არგენტინის ნაკრები გახდა პირველი გუნდი, რომელმაც მანჩესტერში მიმდინარე 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე თასის ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.
საფრანგეთისა და სამხრეთ აფრიკის ძლევის შემდეგ, როგორც მოსალოდნელი იყო, დასკვნით მატჩში „პუმიტასმა“ იაპონელი თანატოლებიც დაამარცხა. ტრადიციულად, აზიელებს კარგი დასაწყისი ჰქონდათ და სანამ მეტოქე გონს მოეგებოდა მოეაკიოლასა და ტატაფუს ლელოებით დაწინაურდა, თუმცა მოეაკიოლამ ვერცერთი გარდასახვა ვერ გამოიყენა და მერე ჯარიმაც გაუცუდდა.
ამასობაში არგენტინელები ამოქმედდნენ და ბაროს სოსამ 7 წუთში დუბლი შეასრულა. მეორე ლელო მიოტიმ გარდასახა და სამხრეთელები 12:10 დაწინაურდნენ. 32-ე წუთზე იაპონიამ ჯარიმით უპირატესობა დაიბრუნა, თუმცა ტაიმის ბოლოს მიოტიმ ლელო დადო და ტაიმი 15:13 დასრულდა. ზევით ტრადიცია ვახსენეთ და ასევე ტრადიციულად, მეორე ტაიმში ფავორიტმა არგენტინამ ბოლომდე აიშვა. კრემერიმ 42-ე, ხოლო რომანინიმ 56-ე წუთებზე ლელოები მიითვალეს და პრემიალური ქულის გარდა, არგენტინამ მოგებაც დაიბევა - 29:13.
იაპონელებს დასაკარგი არაფერი ჰქონდათ და 62-ე წუთზე დუბლი უკვე ტატაფუმ გაიფორმა, ხოლო მოეაკიოლამ გარდასახვით ჩამორჩენა 9 ქულამდე დაიყვანა. აქ უფრო მნიშვნელოვანი ის იყო, შეძლებდა თუ ვერა იაპონია მეოთხე, პრემიალური ლელოს დადებას. დრო საკმარისზე მეტი იყო და ლელო მართლაც გავიდა, ოღონდ 64-ე წუთზე ბურთი არგენტინელმა კასტილიონიმ დაამიწა. მიოტო გარდასახვიდან კვლავ არ შეცდა, 10 წუთში ელიასმა ჯარიმით უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა და არგენტინამ 39:20 მოგებით 5 ქულა მიითვალა, ხოლო იაპონია მშრალზე დარჩა.
ამრიგად, არგენტინამ C ჯგუფში პირველი ადგილი და თასის ნახევარფინალში თამაში გაინაღდა, ხოლო დღეს საღამოს, თბილისის დროით 22:45 საათზე სამხრეთ აფრიკა და საფრანგეთი შეიბმებიან და ერთ-ერთი მათგანი ეცდება სამ ჯგუფში მეორეადგილოსნებს შორის საუკეთესო მაჩვენებელი დააგროვოს, რათა ნახევარფინალში გავიდეს.
1. | არგენტინა | 3 | 3 | 0 | 0 | 82:48 | 13 |
|
2. | სამხრეთ აფრიკა | 2 | 1 | 0 | 1 | 72:38 | 6 |
|
3. | საფრანგეთი | 2 | 1 | 0 | 1 | 61:38 | 5 |
|
4. | იაპონია | 3 | 0 | 0 | 3 | 53:144 | 0 |
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
არგენტინას ყოჩაღ რა. რამდენად პროგრესირებს გუნდი