლტომოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, დამფრთხალი ბატები ცაში იმ სიმაღლეზე აფრინდებოდნენ, ნისლში მათი ხილვა შეუძლებელი გახდებოდა და ვერც თოფი მიაწვდენდა საფანტს.

ამის გაფიქრებას წამის მეათედი დაჭირდა, მონადირემ სწრაფად შემართა თოფი და ორივე ლულიდან თითქმის ერთდროულად გაისროლა. წყლის ზედაპირზე ხუთი-ექვსი დაჭრილი ბატი აფართხალდა - არის, მიზანმა არ უმტყუნა და სახლშიც ხელცარიელი აღარ დაბრუნდება, მაგრამ ახლა მთავარია მოკლული ნანადირევი წყალმა არ ჩაითრიოს, თორემ ყველაფერი მართლა წყალში ჩაიყრება და იმაზე სწრაფად, სანამ თქვენ ეს სტრიქონები წაიკითხეთ, სანამ ბოლო საფანტი მიაღწევდა ნადავლამდე, მამუკა გორგოძე ბორცვიდან მოწყდა და ზამთრის ყინულოვან მდინარეში თავით გადაეშვა.

მინუს ტემპერატურამ მონადირეს აგრძნობინა, რომ ეს საუკეთესო გადაწყვეტილება არ იყო - სიცივემ კუნთები დაუკრუნჩხა და ამან ცურვა გაართულა. ზამთრის პირობებზე შემოსილმა ტანისამოსმაც ხარბად შეიწოვა წყალი, თავისი წილი ჩექმებმაც აითვისა. სიჩქარეში ხელიდან თოფიც არ გაუშვია და ახლა წყალს ხომ არ გაატანდა?

მაგრამ სიცივეზე ფიქრის დრო აღარ იყო, მამუკამ შეძლებისდაგვარად სწრაფად მიცურა ნადავლთან და მდინარის ზედაპირზე მოფართხალე ფრინველები ცალი ხელით წამოკრიფა – ზოგს კისერში სწვდა, ზოგს ფეხში, ზოგსაც ფრთაში. დაჭრილი ნადავლი უფრო აფართხალდა და ლამის მდინარის შუაგულში შესულ მამუკას უკან მობრუნება გაუჭირდა.

სიცივესა და სიმძიმესთან ჭიდილი ძალიან გართულდა, მონადირეს იმხელა ენერგია წაართვა, ლამის გონების დაკარგვამდე მივიდა, მაგრამ ასე ნაწვალებ ნანადირევზე ხელის გაშვება როგორ იქნებოდა და შესაძლებლობების მთელი რესურსი ჩართო. ნაპირი ძალიან ნელა ახლოვდებოდა, ცოტაც და ის იძულებული გახდებოდა ნანადირევი და საკუთარი თოფი ნადირობის ღმერთისთვის შეეწირა, მაგრამ ფეხქვეშ მიწა რომ შეიგრძნო ფეხიც მოიშველია, ნახევრად ფორთხვით სამშვიდობოს გავიდა. სველი ტანსაცმელი ტანზე რომ მიეკრო სიცივემ უფრო აიტანა, მაგრამ ამას ყურადღება ვეღარ მიაქცია და აქოშინებული იქვე მიწვა.

ოდნავ სულის მოთქმის შემდეგ მან გათოშილი, დაკრუჩხუნილი ხელებით ჩექმების გახდა დაიწყო და ამ დროს წამოადგა თავზე უფროსი მეგობარი, ილია კახოიძე, რომელიც გორგოძესთან ერთად “ლელოში” რაგბს თამაშობდა.

მიუხედავად გადატანილი სირთულეებისა, მამუკა კარგ ხასიათზე იყო - ურთულესი გასაჭირი გადალახა და შინ გამარჯვებული დაბრუნდა. ხუთი ბატი, რომელთაგან თითო, უკვე გასუფთავებული 4-5 კილოს იწონიდა, ნამდვილად კარგი ნანადირევი იყო!

პატიოსანი მონადირე

ნადირობა არც მხოლოდ გართობაა და არც ველური ხორცისმომპოვებლობა. ნადირობა ცხოვრების წესია, ნადირობა ბუნებასთან ჰარმონიული კავშირია, ნადირობა უფრო მეტია, ვიდრე თოფის მიზანში სროლა და გამარჯვებული მონადირის ყბადაღებული სიამაყე.

