„კელტების ლიგის“, იგივე გინეს პრო 12-ის ჩემპიონი, შალვა მამუკაშვილის „გლაზგო უორიორსი“ პოზიციებს იბრუნებს. შოტლანდიურმა კლუბმა 6-მატჩიანი მოგებათა სერია გამოაცხო და ოთხეულში აღზევდა, თანაც ერთი თამაში რეზერვში აქვს.
მე-19 ტურში სქოთები იტალიაში ქართველი კვაჭის გარეშე ჩავიდნენ და „ბენეტონ ტრევიზოსთან“ გვარიანად ინერვიულეს, თუმცა საბოლოოდ დაგეგმილი 5 სატურნირო ქულა მიითვალეს. სტუმრები ჯონი გრეის ლელოთი და ფინ რასელის გარდასახვით დაწინაურდნენ, რაზეც მასპინძლებმა ორი ზუსტი ჯარიმით უპასუხეს. 28-ე წუთზე „გლაზგოს“ 9-იანმა ჰენრი პირგოსმა ჯარიმა სწრაფად გაათამაშა, დაახლოებით 25 მეტრი იარა და რომ შეაჩერეს, რაქიდან პიტერ ჰორნმა სწრაფად დაარტყა და მეორე ლელოც გავიდა.
მასპინძლებმა გაიბრძოლეს და შესვენებამდე 5 წუთით ადრე ესპოზიტომ ლამაზი იერიში ლელოთი დაასრულა, ზუსტ გარდასახვას მოგვიანებით ჯარიმაც მოყვა და 3 500 მაყურებლის გასახარად ტაიმი „ბენეტონმა“ 16:14 მოიგო. თამაში ორი წუთის განახლებული იყო, როდესაც სტუმართა იტალიელმა ლეგიონერმა, „გლაზგოში“ „ბენეტონიდან“ მიმდინარე სეზონის წინ გადასულმა სიმონე ფავარომ სტუარტ ჰოგის ოფლოუდი შეირგო და თანამემამულეები დაალელოვა.
ჰოგი იმ დღეს მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო, საათის თავზე მასპინძელთა მცველებს შორის გაინავარდა და პრემიალური ლელო გაიტანა. დარჩენილ დროში „მებრძოლებმა“ მეტოქეს კიდევ ორი ლელო დაუმიწეს და საბოლოოდ 38:16 დაამარცხეს. 8 აპრილს „გლაზგო“ იტალიის მეორე გუნდ „ძებრესთან“ გადადებულ შეხვედრას გამართავს და გამარჯვების შემთხვევაში მესამე ადგილზე აღზევდება, თანაც ლიდერებთან ჩამორჩენას ერთი მოგების ფარგლებში შეამცირებს.
ტურის ცენტრალურ მატჩს, ირლანდიურ დერბის „ლენსტერსა“ და „მანსტერს“ შორის „ავივაზე“ 43-ათასზე მეტი მაყურებელი დაესწრო. თამაში მგეზავების, ჯონათან სექსტონისა და ჯონი ჰოლანდის დუელს დაემსგავსა, რომელშიც „ლენსტერის“ 10-იანმა სექსტონმა იმარჯვა - მან კონკურენტზე ერთით მეტი ჯარიმა გაიტანა. პირველ ტაიმში „მანსტერის“ ორ ჯარიმას „ლენსტერმა“ ერთი ზუსტი დარტყმით უპასუხა, მერე კაცნაკლულ მეტოქეს მაგრად მიეძალა და სექსტონმა ზედ კარის წინ გაჩენილი სივრცით ისარგებლა - 10:6
47-ე წუთზე ჰოლანდი ალამთან მცველებს შორის გაძვრა და ლელოს მიწვდა, მერე სექსტონის მსგავსად გარდასახვაც გამოიყენა და „მანსტერს“ ლიდერობა დაუბრუნა. სექსტონმა ჯარიმით წონასწორობა 50-ე წუთზე აღადგინა, ხოლო 63-ზე მასპინძლები დააწინაურა. სტუმრებს შეეძლოთ წონასწორობის აღდგენა, მაგრამ მათი ჯარიმა არაზუსტი იყო და „ლენსტერი“ სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა.