მამუკა გორგოძე ნადირობის დიდი ტრფიალია. საფრანგეთში წასვლამდე, მამუკას ერთ-ერთი მთავარი ჰობი და დასვენების საშუალება სწორედ ნადირობა იყო. სად არ უნადირია. დაწყებული თბილისისა და რუსთავის შემოგარენიდან და მისი მშობლიური ბაღდათის ტყეებითა და ხევ-ხუვებით დამთავრებული. მაგრამ, ცხოველის მოკვლა მისი თვითმიზანი არასოდეს გამხდარა და რაც ქართველ მორაგბეს ყველაზე მეტად აღიზიანებს და მასში გულრწფელ აღშფოთებას იწვევს - ეს ბრაკონიერობაა.

მამუკა დაუფარავად ამბობს, რომ ბრაკონიერობა მისთვის მიუღებელია და ბრაკონიერები მისი აზრით ძალიან დიდ დანაშაულს სჩადიან. “ბოლო დროს ბრაკოინიერებში ძალიან პოპულარული გახდა ფრინველების სპეციალური აპარატით მოზიდვა და მათი ამოჟუჟვა. ამ აპარატში ფრინველების ხმა აქვთ ჩაწერილი, ხმაზე ფრინველები მიდიან და ბრაკონიერები ხოცავენ. მე ვფიქრობ, რომ ეს გაუმართლებელი საქციელია და ჩვენ ბუნებას ასე არ უნდა მოვექცეთ. ნადირობის მთელი ეშხი ის არის, რომ მიდიხარ, ეძებ, წვალობ, იღლები, უსაფრდები... თუ ეს ყველაფერი არ გიყვარს, არ მოგწონს, გეზარება და ამას ხროცის გამო აკეთებ, მაშინ მიბრძანდი ბაზარში და იქ იყიდე ხორცი. მონადირე ბუნების მეგობარი უნდა იყოს და არა მისი დაუძინებელი მტერი” - ამბობს მამუკა.

მისი აზრით, ბრაკონიერობა საქართველოში ამ ტემპებით თუ გაგრძელდა, მომავალში შეიძლება ბევრი ენდემური (აბორიგენი) ცხოველისა და ფრინველის სახეობა გაქრეს, რაც საქართველოსათვის დიდი ტრაგედია იქნება. განადგურებული სახეობების თავიდან აღდგენა ხომ პრაქტიკულად შეუძლებელია.

მამუკა გორგოძის საყვარელ საქმიანობაზე ვსაუბრობთ და აქვე ვთქვათ, რომ მას ნადირობამ იარაღი განსაკუთრებით შეაყვარა. ნადირობის და იარაღის სიყვარულის შედეგია, საქართველოს რაგბის კავშირმა მამუკას, როგორც ქვეყნის საუკეთესო სპორტსმენს, ჯერ ხანჯლების კომპლექტი რომ აჩუქა - “ყველაზე პატარა ხანჯალი ესპანეთისთვისაა განკუთვნილი, საშუალო რუმინეთისთვის, ხოლო ყველაზე დიდი, თქვენც კარგად იცით ვისთვის” - განაცხადა 2008 წელს, დაჯილდოების ცერემონიალზე სრკ-ს პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ. მერე გორგოძე მეორედაც გახდა საქართველოს საუკეთესო მორაგბე და სრკ-მ ვერტიკალური, ორლულიანი სანადირო თოფი აჩუქა და მისი გაბარიტებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე, სამომავლოდ ზარბაზანს დაპირდა. ამ თოფით მამუკას არასდროს უნადირია და საპატიო ადგილი უკავია მის კოლექციაში.

აწ უკვე საქართველოს ხუთგზის საუკეთესო მორაგბეს ზარბაზანი ვერ აჩუქეს, თუმცა მისი სხეული თავადაა 122 მილიმეტრიანი ჰაუბიცასავით, რომელსაც თამაშისას გონება მართავს. ის ზუსტად ხვდება, როდის შევიდეს კონტაქტში და მოწინააღმდეგეს მძიმე დარტყმა მიაყენოს, ან ხელის ერთი მოძრაობით ჩამოიცილოს, როდის იქნება ყველაზე წარმატებული გარღვევა, როდის გააკეთოს გადაცემა და როდის შეუტიოს რაქიდან „მოპარული“ ბურთით მეტოქის ჩათვლის მოედანს.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
00:27 | 15.07.2016
zausss (6)

stripslashes((strlen('http://www.wavescore.com/video-profile.php?u=KO18dGRA1R&p=15')>0?'http://www.wavescore.com/video-profile.php?u=KO18dGRA1R&p=15':'http://www.wavescore.com/video-profile.php?u=KO18dGRA1R&p=15'))

20:54 | 14.07.2016
ogafa (407)

წარმატებები

20:53 | 14.07.2016
ogafa (407)

წარმატენენი

0.10746