კიდევ ერთ ირლანდიურ დერბიში, აწ უკვე ყოფილი ლიდერი „კონახტი“ „ოლსტერთან“ 10:18 დამარცხდა. „კონახტს“ ბელფასტში 1960 წლის შემდეგ არ მოუგია და უსიამოვნო ტრადიცია ვერც ამჯერად დაარღვია. ჩრდილოეთ ირლანდიაში თამაშს 16-ათასზე მეტი მაყურებელი დაესწრო და პირველ ტაიმში პედი ჯექსონის ორი ჯარიმით და რორი ბესტის ლელოთი გაიხარეს - 11:3. თამაშის განახლებისთანავე კრეიგ გილროიმ ჯარედ პეინის სუპერ ოფლოუდი შეირგო და 18:3. „კონახტმა“ ერთი საპასუხო ლელო 54-ე წუთზე გაიტანა და გარდასახვაც გამოიყენა, მაგრამ „ოლსტერი“ იმ დღეს უკეთესი იყო და სტუმრებს გაუმართლათ დასკვნით 8 წუთში 13 კაცის ამარა ლელო რომ არ გაუშვეს - 18:10.
უელსურ დერბებში სტუმრებმა იმარჯვეს. „კარდიფმა“ „სკარლეტს“ ერთის წილ სამი ლელო გაუტანა და მოულოდნელად 28:22 იმარჯვა. ამით კარდიფელების ოთხეულში შესვლის შანსი დიდად არ გაზრდილა, აი „სკარლეტსმა“ კი, დიდი შანსია იქ ადგილი დაკარგოს. მხიარულ მატჩში „ნიუპორტისგან“ სამი ლელო გაუშვა „ოსპრეიზმა“, მაგრამ თავად ოთხი გაიტანა და 26:20 იმარჯვა. ტურის კიდევ ერთ შეხვედრაში „ედინბურგმა“, რომელიც ოთხეულში შესვლის შანსს ინარჩუნებს, „ძებრე“ მშრალზე დატოვა და 29:0 დაამარცხა, ოღონდ მეოთხე, პრემიალური ლელო მატჩის მიწურულსღა გაიტანა და ამ მხრივ გვარიანად ინერვიულა.
პრო 12. XIX ტური
ნიუპორტი [უელსი] - ოსპრეიზი [უელსი] 20:26
ედინბურგი [შოტლანდია] - ძებრე [იტალია] 29:0
ოლსტერი [ირლანდია] - კონახტი [ირლანდია] 18:10
ბენეტონი [იტალია] - გლაზგო [შოტლანდია] 16:38
ლენსტერი [ირლანდია] - მანსტერი [ირლანდია] 16:13
სკარლეტსი [უელსი] - კარდიფი [უელსი] 22:28
1. | ლენსტერი | 19 | 14 | 0 | 5 | 372:218 | 63 | 7 |
2. | კონახტი | 19 | 13 | 0 | 6 | 437:363 | 63 | 11 |
3. | სკარლეტსი | 19 | 13 | 0 | 6 | 418:361 | 58 | 6 |
4. | გლაზგო | 18 | 11 | 1 | 6 | 391:332 | 56 | 10 |
5. | ოლსტერი | 19 | 11 | 0 | 8 | 365:258 | 55 | 11 |
6. | მანსტერი | 19 | 11 | 0 | 8 | 387:348 | 53 | 9 |
7. | ედინბურგი | 19 | 11 | 0 | 8 | 346:288 | 52 | 8 |
8. | კარდიფი | 19 | 9 | 0 | 10 | 466:396 | 48 | 12 |
9. | ოსპრეიზი | 19 | 9 | 1 | 9 | 377:372 | 44 | 6 |
10. | ნიუპორტი | 19 | 4 | 0 | 15 | 303:383 | 26 | 10 |
11. | ძებრე | 18 | 4 | 0 | 14 | 220:536 | 19 | 3 |
12. | ბენეტონი | 19 | 2 | 0 | 17 | 269:496 | 16 | 8 |
8 აპრილი. გადადებული მატჩი
ძებრე - გლაზგო
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია